შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 20.07.2009
საქმის ნომერი
2კ-63აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

63აპ.-09 20 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ბ-ის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-ის, ი. Lლ-სა და მსჯავრდებულების – დ. Gგ-ის, ნ. Gგ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:

1. ე. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, სასჯელად განესაზღვრა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 5 ივნისიდან.

ე. ბ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2. დ. Gგ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 5 ივნისიდან.

3. ნ. Gგ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ისინი სასჯელს იხდიან 2008 წლის 5 ივნისიდან.

დ. გ-სა და ნ. Gგ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

განაჩენით ე. ბ-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში, დიდი ოდენობით გასაღებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში. იმავე განაჩენით დ. Gგ-სა და ნ. Gგ-ს მსჯავრი დაედოთ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2007 წელს ე. ბ-ე სამუშაოდ იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ს-ში, სადაც გაიცნო ნარკოტიკებით მოვაჭრე, ძიებით დაუდგენელი მამაკაცი. მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში ე. ბ-ემ განიზრახა, წასულიყო თურქეთში, შეეძინა ნარკოტიკული საშუალება და საქართველოში უკანონოდ შემოეტანა შემდგომში მისი რეალიზაციისა და მოხმარების მიზნით. დანაშაულებრივი განზრახვა მან გაანდო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მომხმარებლებს _ ნ. Gგ-სა და დ. Gგ-ს, რომლებსაც შეჰპირდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ მათაც მისცემდა ნარკოტიკული საშუალების ნაწილს.

2008 წლის 3 ივნისს ე. ბ-ე ჩავიდა ქ. სტამბულში, სადაც ნაცნობი მამაკაცისაგან უკანონოდ შეიძინა 4, 643 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავდა 2, 7858 გრამზე მეტ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. მისი ნაწილი ე. ბ-ემ ადგილზევე მოიხმარა, ხოლო დარჩენილი ნაწილი _ 4, 643 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი შეინახა მკერდის არეში, სამედიცინო ბინტსა და სხეულს შორის. მას დაზიანებული აქვს მარცხენა ლავიწის ძვალი, რის გამოც სამედიცინო ბინტით შეხვეული ჰქონდა მარცხენა ხელი და მკერდი.

მ/წლის 5 ივნისს ე. ბ-ემ სარფის საბაჟო პუნქტის გავლით გადალახა თურქეთ-საქართველოს საზღვარი და საქართველოში შემოიტანა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2, 7858 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. ამის შემდეგ დაურეკა ნ. Gგ-ს, დ. გ-ს და სთხოვა, დახვედროდნენ ქარელის რაიონის სოფელ ---, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სადაც მათ საჩუქრად გადასცემდა ნარკოტიკებს.

ე. ბ-ე მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია -...., დ. Gგ-ი ნომრით _ ...., ხოლო ნ. Gგ-ი ნომრით _ ... მთელი დღის განმავლობაში სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

დაახლოებით 22.40 საათზე თურქეთის რესპუბლიკიდან ქ. თბილისის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო ავტობუსში მყოფმა ე. ბ-ემ სოფელ მ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ნ. Gგ-ის კუთვნილი, „ოპელ-ასტრას“ მარკის ავტომობილი, რის გამოც მძღოლს გააჩერებინა ავტობუსი, ჩავიდა, ჩაჯდა ზემოაღნიშნულ ა/მანქანაში და ნ. Gგ-ს საჩუქრად გადასცა, ე.ი. მასზე უკანონოდ გაასაღა 0, 229 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით _ 0, 1374 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, ხოლო დ. გ-ს საჩუქრად გადასცა, ე.ი. მასზე უკანონოდ გაასაღა 0, 382 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავს დიდი ოდენობით _ 0, 2292 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

ე. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედებები ცნობილი გახდა ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებისათვის, რომლებმაც მიმდინარე წლის 5 ივნისს, 22.45 საათზე, დააკავეს იგი და ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს მისგან ამოიღეს მის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული, გადაზიდული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი 4, 032 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 2, 4192 გრამ ნარკოტიკულ საშუალება _ „ჰეროინს“. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ასევე ნ. გ-სა და დ. Gგ-ს, რა დროსაც მათგან ამოღებულ იქნა ე. ბ-ის მიერ საჩუქრად გადაცემული ნარკოტიკული ნივთიერება _ „ჰეროინი“.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ე. ბ-ემ, დ. Gგ-მა, ნ. Gგ-მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა.

მსჯავრდებულმა ე. ბ-ემ სააპელაციო საჩივარით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში გამართლება იმ მოტივით, რომ მას საქართველოში არ შემოუტანია ნარკოტიკული საშუალება, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა და უკანონოდ დასდო მსჯავრი ამ დანაშაულის ჩადენაში. რაც შეეხება მასზე ბრალად შერაცხულ აღნიშნულ დანაშაულებს, რაშიც მან თავი სავსებით ცნო დამნაშავედ, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ პირველად არის სამართალში, აღიარა და მოინანია ჩანადენი, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები, პენსიონერი, ავადმყოფი დედა, ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

მსჯავრდებულებმა _ დ. Gგ-მა, ნ. გG-მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ პირველად არიან სამართალში, აღიარეს და მოინანიეს ჩანადენი, კმაყოფაზე ჰყავთ მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, დ.Gგ-ი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილე, არც ერთ მათგანს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა და მათთვის მინიმალური სასჯელის შეფარდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

დ. გ-სა და ნ. გ-ს სასჯელად განესაზღვრათ 10-10 (ათ-ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა: ე. ბ-ემ, დ. გ-მა, ნ. გ-მა და ე. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – შ. ხ-ემ და ი. ლ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულებმა _ ნ. გ-მა და დ. გ-მა აღიარეს, მოინანიეს ჩადენილი დანაშაული და ითხოვეს სასჯელის მინიმუმის შეფარდება.

Mსჯავრდებულმა ე. ბ-ემ და მისმა ადვოკატებმა – შ. ხ-ემ, ი. ლ-მ ითხოვეს უკანონო, დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ე. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ნ. Gგ-ისა და დ. Gგ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების _ შ. ხ-ის, ი. ლ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება ნ. GგG-სა და დ. Gგ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რადგან საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა მათ მიმართ ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და მათ ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. რაც შეეხება ნ. Gგ-სა და დ. Gგ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ იგი თავისი ზომით, სიმკაცრის გამო, არ არის აშკარად უსამართლო. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულთა ქმედების სიმძიმეს, მათ პიროვნებას და თვლის, რომ ამჟამად დ. Gგ-სა და ნ. Gგ-ის სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

პალატა ასევე არ ეთანხმება ე. ბ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-ის, ი. ლ-ს მოთხოვნას განაჩენის გაუქმებისა და მსჯავრდებულ ე. ბ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ეჭვმიტანილთა დაკავების, პირადი ჩხრეკის, ამოღების ოქმებით, ბრალდებულთა დაკითხვის ოქმებით, მსჯავრდებულ ე. ბ-ის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, მსჯავრდებულების – დ. Gგ-სა და ნ.Gგ-ის აღიარებითი ჩვენებებით, მოწმეების: ლ. ყ-ის, ე. მ-ის, ნ. Mმ-ის, მ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოსა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებით, 2008 წლის 7 ივნისის დადგენილებებით მსჯავრდებულებისათვის ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, საზღვრის გადაკვეთის დამადასტურებელი ცნობით, შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების ნუსხითა და საქმის სხვა მასალებით ე. ბ-ის, ნ. Gგ-სა და დ. Gგ-ის მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის გარდა, დადასტურებულია, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.

ე. ბ-ის მიმართ შერაცხული მსჯავრდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ემყარება მხოლოდ ბრალდების მოწმეების – ქარელის შს რაიონული სამმართველოსა და საუბნო განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლების: ლ. ყ-ის, ე. მ-ის, ნ. მ-ის, მ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 5 ივნისს, 22.45 საათზე, სოფელ ---, მომწვანო ფერის ა/მანქანა „ოპელ-ასტრაში“ დააკავეს ე. ბ-ე, ნ. Gგ-ი, დ. Gგ-ი და პირადი ჩხრეკის დროს მათგან ამოიღეს ფხვნილი და გრანულები, რომელიც შემდგომი შემოწმების შედეგად აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება _ „ჰეროინი“.

თავად მსჯავრდებულმა ე. ბ-ემ წინასწარ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 9 წელია ღებულობს ნარკოტიკს. 2008 წლის 3 ივნისს ავტობუსით წავიდა თურქეთში, სადაც ნაცნობი რეალიზატორისაგან 240 აშშ დოლარად შეიძინა 12 ცალად დაფასოებული „ჰეროინი“, 5 ივნისს იგი გადმოიტანა საქართველოს საზღვარზე, სადაც საბაჟო შემოწმებისას მესაზღვრეებმა ვერ აღმოუჩინეს. მობილური ტელეფონით, რომლის ნომერია .... დაუკავშირდა ნ. Gგ-სა და დ. გ-ს, სთხოვა დახვედროდნენ მანქანით სოფელ --- და რადგან იცოდა, რომ ისინი იყვნენ ნარკოტიკების მომხმარებელნი, დაჰპირდა ნარკოტიკების საჩუქრად გადაცემას, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.

სასამართლოში საქმის განხილვის დროს ე. ბ-ემ შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში. „იგი ნაცნობმა თურქმა სარფში, საჩაიე-კაფეში გადმომცა. რაც შეეხება გასაღებას, მე არ ვარ ნარკოტიკების გამსაღებელი, იგი მე დ-ს და ნ-ს ვაჩუქე, მათთვის იმაში ფული არ გამომირთმევია“.

ანალოგიური ჩვენება მისცეს მსჯავრდებულებმა – დ. გ-მა და ნ. გ-მა. მათ განაცხადეს, რომ ე. ბ-ემ მათ ნარკოტიკი აჩუქათ, ფული არ გამოურთმევია. ნარკოტიკი პირადი ჩხრეკის დროს პოლიციამ ამოიღო მათგან.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ბ-ის მიმართ საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან 2008 წლის 5 ივნისს თურქეთიდან საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული ნივთიერება, რის გამოც იგი იმავე დღეს დააკავეს ქარელის რაიონის ტერიტორიაზე.

საქართველოს სისხლის სამართლის კერძო ნაწილის შესაბამისად, „უკანონო შემოტანაში» იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა საქართველოში, ე.ი. როდესაც პირი გადმოლახავს საქართველოს საზღვარს. თუმცა, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებისას ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ე. ბ-ის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ნარკოტიკის შეძენისა და საქართველოში მის უკანონოდ შემოტანის ფაქტს. ამ ნაწილში განაჩენი ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს.

საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვისას დამტკიცდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე, ხოლო იმავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, «ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.»

სააპელაციო სასამართლოს ყურადღების გამახვილება ე. ბ-ის აღიარებით ჩვენებაზე წინასწარ გამოძიებაში, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთან, როგორც დაცვის მხარე აცხადებს, ე. ბ-ის აღიარებითი ჩვენება განაპირობა არაკვალიფიციურმა დაცვამ, ასევე გამომძიებლის მხრიდან მოტყუებამ და ზეწოლამ, რის საფუძველზეც მასთან უნდა გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.

საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, ,,ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება სხვა მტკიცებულებებით, საკმარისი არ არის მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის. განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას».

არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას არ ყოფილა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ე. ბ-ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტს.

პალატის აზრით, ე. ბ-ის მიმართ საქმე განხილულ იქნა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევით, კერძოდ: წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარდა სისხლის სამართალწარმოების გამომრიცხავი საფუძვლების არსებობისას; სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბრალდების მხარის მიერ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მიცემული ჩვენებები ნაკლებ სარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებებითაა გამყარებული და, შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლოს საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად».

ამდენად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

ე. ბ-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ე. Bბ-ეს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით შეფარდებული 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის III ნაწილის ,,ა», 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ დ. გ-სა და ნ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ე. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ხ-სა და ი. ლ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 25 დეკემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულ ე. ბ-ის სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:

ე. ბ-ს მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

ე. ბ-ეს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის IV ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და სასჯელად დარჩეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით შეფარდებული 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.