შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 30.04.2008
საქმის ნომერი
318საზ.-2006
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.04.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

318საზ 30 აპრილი, 2008 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ქ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 მაისის განაჩენით დ. ქ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე დ. ქ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

იმავე განაჩენით დ. ნ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რის გამოც მას, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წლის 19 მაისის განაჩენი დ. ქ-სა და დ. ნ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული დ. ქ-ა საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. ქ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ დ. ქ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი (მითითებული რედაქცია) მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახი მკვლელობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე, ე.ი. ახალი კანონით მითითებული დანაშაულისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ამ დანაშაულისათვის მას სასჯელი უნდა განესაზღვროს ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, რის გამოც განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და დ. ქ-ს სასჯელის საბოლოო ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ქ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), იმავე კოდექსის 120-ე მუხლითა და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან მათთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ გასაჩივრებული განჩინება სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულ დ. ნ-ს მიმართ და მიიჩნია, რომ აღნიშნული განჩინება მისი მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ დ. ქ-ს სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ქ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ დ. ქ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ შეუმცირდეს 2 (ორი) წლით და დ. ქ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით.

განჩინება სხვა ნაწილში მსჯავრდებულების _ დ. ქ-სა და დ. ნ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.