დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.01.2009
საქმის ნომერი
94საზ.-2008
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.01.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

94საზ ქ. თბილისი

23 იანვარი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. მ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ძ-ძისა და მ. ე-შვილის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენით:

მ. მ-შვილს ბრალდებიდან ამოერიცხა წინასწარი შეცნობით, დამფუძნებელთა შეცდომაში შეყვანით შპს «………» დამფუძნებელთა კრების ¹3 ყალბი ოქმის დამზადება და მ. მ-შვილი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მ. მ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით _ სასჯელის დაუნიშნავად, ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით, უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა მსჯავრდებულ მ. მ-შვილს საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 აპრილის განჩინებით კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 დეკემბრის დადგენილება, რომლითაც მ. მ-შვილს უარი ეთქვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით დაზარალებულ ე. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებულ მ. მ-შვილის ინტერესების დამცველი, ადვოკატები _ გ. ძ-ძე და მ. ე-შვილი საჩივრით ითხოვენ თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებას და მ. მ-შვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ სასამართლო საერთოდ არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული საქმე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს და ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, თუ გასულია სსკ-ით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, ხოლო სსკ-ის 71-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გასულია ორი წელი დანაშაულის ჩადენიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ამავე კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა არ აღემატება ორ წელს, რაზეც მოსამართლე მსჯელობს აღნიშნულ განაჩენში. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მ. მ-შვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულ იქნა 2004 წლის 29 დეკემბერს, როდესაც გასული იყო ორწლიანი ხანდაზმულობის ვადა. სასამართლომ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა მ-შვილის მიმართ საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და არც უნდა ემსჯელა მის დამნაშავეობაზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-6 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად. ზემოთ აღწერილ ნორმებს შორის ნამდვილად არსებობდა წინააღმდეგობა კერძოდ: თუ ხანდაზმულობის ვადა აითვლება დანაშაულის ჩადენიდან პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემამდე, მაშასადამე, შეუძლებელია ეს გარემოება გამოვლინდეს საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზე და მსგავსი საკითხები უნდა წყდებოდეს ჯერ კიდევ საქმის სასამართლოში წარგზავნამდე, ხოლო თუ ბრალდების მხარემ კანონის დარღვევით მაინც წარგზავნა სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით სასამართლოში, სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე. ამდენად, საჩივრის ავტორები უთითებენ, რომ გაუგებარი იყო, თუ რა შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-6 ნაწილის «ა» ქვეპუნქტი, იგი ეწინააღმდეგებოდა როგორც ამავე კოდექსის 28-ე მუხლს, ასევე სსკ-ის 71-ე მუხლს და ამდენად _ საქართველოს კონსტიტუციასაც, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფდა სამართლიან სასამართლოს და კანონით დადგენილი წესით გამოტანილი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობას. სწორდ ამ გარემოებათა გამო სავსებით სწორად და სამართლიანად მიიღო გადაწყვეტილება კანონმდებელმა და 2007 წლის 23 მაისის საქართველოს კანონით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-6 ნაწილიდან ამოიღო «ა» ქვეპუნქტი. ამდენად, 2006 წლის 5 ივნისისათვის რომ არსებულიყო სსსკ-ის დღევანდელი რედაქცია, მოსამართლე იძულებული იქნებოდა, ეხელმძღვანელა სსსკ-ის 28-ე მუხლის I ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და სსკ-ის 71-ე მუხლით და შეეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა განსასჯელ მ. მ-შვილის მიმართ, შედეგად მის მიმართ არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი არ იქნებოდა ნასამართლობის მქონე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებები იწვევს წინათ გამოტანილი საპროცესო აქტის გაუქმებას ან შეცვლას, თუ ამით უმჯობესდება ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, მსჯავრდებულის მდგომარეობა. ადვოკატები ასევე აღნიშნავენ, რომ სსსკ-ის 44-ე მუხლის 32-ე ნაწილის თანახმად, განაჩენი არის საპროცესო გადაწყვეტილება და იგი, როგორც სხვა აქტები, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გაუქმებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:

a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;

b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ მ. მ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ძ-ძისა და მ. ე-შვილის მიერ საჩივარში მითითებული გარემოება ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ მ. მ-შვილის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ძ-ძისა და მ. ე-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 5 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.