განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
27I 28 იანვარი, 2008წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის გ. გ-ის და საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის მ. ზ-ას კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის განაჩენით გ- თ-ძე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
2006 წლის 14 აგვისტოს გ. თ-მ განცხადებით მიმართა დმანისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, იმ პერიოდის უწყვეტ შრომით სტაჟში ჩათვლა, რომლის განმავლობაშიც იგი გადაყენებული და განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან, პოლიციის სპეციალური წოდების – პოლიციის ლეიტენანტის წოდების აღდგენა და მორიგი სპეციალური წოდების – პოლიციის უფროსი ლეიტენანტის წოდების მინიჭება.
დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2006 წლის 27 ოქტომბრის დადგენილებით გ. თ-ძე რეაბილიტირებულ იქნა დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე.
რეაბილიტირებულის მოთხოვნა სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ. თ-ის სასარგებლოდ 2004 წლის 17 სექტემბრიდან 2006 წლის 1 სექტემბრამდე ასაღები ხელფასის _ 6489 ლარის და 7 თეთრის ანაზღაურება, ხოლო შემდგომში სამუშაოზე ფაქტიურად აღდგენის დღემდე.
დაკმაყოფილდა გ. თ-ის მოთხოვნა ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის შესახებ. საქართველოს შს სამინისტროს დაევალა, რომ გ. თ-ძე აღადგინოს ტოლფას თანამდებობაზე. პუბლიკაცია გ. თ-ის რეაბილიტაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.
გ. თ-ს აღუდგა პოლიციის ლეიტენანტის სპეციალური წოდება.
გ. თ-ს თანამდებობიდან გადაყენების პერიოდი ჩაეთვალა საერთო და სპეციალობით მუშაობის უწყვეტ სტაჟში.
აღნიშნული დადგენილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსი მ. ზ-ა კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს განჩინების გაუქმებასა და განმცხადებლისათვის შს ორგანოებში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის დაკმაყოფილებაზე და ორგანოებიდან დაუსაბუთებელი დათხოვნის დროს დაკარგული ხელფასის ანაზღაურებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ აღნიშნული წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დავის საგანს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილე გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებას ქონებრივი ზიანის ნაწილში იმ მოტივით, რომ პოლიციელის ხელფასი შედგება თანამდებობრივი და წოდებისათვის დადგენილი სარგოებისაგან. სასამართლომ განაცდურ ხელფასს მიაკუთვნა ულუფაც, რომლის დანამატიც წარმოადგენს ისეთ დანამატს, რომელიც მოხელეს ეძლევა იმ შემთხვევაში, თუ იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ვინაიდან გ. თ-ძე არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას მისთვის ულუფის მიკუთვნება არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის მ. ზ-ს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის გ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით, 2004 წლის 26 ოქტომბერს რეაბილიტირებული პირი _ გ. თ-ძე, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დისციპლინური წესით დასჯის გამო.
საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს პროკურორ მ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რეაბილიტირებულ გ. თ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანება, რომელთა საფუძველიც გახდა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 69-ე მუხლის (პოლიციის თანამშრომლის სახელის დისკრედიტაცია) მოთხოვნის დარღვევა, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საგანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინებაში არსებული მითითება რეაბილიტირებულ გ. თ-ს ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის თაობაზე, უნდა გაუქმდეს.
პალატას მიაჩნია, რომ განჩინება ასევე უნდა გაუქმდეს რეაბილიტირებულ გ. თ-ს სასარგებლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებული ქონებრივი ზიანის (განაცდური ხელფასის) კომპენსაციის ნაწილში, რადგან, პალატის მიერ ზემოთ მითითებული მოტივების გამო, გაუქმდა რა განჩინება რეაბილიტირებულის ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის ნაწილში, შესაბამისად, ძალაშია ხსენებული პირის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნა ქონებრივი ზიანის კომპენსაციის ნაწილში განჩინების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, პალატა თვლის, რომ არასწორია დმანისის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში არსებული მითითება, რომ გ. თ-ძე რეაბილიტირებულ იქნა დმანისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 ივნისის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” _ ,,დ”, ,,ი”, ,,კ” და ,,მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით.
საქმის მასალების მიხედვით, დმანისის რაიონულმა სასამართლომ 2006 წლის 20 ივნისს გ. თ-ს მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.
პალატა თვლის, რომ გ. თ-ს რეაბილიტაციის საფუძველია სასამართლოს მიერ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენი. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირის მიმართ ასეთი მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილებების გამოტანის შემდეგ იგივე პირი ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის გ. გ-ს და საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის მ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა რეაბილიტირებული პირის გ. თ-ს სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს _ რეაბილიტირებული პირის გ. თ-ს აღდგენა ტოლფას თანამდებობებზე;
განჩინებიდან ამოირიცხოს მითითება გ. თე-ს რეაბილიტირებულად ცნობაზე.
სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.