დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.07.2009
საქმის ნომერი
169საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

169საზ-06 ქ. თბილისი

13 ივლისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ხ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ნოემბრის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 ივნისი) საფუძველზე _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, გ. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი.

გარდა ამისა, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე გ. ხ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელიდან 6 (ექვსი) თვე და გ. ხ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

2006 წლის 28 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით, მსჯავრდებული გ. ხ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 6 მაისის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. ხ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) სანქცია არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე. საქართველოს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის სანქცია (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე დანაშაულისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) სანქცია ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება-შენახვისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათ წლამდე, ხოლო საქართველოს მოქმედი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია იმავე დანაშაულისათვის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტ წლამდე. ყოველივე ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მითითებულ დანაშაულთა ჩადენისათვის გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენი გ. ხ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

რაც შეეხება გ. ხ-ის მსჯავრდებას სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ნოემბრის განაჩენით _ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე, ამ ნაწილშიც არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და ამიტომ აღნიშნული განაჩენი გ. ხ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტითა და 599-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ.ხ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 26 ნოემბრის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 14 მარტის განაჩენი, აგრეთვე ამ განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.