საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹852აპ-10 30 ნოემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. ლ-ისა და გ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ჩ-ასა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 მარტის განაჩენით ზ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ლ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
გ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით _ 8 წლით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით განესაზღვრა ჯარიმა _ 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, გ. ლ-ეს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი.
იმავე კოდექსის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ განაჩენს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი და გ. ლ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი.
გ. ლ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის გამოყენებით ზ. ლ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა ,,ჰამერი», სახელმწიფო ნომრით ,,...», როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი.
ზ. ლ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა: 830 ლარი, 500 ევრო, 212 აშშ დოლარი, ოქროსფერი მეტალის ძეწკვი მედალიონით, ოქროსფერი მეტალის სამაჯური და ოქროსფერი მეტალის ბეჭედი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდა მსჯავრდებულ ზ. ლ-ის ოჯახის წევრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა», ,,დ» ქვეპუნქტებით, 273-ე მუხლითა და 2381-ე მუხლის II ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ზ. ლ-ისა და გ. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ კ. ჩ-ასა და ა. ჭ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივლისის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.