დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹806აპ-10 6 დეკემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენით ო. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ე“ და იმავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი; სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ო. ფ-ეს სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 3 თებერვლიდან.
ო. ფ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენით ო. ფ-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვაში, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 33-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; იმავე განაჩენით მას ასევე მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით ო. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ო. ფ-ეს მოუხდელი სასჯელი გაუნახევრდა და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მიუხედავად აღნიშნულისა, მან 2010 წლის 3 თებერვალს გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა და ლურჯი ფერის ტრუსში შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც გამოძიებით დაუდგენელი სამარშრუტო მიკროავტობუსით უკანონოდ გადაზიდა ბათუმიდან ქუთაისში.
2010 წლის 3 თებერვალს, 22.40 საათზე, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ..., რესტორან „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს ო. ფ-ე. მათ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ო. ფ-ის ლურჯი ფერის ტრუსიდან ამოიღეს მცირე ზომის, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში შეკრული პაკეტი, რომელშიც აღმოჩნდა ორ პაკეტად, ე.წ. „ბაშად“ გაზეთის ფურცლის ნაჭერსა და ვერცხლისფერ ქაღალდში დაფასოებული, მოვარდისფრო-მოთეთრო ფხვიერი ნივთიერება, რომელიც დამატებითი ექსპერტიზის ¹ქ/38 დასკვნის თანახმად, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ სუფთა წონა შეადგენს 1, 344 გრამს.
2010 წლის 3 თებერვალს ო. ფ-ე შეამოწმეს ნარკოტიკულ თრობაზე, და მას ლაბორატორიული გამოკვლევის ¹... დასკვნის თანახმად დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკისა და „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მიღების ფაქტი.
აპელანტმა – მსჯავრდებულ ო. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. რ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ კი, მისთვის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის დანიშვნა, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და მოინანია იგი. ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ მსჯავრდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასამართლიანია ო. ფ-ისათვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის _ 5000 ლარის დანიშვნა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განაჩენით წყალბუტოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ო. ფ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა აღნიშნა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; მისი ოჯახი განიცდის უკიდურეს გაჭირვებას; მამა გარდაეცვალა, ჰყავს დედა, არასრულწლოვანი ძმა, რომლებიც საჭიროებენ მიხედვას და ითხოვა ცვლილების შეტანა განაჩენში სასჯელის შემცირების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ ო. ფ-ის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _ მ. ი-ის, გ. ლ-ას ჩვენებებით, ეჭვმიტანილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის ¹..., დამატებითი ქიმიური ექსპერტიზის ¹..., ნარკოლოგიური გამოკვლევის ¹... დასკვნებით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით ო. ფ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ო. ფ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების მიზნით განაჩენში ცვლილების შეტანის შესახებ, უსაფუძვლობის გამო:
საქართველოს სსსკ-ის 565-ე მუხლით: ,,მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა”. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე მოცემული დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მხედველობაში მიღებით, პალატას მიაჩნია, რომ ო. ფ-ისათვის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უსამართლოდ. იგი სავსებით უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმ ნაწილში, სადაც იგი მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ადრე ნასამართლობას განიხილავს როგორც დამამძიმებელ გარემოებას, რადგან ო. ფ-ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, ხოლო ადრე გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და, ამდენად, მისთვის ადრე ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად შერაცხვა დაუშვებელია, რის გამოც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ნასამართლობაზე, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის IV ნაწილის თანახმად: ,,თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ნასამართლობაზე, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ივნისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
განაჩენის სამოტივაციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით შერაცხულ ნასამართლობაზე, როგორც დამამძიმებელ გარემოებაზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.