საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
556აპ-09 20 ოქტომბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: იური ტყეშელაშვილი
დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განაჩენზე.
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 იანვრის განაჩენით ე. ა-ვი, _ დაბადებული ......... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ე. ა-ვს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ნოემბრიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ე. ა-ვს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 10 წლის ვადით.
ნივთმტკიცებები _ ე. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 18,4052 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ე. ა-სგან ამოღებული .....ს მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ¹........., რომელიც მოთავსებულია შსს სოდ-ის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ავტოსადგომზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, უნდა ჩამოერთვას ე. ა-ვს და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
ე. ა-ვი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 23 ნოემბრიდან.
«ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, ე. ა-ვს ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება _ 5 წლის ვადით, ხოლო საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები _ 10 წლის ვადით.
აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საჯარო სამსახურის ბიუროს.
ნივთმტკიცებები _ ე. ა-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება «ჰეროინი», საერთო წონით _ 18,4052 გრამი, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; ე. ა-სგან ამოღებული ..... მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .........., რომელიც მოთავსებულია შსს სოდ-ის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს ავტოსადგომზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, უნდა ჩამოერთვას ე. ა-ვს და უსასყიდლოდ უნდა გადაეცეს სახელმწიფოს.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ქ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 მაისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.