საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
468აპ-10 9 ივლისი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე» და მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანახმად განახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 ივნისიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განახევრდა «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანახმად და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც უნდა დაემატოს 2008 წლის 30 დეკემბერს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ 9 თვით თავისუფლების აღკვეთას და მას 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეხუთე ნაწილებით ა. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად, 10 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახისა და ტარების უფლება.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანახმად განახევრდა და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 26 ივნისიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განახევრდა «ამნისტიის შესახებ» 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის პირველი მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, რომელიც უნდა დაემატოს იმავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ 9 თვით თავისუფლების აღკვეთას და მას 2008 წლის 30 დეკემბრის განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თაახმად, მთლიანად უნდა დაემატოს განსახილველი განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ა. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ივლისის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განაჩენში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ, განაჩენის სამოტივაციო ნაწილის ბოლო აბზაცად მიეთითა:
,,რაც შეეხება მსჯავრდებულ ა. ბ-სათვის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებების ჩამორთმევას, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად ჩამოართვა მას უფლებები 10 წლით, რადგან ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,გ» პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (სსკ-ის 260-ე მუხლი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დადასტურებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი) განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჩამოერთმევა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება 5 წლით, ხოლო ,,ბ», ,,ზ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები _ 10 წლით, ხოლო ა. ბ-მ განმეორებით ჩაიდინა სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და მას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები უნდა ჩამოერთვას 5 წლით.
სარეზოლუციო ნაწილში მე-7 აბზაცად მიეთითა:
ა. ბ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის მესამე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახისა და ტარების უფლება.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ა. ბ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 23 მარტის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.