დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
22I ქ. თბილისი
17 ივლისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ ო. დ-ის
პროკურორ _ ი. ჩ-ს, ბ. ბ-ის
ადვოკატების _ გ. ზ-ის, მ. ფ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ რ. Mმ-ის
თარჯიმან _ ი. ც-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ რ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ზ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ. მ-ი 2009 წლის 8 ივნისს, როგორც სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, 3.20 საათზე დააკავეს საქართველოში.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან შევიდა შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით რ. მ-ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობის თანახმად, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმადაც, რ. მ-ი იმხილება სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობის მცდელობის თანამონაწილედ წამქეზებლის სახით.
აღნიშნული ქმედებისათვის რ. მ-ი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ს/რ სსკ-ის 34,104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 პუნქტით, 235-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სომხეთის რესპუბლიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის დადგენილებით მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ივნისის ბრძანებით ბრალდებულ რ. მ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2009 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ რ. მ-მა და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ სომხეთში გამოძიება არაკანონიერად ჩატარდება, მასზე ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ამასთან იგი არის ოპოზიციური პარტიის წევრი, რის გამოც ავიწროებენ და აპირებს პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ.Bბ-ის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება რ. მ-ის სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დარჩა უცვლელად.
რ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ზ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილების გაუქმებას. რ. მ-ს მიეცეს დრო, რათა მის მიმართ გადაწყდეს პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხი, მითუმეტეს, რომ მის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის 3-თვიანი ვადიდან ჯერ მხოლოდ 1 თვეა გასული.
საკასაციო პალატის სხდომაზე რ. Mმ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ფ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა ადვოკატი გ. ზ-ი.
საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ რ. მ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, მან იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილების გაუქმება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა _ ი. ჩ-მა და ბ. ბ-ემ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მათ იშუამდგომლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საერთაშორისო თანამშრომლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXXII-ე თავი. წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ რ. მ-ი არის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის მიმართაც სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომლის თანახმადაც, რ. მ-ი იმხილება სახელმწიფო მოღვაწის მკვლელობის მცდელობის თანამონაწილედ წამქეზებლის სახით. აღნიშნული ქმედების ჩადენისათვის, რ. მ-ი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ს/რ სსკ-ის 34,104-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-6 პუნქტით და სსკ-ის 235-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სომხეთის რესპუბლიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 26 მაისის დადგენილებით რ. მ-ს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული აქვს დაპატიმრება და გამოცხადებულია ძებნა.
საკასაციო პალატა ეთანხმება დადგენილებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება რ. მ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლის მოთხოვნებს.
ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეიძლება გამხდარიყო ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას სომხეთის რეპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ასევე დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომ რ. მ-ის ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების დასჯადობას; მოქალაქეობის და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებს და პრინციპს ,,ნე ბის ინ იდემ».
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება ,,ექსტრადიციის შესახებ» 1957 წლის ევროპული კონვენციით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ» მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული 1997 წლის 3 მაისის ,,გადაცემის შესახებ» ორმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 6 ივლისის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის _ თ. ბ-ის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება რ. მ-ის სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.