დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
96/საზ-08 ქ. თბილისი
22 ივნისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. თ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ხულოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხულოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენით:
გ. თ. ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. იმავე განაჩენით გ. თ-ს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) საფუძველზე მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის, 7 (შვიდი) თვისა და 29 (ოცდაცხრა) დღის ვადით.
მსჯავრდებულ გ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო ხულოს რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2007 წლის 12 ნოემბრიდან.
მსჯავრდებული გ. თ. საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მისთვის ხულოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის შემცირებას. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მსჯავრდებული გ. თ. მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), კერძოდ, აღნიშნული მუხლის მეექვსე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულის ჩადენაშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ გ. თ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა უფლებამოსილია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადასინჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საამისოდ არსებობს საპროცესო კანონით გათვალისწინებული ისეთი საფუძველი, როგორიცაა ახლად გამოვლენილი გარემოება.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. თ-ს მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად და _ მაშასადამე _ განაჩენის გადასინჯვის სამართლებრივ საფუძვლად, რის გამოც მისი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე და 599-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. თ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხულოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 ნოემბრის განაჩენი გ. თ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.