დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹6საზ ქ. თბილისი
26 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის
პროკურორ _ გ. ბ-ის
ადვოკატ _ თ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა ა. არდებილის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ლ-მ 2007 წლის 29 ნოემბერს განიხილა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციისა და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან წარმოდგენილი შუამდგომლობები და თანდართული მასალები ძებნილი – ა. ა-ს, იგივე ა. დ-ს, იგივე ა. ა-ს, იგივე ა. ქ-ს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ.
ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოს დელავერის ოლქის მაგისტრატი მოსამართლის მიერ 2007 წლის 10 სექტემბერს ¹07-177მ საქმეზე და ასევე, მასაჩუსეტსის ოლქის მაგისტრატი მოსამართლის მიერ 2007 წლის 28 სექტემბერს ¹07-845 მბბ საქმეზე გაცემულ იქნა ბრძანებები ა. ა-ს, იგივე ა. დ-ს, იგივე ა. ა-ს, იგივე ა. ქ-ს დაკავების შესახებ, მის მიერ კონტრაბანდის, შეიარაღების კონტროლის აქტის დარღვევის, საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტის დარღვევისა და ფულის გათეთრების ბრალდების გამო.
საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის, გ. ლ-ს დადგენილება მოტივირებული იქნა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ა/ ა-ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილი ქმედებების ანალოგიური ქმედებები შეიძლება დანაშაულად იქნეს მიჩნეული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილის (საბაჟო წესების დარღვევა დიდი ოდენობის მოძრავი ნივთის გადმოტანით) და 192-ე მუხლის პირველი ნაწილის (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) შესაბამისად.
ა. ა-ი 2007 წლის 2 ოქტომბერს, დაკავებული იქნა ქ. თბილისში.
ა. ა-მა, როგორც ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ 2007 წლის 18 დეკემბერს გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 29 ნოემბრის დადგენილება და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ა-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 29 ნოემბრის დადგენილება ა. ა-ის ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ დარჩა უცვლელად.
ა. ა-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს პროკურორი გ. ბ-ძე შესაგებლით მოითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილების უცვლელად დატოვებას.
პალატის სხდომაზე ა. ა-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა გ. ბ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოსთან არ არის დადებული ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, ასეთი დახმარების საკითხი შეიძლება გადაწყდეს საქართველოს გენერალურ პროკურორსა და აღნიშნული სახელმწიფოს შესაბამის თანამდებობის პირთა შორის სპეციალურად ამ შემთხვევისათვის დადებული შეთანხმებით. საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელსა და აშშ-ს დეპარტამენტს შორის დადებულია აღნიშნული ხელშეკრულება.
პალატა თვლის, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის იდენტიფიკაციის საკითხი ეჭვს არ იწვევს, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული საექსტრადიციო დოკუმენტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი ამირ ჰოსეინ არდებილი 2005 წლიდან 2007 წლის ოქტომბრის თვემდე ბრალად შერაცხული ქმედებების სავარაუდო ჩადენისას მოქმედებდა ა. დ-ს, ა. ა-ს, ა. ქ-ს სახელებით.
პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის დადგენილება ა. ა-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 256-ე მუხლის მოთხოვნებს. ასევე არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 257-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, რომელიც გახდებოდა ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი.
ადვოკატის საჩივარში მითითებული მოტივაცია იმის შესახებ, რომ არ არსებობს ექსტრადიციის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ არ დგინდება ა. ა-ის სავარაუდო და დანაშაულებრივად ნაგულისხმები ქმედება, არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მისი ბრალეულობის დადგენა ა. ა-ის მიერ განხორციელებულ ქმედებებში სცილდება პალატის უფლებამოსილებას. ადვოკატის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა. ა-ს ექსტრადიცია ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და, რომ ა. ა-ის აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შემთხვევაში მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე, კერძოდ წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა ზემოთმითითებული საფრთხის არსებობა.
ამდენად, პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის გ. ლ-ს 2007 წლის 29 ნოემბრის დადგენილება ა ა-ს, იგივე ა. დ-ს, იგივე ა. ა-ს, იგივე ა. ქ-ს ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.