საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
112აპ-10 ქ. თბილისი
10 მაისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დ. ჩ-ი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტებით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მსჯავრდებულ დ. ჩ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. იმავე განაჩენით დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა დ. ჩ-მა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე უნდა მოიხადოს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე, იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ასევე დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულ დ. ჩ-ს სამოქალაქო მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4725 (ოთხი ათას შვიდას ოცდახუთი) ლარის გადახდა. მსჯავრდებულ დ. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 17 მაისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ. ჩ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.