დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
18I ქ. თბილისი
30 მაისი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ლ. მურუსიძე, დ. სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. რ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ნ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის განაჩენით ნ. მ-ი, _ დაბადებული ..... წელს, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108-ე მუხლით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ნ. მ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება.
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108-ე მუხლით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2008 წლის 4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ ნ. მ-ს განცხადება გაცდენილი გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში გასაჩივრების ვადის დარღვევის მიზეზად მითითებულია, რომ მას სურდა გაესაჩივრებინა განაჩენი, მაგრამ ადვოკატის გამო დარჩა მოტყუებული.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ს განცხადება საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ც. რ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ განჩინება არის უკანონო; ადვოკატმა არ გაასაჩივრა განაჩენი; ნ. მ-ი არ ფლობს სამართალწარმოების ენას, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა განაჩენი; იგი დარჩა გარანტირებული დაცვის უფლების გარეშე, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ფუნდამენტურ დებულებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის მოტივები და მიიჩნევს, რომ კერძო საკასაციო საჩივარი გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.
საქართველოს სსსკ-ის 550-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული ნ. მ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას უზრუნველყოფილი იყო თარჯიმნით, მას სრულად ეთარგმნა სხდომის მიმდინარეობა, განემარტა უფლება-მოვალეობები, მათ შორის _ გასაჩივრების წესი და ვადა, ჩაჰბარდა მისთვის გასაგებ ენაზე ნათარგმნი განაჩენის ასლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება კასატორის მიერ კერძო საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ნ. მ-ი არ ფლობს სამართალწარმოების ენას და მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა განაჩენი, რის გამოც გაუცდა საკასაციო გასაჩივრების ვადა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი არ არსებობს, საქმის მასალები სათანადოდაა გამოკვლეული და შეფასებული. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინება კანონიერი, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. რ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მარტის განჩინებაზე, რომლითაც ნ. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 1 აგვისტოს განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.