შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 13.03.2008
საქმის ნომერი
35საზ.-2007
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.03.2008

გადაწყვეტილების ტექსტი

35საზ 13 მარტი, 2008 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. პ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენით ზ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ზ. პ-ვს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით.

მსჯავრდებული ზ. პ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ზ. პ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), იმ პირის მიერ ჩადენილი ქურდობისათვის, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის), რომელიც ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. პ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისად უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, ზ. პ-ის მიმართ განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში და არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულ ზ. პ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ზ. პ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ზ. პ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ ზ. პ-ის მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.