შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გადაწყვეტილების ტექსტი
17/საზ ქ. თბილისი
29 თებერვალი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. თ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ დ. თ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით დ. თ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, ჯგუფურად, არაერთგზის; ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
მსჯავრდებული დ. თ-ძე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით დ. თ-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 23 მაისს შეტანილი ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსიდან 184-ე მუხლის ამოღება, ანუ ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში ამ მუხლით გათვალისწინებული სპეციალური შემადგენლობის არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქმედებას არა აქვს დანაშაულებრივი ხასიათი და დაკარგა საზოგადოებრივი საშიშროება. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2007 წლის 28 ივნისის განჩინების სახით უკვე არსებობს სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლით ქმედების დასჯადობას ფაქტობრივად ითვალისწინებს გატაცების ხერხის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლები.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ ავტომობილის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დანაშაული, დაკვალიფიცირებული სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ათ წლამდე, შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ), რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს.
ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 184-ე მუხლის მესამე ნაწილით დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ დ. თ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. თ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 10 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ დ. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ დავით თევდორაძის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.