დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 11.02.2008
საქმის ნომერი
12საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
11.02.2008

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

12/საზ ქ. თბილისი

11 თებერვალი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ დ. ჟ-სა და ბ. ტ-ს საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ გ. მ-სა და მსჯავრდებულებს _ დ. ჟ-ს, ბ. ტ-სა და გ. ჩ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. ჟ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” “გ” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ დ. ჟ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მან 8 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 2 წელი შეეცვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

ბ. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ ბ. ტ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მან 7 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 3 წელი შეეცვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

გ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ გ. ჩ-ს მოსახდელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მან 8 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი _ 5 წელი შეეცვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

განაჩენით დ. ჟ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ბ. ტ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გ. ჩ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; მანვე ჩაიდინა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

მსჯავრდებული დ. ჟ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 4 ივლისს შესული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას და სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებული ბ. ტ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 4 ივლისს შესული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვას და სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა აღნიშნავს, რომ 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც განსაზღვრულია არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის დანიშვნის წესი. აღნიშნული წესის მიხედვით, არასრულწლოვანს დანაშაულისათვის სასჯელი უნდა დაენიშნოს ჩვეულებრივი წესით, ხოლო კანონში დიფერენცირებული მისი ასაკის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს შემდეგი ზომით: თორმეტიდან თოთხმეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა განახევრდება, ამასთან იმ პირობით, რომ მის მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შვიდ წელს; ზემოხსენებული წესით თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მესამედით, ხოლო საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ათ წელს; თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდება ერთი მეოთხედით, საბოლოო სასჯელის ვადა კი არ უნდა აღემატებოდეს თხუთმეტ წელს.

მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით განსაზღვრული შეღავათები არ შეიძლება გავრცელდეს მსჯავრდებულების _ დ. ჟ-სა და ბ. ტ-ს მიმართ, რადგან სასამართლომ მათ მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ისინი არიან არასრულწლოვნები და სასჯელი კანონის შესაბამისად დაუნიშნა.

რაც შეეხება მსჯავრდებულების _ დ. ჟ-სა და ბ. ტ-ს მიერ ჩადენილ ქმედებას, რომლის კვალიფიკაცია განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, მათ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანაზე პალატა არ მსჯელობს, ვინაიდან არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ და მიიჩნია, რომ, ზემომითითებული მოტივების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ჩ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულების _ დ. ჟ-სა და ბ. ტ-ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.