შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.06.2009
საქმის ნომერი
19საზ.-2009
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.06.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

19საზ-09 23 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ქ-სა და მისი დამცველის ადვოკატ კ. ქ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 3 სექტემბრის განაჩენით ლ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით _ 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის «ა’’ და «ბ’’ ქვეპუნქტებით _ 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; 184-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-3 ნაწილით _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა; 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) _ 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ’’ და «ლ’’ ქვეპუნქტებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) _ უვადო თავისუფლების აღკვეთა;

სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ლ. ქ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

იმავე განაჩენით: ბ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2000 წლის 5 მაისიდან.

იმავე განაჩენით, ზ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 150-ე მუხლით _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 151-ე მუხლით _ გამასწორებელი სამუშაო 1 (ერთი) წლის ვადით.

სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ზ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2000 წლის 4 თებერვლიდან, გათავისუფლდა პატიმრობიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 3 სექტემბრის განაჩენი ლ. ქ-სა და ბ. ი-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 224-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში გაუქმდა და საქმე ამ ეპიზოდში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ამასთან, მსჯავრდებულ ლ. ქ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ლ’’ ქვეპუნქტი (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და იმავე კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია).

ლ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ’’ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის საფუძველზეც მას საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ლ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და „ბ» ქვეპუნქტებით _ 6 (ექვსი) წლით, 184-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 3 (სამი) წლით, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 6 (ექვსი) თვით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 (ექვსი) თვით, იმავე მუხლის მე-2 ნაწილით _ 1 (ერთი) წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია) _ 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელთა შეკრების წესით მთლიანობაში ლ. ქ-ს განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის, 5 (ხუთი) თვის, 25 (ოცდახუთი) დღის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) შესაბამისად, საბოლოოდ ლ. ქ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 25 (ოცდახუთი) წლის ვადით;

აღნიშნული განაჩენით გარდაცვლილი ბ. ი. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით (მითითებული რედაქცია), იმავე კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ სასჯელის დაუნიშნავად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 სექტემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: ლ. ქ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის (მითითებული რედაქცია) მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი. ლ. ქ-სა და ბ. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ,,ამნისტიის შესახებ" 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ლ. ქ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლ. ქ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ თავისუფლების აღკვეთა 10 წლის, 5 თვის, 25 დღის ვადით და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხა საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-3 ნაწილითა (მითითებული რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდებში ლ. ქ-სა და ბ. ი-ს მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია), 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ლ. ქ-ს განესაზღვრა 7 (შვიდი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად და ლ. ქ-ს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 (თვრამეტი) წლით, 2 (ორი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა მას დაეწყო 2000 წლის 3 თებერვლიდან.

მსჯავრდებული ლ. ქ. და მისი ადვოკატი კ. ქ. თავიანთი საჩივრით ითხოვენ ლ. ქ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ’’ ქვეპუნქტიდან (მითითებული რედაქცია) ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებასა და ამ მუხლით მის მიმართ დანიშნული სასჯელის თავისუფლების აღკვეთის ვადის შემცირებას 11 წლამდე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ლ. ქ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ლ. ქ-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) «გ’’ პუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით), შეესაბამება ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 11-დან 14 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ’’ პუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მის მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 18 (თვრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შემცირდეს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რის გამოც ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთაინთქმება მის მიმართ დანიშნული სხვა სასჯელები, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. აღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ქ-ს მის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის, 2 (ორი) თვისა და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით _ უნდა შეუმცირდეს 4 (ოთხი) წლით და მას ამ განჩინებით მოსახდელად უნდა დარჩეს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის, 2 (ორი) თვისა და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში, რომლითაც ლ. ქ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია); 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია); 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტით (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია); 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მითითებული რედაქცია); 236-ე მუხლის პირველი _ მე-2 ნაწილებითა (მითითებული რედაქცია) და 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია); ასევე მისი მსჯავრდების სხვა ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მოცემულ ნაწილში გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ ბ. ი-სა და ზ. მ-ს მიმართაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათი მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებების გადასინჯვისათვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-568-ე მუხლებითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით,დაადგინა:

მსჯავრდებულ ლ. ქ-სა და მისი დამცველის, ადვოკატ კ. ქ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინება ლ. ქ-ს მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულ ლ. ქ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «გ’’ პუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით, რომლითაც შთანთქმულ იქნეს მის მიმართ დანიშნული სხვა სასჯელები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2001 წლის 5 დეკემბრის განჩინებით მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის ვადით. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 19 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ვადა _ თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლით, 2 (ორი) თვითა და 25 (ოცდახუთი) დღით _ მსჯავრდებულ ლ. ქ-ს შეუმცირდეს 4 (ოთხი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 14 (თოთხმეტი) წლის, 2 (ორი) თვისა და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.