საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 25.05.2010
საქმის ნომერი
2კ-114აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

¹114აპ-10 25 მაისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე

მოსამართლეები: დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით პ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 4 თვით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, პ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე პ. კ-ს დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

პ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

პ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით _ 7 წლით; საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუნახევრდა და განესაზღვრა _ 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, პ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე პ. კ-ს დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაულები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.