შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
38/საზ 8 იანვარი, 2008 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ს-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს განაჩენით რ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და რ. ს-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
იმავე განაჩენით გ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის (მითითებული რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტების (მითითებული რედაქცია) საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ამასთან, აღნიშნული განაჩენით გ. ნ-სა და რ. ს-ს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ ე. ე-ის სასარგებლოდ 1300 (ათას სამასი) ლარის გადახდა.
მსჯავრდებული რ. ს-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ რ. ს-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტს, რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია. რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც რ. ს-ის ქმედება (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი გარემოება არ არსებობს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. ს-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, რ. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი დანიშნულია ახალი კანონის სანქციით განსაზღვრულ ფარგლებში.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა აგრეთვე მსჯავრდებულ გ. ნ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული განაჩენი მისი მსჯავრდების ნაწილში უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ, კერძოდ: გ. ნ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტითა (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისად, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტსა (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, გ. ნ-ის მიმართ განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან აღნიშნული სასჯელი დანიშნულია ახალი კანონის სანქციით განსაზღვრულ ფარგლებში. რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც გ. ნ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება, უნდა დარჩეს უცვლელად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ რ. ს-სა და გ. ნ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-ე, 568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რ. ს-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 6 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ რ. ს-სა და გ. ნ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მათივე ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ რ. ს-სა და გ. ნ-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.