საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.11.2009
საქმის ნომერი
2კ-581აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.11.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

581აპ.-09 30 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე - მაია ოშხარელი

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე

იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 მარტის განაჩენით:

რ. პ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

რ. პ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 3000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 12 ივლისის განაჩენით რ. პ-ძის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი და რ. პ-ძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 3 ივლისიდან.

გ. პ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

გ. პ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. პ-ძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 4 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 29 მაისიდან 2007 წლის 25 ივნისამდე, 28 დღე.

აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და ქედის რაიონში, სექტორ მახუნცეთში, სოფელ დოხაძეებში მდებარე გ. პ-ძის ნათესავების _ ქ., მ. და ნ. ვ-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის 5000 ლარის წილი უნდა გადაეცეს სახელწიფოს.

ნ. მ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

ნ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 24 ივნისიდან.

შეწყდა წარმოება სამოქალაქო მოსარჩელის _ ნ. ტ-ის სამოქალაქო სარჩელზე, მის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით განაჩენში არსებული უზუსტობა შესწორდა და ნაცვლად ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორ ე. გ-სა” მიეთითა ,,ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ. მ-ძე”.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების _ რ. პ-სა და ნ. მ-ს მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ხოლო მსჯავრდებულ გ. პ-ს მიმართ _ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულების _ რ. პ-ძის, გ. პ-ძისა და ნ. მ-ძის მიმართ არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.