საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.10.2009
საქმის ნომერი
2კ-544აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

544აპ-09 ქ. თბილისი

20 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 28 აპრილის განაჩენზე.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განაჩენით თ. გ-ძე, _ დაბადებული ......... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» და იმავე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; მასვე სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა 26161 (ოცდაექვსი ათას ას სამოცდაერთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მთლიანად დაემატა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 (ორი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 21 (ოცდაერთი) დღე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი და იმავე განაჩენით დანიშნული ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის შედეგად მსჯავრდებულ თ. გ-ძეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 21 (ოცდაერთი) დღე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასაწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 7 (შვიდი) თვე და 11 (თერთმეტი) დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ თ. გ-ძეს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, 4 (ოთხი) თვითა და 19 (ცხრამეტი) დღის ვადით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2009 წლის 20 იანვრიდან, მასვე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. იმავე განაჩენით თ. გ-ძეს დაეკისრა 28161 (ოცდარვა ათას ას სამოცდაერთი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: თ. გ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში. თ. გ-ძეE ცნობილ იქნა დამნაშავედ იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. იმავე განაჩენით, სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით მსჯავრდებულ თ. გ-ძისათვის დაკისრებული თანხა _ 26161 (ოცდაექვსი ათას ას სამოცდაერთი) ლარი შემცირდა 25721 (ოცდახუთი ათას შვიდას ოცდაერთ) ლარამდე და, შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. გ-ძეს დაეკისრა აღნიშნული თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. იმავე განაჩენით რაიონული სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 მაისის განაჩენით თ. გ-ძისათვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 2000 (ორი ათასი) ლარის გადახდის თაობაზე. მსჯავრდებულ თ. გ-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დღიდან დაკავებისა _ 2008 წლის 18 ივნისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში თ. გ-ძის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ თ. გ-ძის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 28 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.