დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22I თბილისი
15 დეკემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ მ. გ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მ. გე., _ დაბადებული ...წელს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ქ. ხაშურში......., ამჟამად პატიმარი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, მ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, აგრეთვე ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე დამატებითი სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2008 წლის 4 მარტს მსჯავრდებულმა მ. გ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მის მიერ გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მსჯავრდებულ მ. გ-ს სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რაც დროულად ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ იყო ავად, ხოლო ადვოკატი კი არ ჰყავდა და ითხოვდა გაშვებული ვადის აღდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისის სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილებით მსჯავრდებულ მ. გ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა მ. გ-მა აღნიშნული სასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით, იმავე მოტივით, რაც მას მითითებული ჰქონდა თავის განცხადებაში, იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი მის მიერ გაცდენილი საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი მსჯავრდებულ მ. გ-ს მიმართ დადგენილია 2007 წლის 6 დეკემბერს, მან კი საკასაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2008 წლის 4 მარტს.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა მ. გ-მა საკასაციო საჩივრის შეტანა დააგვიანა იმიტომ, რომ იყო ავად და არც ადვოკატი ჰყავდა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არ არსებობს მ. გ-ს ავადმყოფობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში ადვოკატის არყოლას პალატა ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს, ვინაიდან, როგორც სააპელაციო, ისე კერძო საკასაციო საჩივარი თვით მსჯავრდებულის მიერაა დაწერილი.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 მაისისსასამართლო სხდომის საოქმო დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ მ. გ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების მის მიერ გაშვებული ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.