განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 31.07.2009
საქმის ნომერი
2კ-573აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2009

გადაწყვეტილების ტექსტი

573აპ-09 31 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. ტ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განაჩენით პ. ტ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და პ. ტ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

მსჯავრდებული პ. ტ-ი სასჯელს იხდის 2008 წლის 15 ოქტომბრიდან.

განაჩენით პ. ტ-ს მსჯავრი დაედო ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

პ. ტ-მა განიზრახა მართლაწინააღმდეგოდ შეეძინა, შეენახა და ეტარებინა საბრძოლო მასალა. თავისი დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოყვანის მიზნით, პ. ტ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ხელყუმბრა. 2008 წლის 15 ოქტომბერს შსს გორის რაიონული სასამართლოს თანამშრომლების მიერ გორის რაიონის სოფელ --- პ. ტ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ერთი ცალი ხელყუმბარა, რომელსაც იგი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა.

2008 წლის 16 ოქტომბრის ბალისტიკური ექსპერტიზის ¹--- დასკვნის თანახმად, პ. ტ-ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი ხელყუმბარა არის ქარხნული წესით დამზადებული, საბჭოთა წარმოების თავდაცვითი, მსხვრევადი „ფ-...“ ტიპის ხელყუმბარა, გამოსაყენდებლად ვარგისია და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

აპელანტი – მსჯავრდებულ პ. ტ-ი და მისი დამცველი ადვოკატი გ. ჯ-ი ითხოვდნენ პ. ტ-ის გამართლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ პ. ტ-მა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა მისი საქმის ობიექტურად განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენი პ. ტ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის, შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გაარკვიოს მტკიცების საგნის ყველა გარემოება სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე, ახასიათებს მის პიროვნებას.

საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება, არ გამოიკვლია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას არ მისცა მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა გამოიკვლიოს საქმისა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები პ. ტ-ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით და ერთნაირი გულმოდგინებით გაარკვიოს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, რის შემდეგაც სასამართლო გამოძიებით მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ პ. ტ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 11 მაისის განაჩენი პ. ტ-ის მიმართ და საქმე გადაეცეს იმავე სასამართლოს ახალი სასამართლო განხილვისათვის.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.