დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 18.11.2008
საქმის ნომერი
2კ-12-I-08
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.11.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

12I 18 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენით რ. დ-ი, _ დაბადებული …… წელს, საქართველოს მოქალაქე, ….. განათლებით, ნასამართლობის მქონე, ცოლშვილიანი, მცხოვრები ბაღდათის რაიონის სოფელ ზ-ში, _ ცნობილ იქნა დამნაშავედდა მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლისა და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,ე” ქვეპუნქტების (2006 წლის 25 ივლისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 3782_ე მუხლის პირველი ნაწილის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და რ. დ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2008 წლის 31 იანვარს მსჯავრდებულმა რ. დ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რ. დ-მ საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა იმიტომ, რომ არ ჰყავდა დამცველი, თავისი უცოდინარობის გამო კი ვერ შეძლო გასაჩივრების ვადის გამოთვლა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინებით რ. დ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.

მსჯავრდებულმა რ. დ-მ აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

განაჩენი რ. დ-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 17 დეკემბერს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.

რაც შეეხება რ. დ-ს მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ საკასაციო გასაჩივრების ვადა გაუშვა თავისი უცოდინარობის გამო, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან რ. დ-ს მიერ ვადის დარღვევით შეტანილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებულ მოთხოვნას.

საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. დ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 7 თებერვლის განჩინება, რომლითაც რ. დ-ს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.