შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
739აპ.-09 16 Gმარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ც-ს დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ც-ე, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. ც-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით, რომლის მოხდის ათვლა მას დაეწყო 2008 წლის 9 აგვისტოდან – დაკავების დღიდან.
აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ იქნა აგრეთვე რ. ჯ-ე მის დაუსწრებლად, რომელსაც იმავე დანაშაულთა ჩადენისათვის საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით.
განაჩენით ზ ც-ა და რ. ჯ-ს მსჯავრი დაედოთ ისეთ დანაშაულთა გამო, როგორიცაა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, და ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ. ც-მ და რ. ჯ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, გადაწყვიტეს ტ. ი-თვის უკანონოდ აღეკვეთათ თავისუფლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობისა და ასეთი ძალადობის მუქარით. განზრახვის განხორციელების მიზნით, 2008 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 23 საათზე, ზ. ც-ე ქობულეთის რაიონის სოფელ -- შეხვდა ტ. ი-ს და ამ უკანასკნელის სარგებლობაში არსებული „-- “ მარკის, -- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანით მივიდნენ რ. ჯ-ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. --- --- ---ში, რის შემდეგ რ. ჯ-ე, ზ. ც-ე და ტ. ი-ი გაემართნენ ქ. მიმართულებით. დაახლოებით 1 საათზე ქობულეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტ. ი-ს სთხოვეს ავტომანქანის გაჩერება, მაგრამ ზ. ც-მ და რ. ჯ-მ წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ტ. ი-ს აღუკვეთეს თავისუფლება და არ მისცეს ავტომანქანის გაჩერების საშუალება. რ. ჯ-ს მითითებით ისინი გადავიდნენ ქ.--, --გამზირის ¹--სახლის მოპირდაპირედ, ზღვის სანაპიროზე, სადაც მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ თავისუფლებააღკვეთილი ტ. ი-ი ჩასვეს აღნიშნული ავტომანქანის უკანა სალონში, რის შემდეგაც მივიდნენ ქ. -- მდებარე „-- “ სასაფლაოზე, სადაც რ. ჯ-ე და ზ. ც-ე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლნენ: ტ. ი-ს სარგებლობაში არსებულ „-- “ მარკის ავტომანქანას, ღირებულს 8000 ლარად: „-- “ ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 90 ლარად; ქურთუკს, ღირებულს 250 ლარად და ფულად თანხას _ 1000 აშშ დოლარის ოდენობით. ამის შემდეგ მათ ტ. ი-ი დატოვეს ქობულეთის რაიონის სოფელ ა-ი, მისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, ხოლო თვითონ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთები წაიღეს და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 14380 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ც-მ, რომელიც თავისი საჩივრით ითხოვდა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, რასაც ასაბუთებდა შემდეგი მოტივებით: დაზარალებული ტ. ი-ი 2008 წლის 15 თებერვალს მას თვითონ დაუკავშირდა თავისი მობილური ტელეფონით. საღამოსაც თვითონ მიაკითხა სოფელ --, რასაც ადასტურებენ -- მცხოვრები მოწმეები, მათ შორის _ იმ ფაქტსაც, რომ ტ. ი-ი მასთან მისვლამდე მანქანით მოცურდა და თხრილში ჩავარდა; საფუძველსაა მოკლებული სასამართლოს მითითება იმ ფაქტზე, რომ თითქოს მან (ზ. ც-მ) და რ. ჯ-მ ტ. ი-ს პატრულის მითითებაზე, არ მისცეს მანქანის გაჩერების საშუალება, ხოლო შემდეგ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით აღუკვეთეს თავისუფლება; სასამართლო გამოძიებისას ტ. ი-ა ვერ დააკონკრეტა, თუ რაში გამოიხატებოდა მათი მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა. ის იჯდა საჭესთან, ჰქონდა თავისი სურვილისამებრ გადაადგილების საშუალება და თუ ისინი მის მიმართ რაიმე ძალადობას ახორციელებდნენ, მით უფრო უნდა გაეჩერებინა მანქანა პატრულის მითითებაზე და ეთხოვა დახმარება; ასევე არ ჩაუდენიათ მათ ტ. ი-ის მიმართ ყაჩაღობა. მცდარია მითითება იმაზე, რომ ის (ზ. ც-ე) ტ. ი-ს თითქოს დანით დაემუქრა. სასამართლო პროცესზე ტ. ი-მა ვერ აღწერა დანის მონაცემები. იგი აშკარად ცრუობს. ის ასევე ცრუობს, რომ თითქოსდა ისინი სთხოვდნენ მას დაეწერა, რომ მათთვის მისაცემი ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი და ვალში მანქანას აძლევდა, ვინაიდან შუაღამით არც „პასტა“ და ფურცელი ჰქონდათ და, მით უმეტეს, იცოდნენ, რომ ავტომანქანა ტ. ი-ს საკუთრება არ იყო, იგი ეკუთვნოდა კ. ს-ს; რაც შეეხება 1000 აშშ დოლარს, დარწმუნებულია, რომ ტ. ი-ს აღნიშნული თანხა არ ჰქონია, რადგან მისი ოჯახი ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს, არანაირი შემოსავალი არ აქვთ და დაუჯერებელია, ტ. ი-ი ამდენ თანხას ჯიბით ატარებდა; სასამართლო პროცესზე მან აღნიშნა, რომ შესაძლებელია აღნიშნული თანხა დაკარგა და არ შეუძლია იმის დადასტურება, თუ რა ვითარებაში დაკარგა; რაც შეეხება რუხი ფერის „დუბლიონკას“ და შავი ფერის მოკლე ქურთუკს, პირველი არის რ. ჯ-ის საკუთრება, რომელიც მან ათხოვა ტ. ი-ს, ხოლო მეორე, შავი ფერის მოკლე ქურთუკი იყო კ. ს-ს საკუთრება.
აღნიშნული სააპელაციო საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც არ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, ვინაიდან მიიჩნია უსაფუძვლოდ, ხოლო ქობულეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ დატოვა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ზ. ც-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის შერაცხული ქმედება. ადვოკატი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივით, რომ ბრალდება და გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულ ტ. ი-ის წინააღმდეგობრივ ჩვენებებსა და ასევე ბრალდების სხვა ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვინაიდან, კასატორის აზრით, გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ ტ. ი-ის მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე და სასამართლოში მიცემულ წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს. კასატორის ასეთი პოზიცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს, რომლებშიც წარმოდგენილია საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც იძლევა კანონიერ საფუძველს ზ. ც-ის მსჯავრდებისათვის. მსჯავრდებულთა მიერ დაზარალებულ ტ. ი-ათვის უკანონო თავისუფლების აღკვეთის, მისივე ცემის, ასევე მის მფლობელობაში არსებული, „--- “ მარკის ავტომანქანისა და სხვა პირადი ნივთების გატაცების ფაქტები დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებებით, არამედ საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც – ნეიტრალურ მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ნივთმტკიცებებითა და ნაწილობრივ თვით მსჯავრდებულ ზ. ც-ის ჩვენებითაც. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი მსჯავრდებულ ზ. ც-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისათვის.
ამავე დროს საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზ. ც-ის მსჯავრდებისას სრულად არ დაიცვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18, მე-19 და 496-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნები და საფუძვლიანად არ შეამოწმა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არსებობდა თუ არა მსჯავრდებულ ზ. ც-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისა და ყაჩაღობად შეფასებისათვის. მართალია, მსჯავრდებულმა ზ. ც-მ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომენტში დაზარალებულ ტ. ი-ს მიაყენა ფიზიკური შეურა ცხყოფა – სცემა მას, აგრეთვე ემუქრებოდა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მაგრამ ამ გარემოებების თაობაზე დაზარალებულ ტ. ი-ის მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ძალადობა და მუქარა მსჯავრდებულს არ გამოუყენებია დაზარალებულის ქონების დასაუფლებლად, ეს ქმედებები მან ჩაიდინა პირადი შურისძიების მოტივით, რომ დაზარალებულისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემდეგ მისი ქონების დასაუფლებლად ძალადობის გამოყენების საჭიროება აღარც არსებობდა. საქმის მასალების ობიექტური შეფასებით ასევე მკაფიოდ იკვეთება ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ზ. ც-ეს დაზარალებულ ტ. ი-ის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების განზრახვა გაუჩნდა ამ უკანასკნელისათვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მისი ცემის შემდეგ, ხოლო დაზარალებულ ტ. ი-ის მფლობელობაში არსებულ ავტომანქანასა და მის კუთვნილ მოძრავ ნივთებს მსჯავრდებული ზ. ც-ე აშკარად დაეუფლა, რომელთა ერთობლივი ღირებულება შეადგენს დიდ ოდენობას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს იმას, რომ მსჯავრდებულმა ზ. ც-მ დაზარალებულ ტ. ი-ს მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად ჩაიდინა არა ყაჩაღობა, არამედ _ ძარცვა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლიოს მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე _ ცემა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოხსენებული საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას შედეგად მოჰყვა საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში განაჩენის შეცვლის საფუძველია.
ამრიგად, საკასაციო პალატის დასკვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ზ. ც-ს უნდა მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება და ამ ნაწილში მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე _ იმავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამ დანაშაულებისათვის მას სასჯელის ზომებიც აღნიშნული მუხლების შესაბამისი სანქციების ფარგლებში უნდა განესაზღვროს, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და თვით მსჯავრდებულ ზ. ც-ის პიროვნული მახასიათებლები, აგრეთვე საქმის სხვა გარემოებები, კერძოდ ის, რომ მსჯავრდებული პირველად არის სამართალში, ამასთან, მან აანაზღაურა დაზარალებულისათვის მიყენებული ქონებრივი ზიანი _ ნებაყოფლობით დაუბრუნა დაზარალებულს მისთვის წართმეული მოძრავი ნივთები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ც-ის დამცველის, ადვოკატ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ზ. ც-ეს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდება, ამ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ამ დანაშაულებისათვის მას სასჯელის ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული სასჯელები, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეიკრიბოს ზ. ც-ის მიმართ იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე დანიშნულ სასჯელთან – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, რის გამოც მსჯავრდებულ ზ. ც-ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით და ჯარიმა _ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ზ. ც-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.