შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 11.11.2009
საქმის ნომერი
2კ-548აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

548აპ.-09 11 ნოემბერი, 2009 წელი

თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ ო. დ-ძის

პროკურორ _ ა. ს-შვილის

ადვოკატების _ მ. ფ-იას, ნ. დ-იას

მსჯავრდებულ – ზ. ს-ძის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ კ. ქ-თარისა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. ფ-იას, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. ს-ძისა და მისი დამცველის, ადვოკატ ნ. დ-იას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 იანვრის განაჩენით: კ. ქ-თარი _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე ორი ეპიზოდისათვის: თითოეულ ეპიზოდში _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, მას ასევე დაენიშნა დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა თითოეულ ეპიზოდში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილთან _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, რის გამოც კ. ქ-თარს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, აგრეთვე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა _ 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;

ზ. ს-ძე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტისა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე ორი ეპიზოდისათვის: თითოეულ ეპიზოდში _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. ს-ძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

ზ. გ-ძე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ორი ეპიზოდისათვის: ერთ ეპიზოდში _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, მეორე ეპიზოდში კი _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, მას ასევე დაენიშნა დამატებითი სასჯელი _ ჯარიმა, თითოეულ ეპიზოდში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. გ-ძეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

განაჩენით კ. ქ-თარსა და ზ. ს-ძეს მსჯავრი დაედოთ ქურდობისათვის, ჩადენილი ორ ეპიზოდად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ზ. გ-ძეს იმავე განაჩენით მსჯავრი დაედო წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენისათვის, ჩადენილი ორ ეპიზოდად, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის ივნისის ბოლოს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ღამით, ზ. ს-ძემ და პირობით მსჯავრდებულმა კ. ქ-თარმა, დაუდგენელ პირთან ერთად, კულტურის სახლის შენობის სახურავიდან ფარულად მოხსნეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 50 ცალი თუნუქის ე.წ. «გოფრირებული» ფირფიტა, საიდანაც 5 ცალი 2008 წლის 29 ივნისს ჩააბარეს ჯართის მიმღებ პუნქტში, ხოლო დარჩენილი ფირფიტები, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2008 წლის 6 ივლისიდან 8 ივლისამდე პერიოდში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, სახლში მიუტანეს და მიჰყიდეს ზ. გ-ძეს. ამ უკანასკნელმა, სურდა რა თავისი საცხოვრებელი სახლის გადასახურად იაფად შეეძინა თუნუქის ფირფიტები, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო კ. ქ-თარის მიერ ამ ფირფიტების დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ, გადაუხადა მას (კ. ქ-თარს) შეპირებული თანხა _ 500 ლარის ოდენობით და შეიძინა ისინი. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიადგა 400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

მათვე (ზ. ს-ძემ და კ. ქ-თარმა) 2008 წლის 10 ივლისს, ღამით, დაახლოებით 23 საათიდან 4 საათამდე დროის შუალედში, დაუდგენელ პირებთან ერთად, კულტურის სახლის შენობის სახურავიდან ფარულად მოხსნეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს 58 ცალი თუნუქის ე.წ. «გოფრირებული» ფირფიტა, რომლის ნაწილიც, წინასწარი შეთანხმებისამებრ, იმავე ღამეს სახლში მიუტანეს ზ. გ-ძეს. ამ უკანასკნელმა, სურდა რა თავისი საცხოვრებელი სახლის გადასახურად იაფად შეეძინა თუნუქის ფირფიტები, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო კ. ქ-თარის მიერ ამ ფირფიტების დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ, მეორე დღესვე (2008 წლის 11 ივლისს) გადაუხადა მათ შეპირებული თანხა _ 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს _ გამგეობას მიადგა 464 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ კ. ქ-თარმა, ზ. ს-ძემ და მათმა დამცველმა ადვოკატებმა _ მ. ფ-იამ და ნ. დ-იამ, აგრეთვე _ მსჯავრდებულმა ზ. გ-ძემ.

აპელანტი, ზ. ს-ძე და მისი დამცველი, ადვოკატი ნ. დ-ია თავიანთი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის _ თავისუფლების აღკვეთის _ ზომის შემცირებას შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებში.

აპელანტი, კ. ქ-თარი და მისი დამცველი, ადვოკატი მ. ფ-ია თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ მსჯავრდებულის ქმედების დაკვალიფიცირებას, ნაცვლად ქურდობისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან თვლიდნენ, რომ კ. ქ-თარმა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა, ამასთან, ეს დანაშაული მან ჩაიდინა მხოლოდ ერთხელ.

მსჯავრდებული ზ. გ-ძე თავისი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მისი მსჯავრდების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მისთვის შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას.

სააპელაციო საჩივრები განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2009 წლის 6 მაისის განაჩენით, არ დააკმაყოფილა რა დაცვის მხარის საჩივრები, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში შეიტანა შემდეგი ცვლილებები: კ. ქ-თარისა და ზ. ს-ძის მსჯავრდებიდან ამორიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე, როგორც მსჯავრდების ზედმეტად შერაცხულ ნაწილზე, ვინაიდან იგი მოცული იყო იმავე მუხლის უფრო მძიმე ნაწილით, რომლითაც მსჯავრდებულ იქნენ ისინი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმავე განაჩენით მსჯავრდებულ ზ. გ-ძეს მისთვის შერაცხული დანაშაულის ერთ ეპიზოდში დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით _ შეუმცირა 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ მას ძირითად სასჯელად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ნაცვლად 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვისა. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ქ-თარმა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ-იამ, აგრეთვე მსჯავრდებულმა ზ. ს-ძემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-იამ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები _ კ. ქ-თარი და მ. ფ-ია თავიანთი საჩივრით ითხოვენ მსჯავრდებულ კ. ქ-თარის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან იმავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და მის მსჯავრდებას ამ დანაშაულის ერთი ეპიზოდისათვის შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:

სააპელაციო სასამართლომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა კ. ქ-თარის მიერ ჩადენილ ქმედებას, რადგან ცალმხრივად და არაობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რამაც გამოიწვია ზედმეტად მკაცრი სასჯელის დანიშვნა; განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან; სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო მხოლოდ დაუდასტურებელი ეჭვი და ვარაუდი; სასამართლომ განაჩენის დადგენისას მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ზ. ს-ძე კატეგორიულად უარყოფს კ. ქ-თარის მონაწილეობას ქურდობის ჩადენაში; ფაქტობრივად დაუდგენელია, ობიექტიდან თუნუქის რამდენი ფირფიტა არის მოპარული; მსჯავრდებულებს შორის მიმდინარე სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერებით კი მათი ბრალეულობა არ დგინდება.

კასატორები _ მსჯავრდებული ზ. ს-ძე და მისი დამცველი, ადვოკატი ნ. დ-ია თავიანთი საჩივრით ითხოვენ ზ. ს-ძის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემცირებას და მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის დანიშვნას შემდეგი მოტივებით:

სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არაჯეროვნად შეაფასა მსჯავრდებულ ზ. ს-ძის პიროვნება და არ გაითვალისწინა ის შემამსუბუქებელი გარემოებები, რომლებიც, კანონის თანახმად, უნდა ყოფილიყო სასჯელის შემსუბუქების საფუძველი, კერძოდ, ზ. ს-ძე პირველად არის სამართალში, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; ზ. ს-ძეს ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე _ მეორე ჯგუფის ინვალიდი და, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობასა და მეთვალყურეობას და რომელსაც ზ. ს-ძის გარდა სხვა არავინ ჰყავს მზრუნველი; ამასთან, ერთ-ერთი შვილიც ავადმყოფი და მისახედია; გარდა ამისა, თვით ზ. ს-ძე ხასიათდება დადებითად, აქვს შეუბღალავი წარსული; გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპარული თუნუქის ფირფიტები დაუბრუნდა დაზარალებულ ორგანიზაციას და ფაქტობრივად მას ზ. ს-ძის ქმედებით ზარალი არ მიუღია.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას კასატორებმა _ კ. ქ-თარის დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ-იამ, მსჯავრდებულმა ზ. ს-ძემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-იამ მხარი დაუჭირეს თავიანთი საკასაციო საჩივრების მოთხოვნას. აღნიშნულ საჩივრებში მითითებული მოტივების საფუძველზე ადვოკატმა მ. ფ-იამ იშუამდგომლა პალატის წინაშე იმის თაობაზე, რომ გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ კ. ქ-თარის სასიკეთოდ, კერძოდ: მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტიდან (ორი ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სასჯელი დაენიშნოს შესაბამისი სანქციის ფარგლებში.

მსჯავრდებულმა ზ. ს-ძემ და ადვოკატმა ნ. დ-იამ იშუამდგომლეს პალატის წინაშე იმის თაობაზე, რომ განაჩენი შეიცვალოს სასჯელის ნაწილში და, მათ მიერ მითითებული შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, ზ. ს-ძეს ჩადენილი ქმედებისათვის განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომა.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ა. ს-შვილმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრების მოთხოვნებს, ვინაიდან ისინი მიიჩნია უსაფუძვლოდ. მან აღნიშნა, რომ ზ. ს-ძე რეალურად არ აღიარებს დანაშაულს, რადგან ბრალდების მიხედვით, მან ქურდობა ჩაიდინა კ. ქ-თართან ერთად, რაც დადასტურებულია საქმის მასალებით. მიუხედავად ამისა, ზ. ს-ძე კატეგორიულად უარყოფს კ. ქ-თარის მონაწილეობას ქურდობაში. სასამართლომ გაითვალისწინა მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ისე განუსაზღვრა შედარებით მსუბუქი სასჯელი კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ ა. ს-შვილის აზრით, არ არსებობს მსჯავრდებულ ზ. ს-ძის მიმართ სასჯელის შემსუბუქების კანონიერი საფუძველი. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. ქ-თარს, დაცვის მხარის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია ქურდობა, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს, რადგან ზ. ს-ძესთან ერთად ქურდობაში მისი მონაწილეობა დადასტურებულია საქმეში არსებული მასალებით. ამასთან, დაცვის მხარე ვერ უთითებს, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატება გასაჩივრებული განაჩენის დაუსაბუთებლობა, ანდა სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ცალმხრივად შეფასება. არასწორია დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედების ერთი და არა _ ორი ეპიზოდი, რადგან თვით მსჯავრდებულების ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ დანაშაული მათ ორჯერ ჩაიდინეს. საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, მათ შორის _ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, მოპოვებულია კანონიერი გზით და ამ მხრივ განაჩენი არის დასაბუთებული, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულ კ. ქ-თარის სასარგებლოდ შეცვლის საფუძველი.

საბოლოოდ პროკურორმა ა. ს-შვილმა, მის მიერ წარმოდგენილი მოტივებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის წინაშე იშუამდგომლა იმის თაობაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ზ. ს-ძისა და კ. ქ-თარის მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორებს უარი ეთქვათ თავიანთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. ქ-თარისა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. ფ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ ზ. ს-აძისა და მისი დამცველის, ადვოკატ ნ. დ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება საფუძველი მსჯავრდებულ კ. ქ-თარისა და მისი ადვოკატის დაცვითი პოზიციის გასაზიარებლად. ისინი თავიანთ საჩივარში მიუთითებენ, რომ კ. ქ-თარს ქურდობა არ ჩაუდენია, მან მხოლოდ დანაშაულებრივი გზით (ქურდობით) მოპოვებული თუნუქის ფურცლები შეიძინა, რომლებიც შემდეგ მიჰყიდა ზ. გ-ძეს, ამასთან, ასეთი ქმედება კ. ქ-თარმა ჩაიდინა მხოლოდ ერთხელ. დაცვის ამგვარი პოზიციის საწინააღმდეგოდ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ კ. ქ-თარმა ნამდვილად ჩაიდინა ქურდობა ზ. ს-ძესთან ერთად. აღნიშნულზე მიუთითებს საქმეში არსებული სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერების კრებსითი მასალა, რომელიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით და რომლებიც ააშკარავებენ კ. ქ-თარის, ზ. ს-ძისა და ზ. გ-ძის მონაწილეობას განაჩენით მათთვის შერაცხულ დანაშაულთა ჩადენაში. კ. ქ-თარის ბრალეულობას ნაწილობრივ ადასტურებს აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. გ-ძის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მასალები. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები კ. ქ-თარის მიერ არა ქურდობის, არამედ _ სხვა, უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენის ვერსიის დასამტკიცებლად, მოკლებულია რეალურ მტკიცებით საფუძველს და არ გამომდინარეობს წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სარწმუნოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას შეუძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულ კ. ქ-თარისა და მისი დამცველის მიერ შემოტანილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ზ. ს-ძის ბრალეულობას იმ ქმედების ჩადენაში, რომელიც მას განაჩენით ბრალად შეერაცხა, იგი დადასტურებულია მისი აღიარებითი ჩვენებებით, ნაწილობრივ მსჯავრდებულების – კ. ქ-არისა და ზ. გ-ძის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთმტკიცებულებითა და სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულ ზ. ს-ძისა და მისი ადვოკატის – ნ. დ-იას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მისთვის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა და კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის დანიშვნის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ, ვინაიდან სასამართლომ ზ. ს-ძის მიმართ სასჯელების განსაზღვრისას მაქსიმალურად გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, ამასთან, მან დანაშაული ჩაიდინა სხვა პირებთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, რომლებსაც ის არ ამხელს დანაშაულში; მისი აღიარებითი ჩვენებები არ არის ბოლომდე გულწრფელი, რის გამოც არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის შეფარდებისათვის.

ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე განაჩენის დადგენისას არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილითა და იმავე კოდექსის 496-ე მუხლის მე-2-3 ნაწილებით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მსჯავრდებულების _ კ. ქ-თარისა და ზ. ს-ძის მიერ ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც დადგინდა სასამართლო გამოძიებით. საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს შემდეგი გარემოება: მართალია, კ. ქ-თარმა და ზვიად ს-ძემ სხვადასხვა დროს ორჯერ მოხსნეს ობიექტის სახურავიდან თუნუქის გოფრირებული ფირფიტები და ასევე ეს ფირფიტები მათ ორჯერ მიჰყიდეს ზ. გ-ძეს, მაგრამ საქმეში არსებული მასალებით უდავოდაა დადგენილი ისიც, რომ ორივე ეპიზოდი მოცული იყო მათ მიერ ერთხელ მიღებული გადაწყვეტილებით, ესე იგი თავიდანვე არსებობდა ერთიანი განზრახვა ობიექტის ნაწილ-ნაწილ ხელყოფის თაობაზე, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია არა ორი დანაშაული ანუ ქურდობის ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ეპიზოდი, არამედ სახეზეა ერთი განგრძობადი დანაშაული ორ ეპიზოდად. ამიტომ იგი უნდა შეფასებულიყო როგორც ერთი დანაშაული – ქურდობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განხილული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულების – კ. ქ-თარისა და ზ. ს-ძის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ დანაშაულად და მათ სასჯელებიც ასეთი კვალიფიკაციის საფუძველზე უნდა განესაზღვროთ. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მათი ქურდობის ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის, თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელების ცალ-ცალკე დანიშვნისა და ამ სასჯელების შეკრების თაობაზე.

საკასაციო პალატამ გასაჩივრებული განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა სრული მოცულობით, მათ შორის _ ზ. გ-ძის მსჯავრდების ნაწილშიც, რომელსაც განაჩენი არ გაუსაჩივრებია. მის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდება _ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა _ სარწმუნოდ არის დადასტურებული უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით. ამასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ ზ. გ-ძის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციისას დაუშვა იგივე უზუსტობა, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, კერძოდ: სასამართლო გამოძიებით უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ზ. გ-ძის მიერ დანაშაული ორჯერ კი არ არის ჩადენილი, არამედ მას ჩადენილი აქვს ერთი განგრძობადი დანაშაული. მართალია, მან ორჯერ შეისყიდა კ. ქ-თარისაგან ამ უკანასკნელისა და ზ. ს-ძის მიერ ქურდობით მოპოვებული თუნუქის ფირფიტები, მაგრამ მისი მხრივ ორივე ეპიზოდი მოცული იყო ერთიანი განზრახვით, რაც იმით დასტურდება, რომ ზ. გ-ძე თავიდანვე შეუთანხმდა კ. ქ-თარს მისგან 80 ცალი თუნუქის ფირფიტის შეძენის თაობაზე, რაც განხორციელდა ორ ეპიზოდად, ნაწილ-ნაწილ. აღნიშნულის გათვალისწინებით _ ზ. გ-ძის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც ერთი დანაშაული, ხოლო გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ორი დანაშაულისათვის მისი მსჯავრდების, დანაშაულის თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელის ცალ-ცალკე დანიშვნისა და ამ სასჯელების შეკრების თაობაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ამ ქმედების შედეგების, აგრეთვე მისი პიროვნებისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. გ-აძეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ზ. გ-ძე 2009 წლის 8 იანვრიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, საკასაციო პალატას შესაძლებლად მიაჩნია, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, იგი მთლიანად გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმის მოხდისაგან, რის შედეგადაც ზ. გ-ძე უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ კ. ქ-ფთარის, ზ. ს-ძისა და ზ. გ-ძის მსჯავრდებისას დაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა, რამაც გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე და რაც მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 562-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განაჩენის მსჯავრდებულების – კ. ქ-თარის, ზ. ს-ძისა და ზ. გ-ძის სასიკეთოდ შეცვლის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ კ. ქ-თარისა და მისი დამცველის, ადვოკატ მ. ფ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ზ. ს-ძისა და მისი დამცველის, ადვოკატ ნ. დ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებული კ. ქ-თარი ცნობილ იქნეს ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი დანაშაულის ჩადენაში და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ სასჯელებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად _ განაჩენთა ერთობლიობის წესით, დაემატოს წინა განაჩენით კ. ქ-თარისათვის დანიშნული მოუხდელი სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და მსჯავრდებულ კ. ქ-თარს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით და ჯარიმა _ 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება კ. ქ-თარის ქურდობის ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის, თითოეული ეპიზოდისათვის მის მიმართ სასჯელების ცალ-ცალკე დანიშვნისა და ამ სასჯელების შეკრების თაობაზე;

მსჯავრდებული ზ. ს-ძე ცნობილ იქნეს ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი დანაშაულის ჩადენაში და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ზ. ს-ძის ქურდობის ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნობის, თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელების ცალ-ცალკე დანიშვნისა და ამ სასჯელების შეკრების თაობაზე;

მსჯავრდებული ზ. გ-ძე ცნობილ იქნეს ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთი დანაშაულის ჩადენაში და ამ დანაშაულისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო, წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნის ვადის გათვალისწინებით, იგი მთლიანად გათავისუფლდეს აღნიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებული ზ. გ-ძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, როგორც სასჯელმოხდილი.

გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ზ. გ-ძის საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდისათვის მსჯავრდების, თითოეული ეპიზოდისათვის სასჯელების ცალ-ცალკე დანიშვნისა და ამ სასჯელების შეკრების, აგრეთვე მის მიმართ დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 2000 (ორი ათასი) ლარის დანიშვნის თაობაზე.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ კ. ქ-თარის, ზ. ს-ძისა და ზ. გ-ძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.