დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-692-688(კ-17) 12 აპრილი, 2018წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. გ-ის, თ. გ-ას, კ. ნ-ის, კ. გ-ას, ი. ე-ას, ე. შ-ას, მ. ჩ-ას, გ. ჩ-ას, ი. ლ-ას, ზ. ბ-ას, ა. ჩ-ას, ბ. ე-ას, გ. ქ-ასა და მ. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-მა, თ. გ-ამ, კ. ნ-ემ, კ. გ-ამ, ი. ე-ამ, ე. შ-ამ, მ. ტ-ემ, ბ. დ-ამ, მ. ჩ-ამ, ა. ზ-ამ, მ. მ-ემ, გ. ჩ-ამ, ი. ლ-ამ, ზ. ბ-ამ, ა. ჩ-ამ, ბ. ე-ამ, რ. ქ-ამ, მ. გ-ამ და გ. ქ-ამ 18.04.2016წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 16.09.2016წ. N2047172 ბრძანების მოსარჩელეთა კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაწილში ბათილად ცნობა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 16.01.2016წ. N108423 ბრძანების მოსარჩელეთა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა თანამდებობაზე აღდგენა და ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.2017წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის, თ. გ-ას, კ. ნ-ის, კ. გ-ას, ი. ე-ას, ე. შ-ას, მ. ტ-ის, ბ. დ-ას, მ. ჩ-ას ა. ზ-ას, მ. მ-ის, გ. ჩ-ას, ი. ლ-ას, ზ. ბ-ას, ა. ჩ-ას, ბ. ე-ას, რ. ქ-ას, მ. გ-ამ და გ. ქ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეთა მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. განჩინებით მ. გ-ის, თ. გ-ას, კ. ნ-ის, კ. გ-ას, ი. ე-ას, ე. შ-ას, მ. ტ-ის, ბ. დ-ას, მ. ჩ-ას ა. ზ-ას, მ. მ-ის, გ. ჩ-ას, ი. ლ-ას, ზ. ბ-ას, ა. ჩ-ას, ბ. ე-ას, რ. ქ-ას, მ. გ-ამ და გ. ქ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.02.2017წ. გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებული ცვლილების შედეგად შეიქმნა ახალი საშტატო ერთეულები ახალი ფუნქცია-მოვალეობებით. კასატორების მოსაზრებით, ამგვარი ცვლილებების დროს აგრეთვე უნდა შეცვლილიყო მთლიანი სამსახურის და კონკრეტული დანაყოფის კომპეტენცია და ამოცანები. აღნიშნულის მიუხედავად, სამსახურის ფუნქციებისა და დანიშნულების მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში ცვლილებები არ განხორციელებულა. ამ პირობებში სასამართლოს დასკვნა ფუნქცია-მოვალეობათა ცვლილების თაობაზე უსაფუძვლო და მიუღებელია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინსტიტუციური ცვლილება განიცადა, როდესაც გამოეყო შსს-ს სისტემას და ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა. 30.07.2015წ. მიღებულ იქნა სამსახურის ახალი დებულება ახალი ამოცანებით. სწორედ აღნიშნულის შემდეგ, 01.08.2015წ. დაინიშნენ მოსარჩელეები. შესაბამისად, ისინი აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განესაზღვრათ ახალი სამსახურით. კასატორებმა აღნიშნეს, რომ არც კანონი და არც დებულება არ განმარტავს თუ რა მიზნით ხდება პირის კადრების განკარგულებაში გადაყვანა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურში გავლის წესის 28.5 მუხლის თანახმად, პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის დროს, მისივე თანხმობით უნდა გადაინიშნოს სხვა თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მაშინ აღნიშნული პირი აიყვანება სამსახურის კადრების განკარგულებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.01.2018წ. განჩინებით საკასაციო საჩივარზე მ. ტ-ის, მ. მ-ის, ა. ზ-ას, ბ. დ-ას და რ. ქ-ას ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მათ მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის, თ. გ-ას, კ. ნ-ის, კ. გ-ას, ი. ე-ას, ე. შ-ას, მ. ჩ-ას, გ. ჩ-ას, ი. ლ-ას, ზ. ბ-ას, ა. ჩ-ას, ბ. ე-ას, გ. ქ-ასა და მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 33.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს. ანალოგიურ დებულებას შეიცავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 01.08.2015წ. N1 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის" 28.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხელის კადრების განკარგულებაში აყვანისათვის საკმარისია თვით რეორგანიზაციის ფაქტის არსებობა, აუცილებელი არ არის რეორგანიზაციას თან სდევდეს შტატების შემცირება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი საიდუმლო მასალებით დასტურდება, რომ უსაფრთხოების სამსახურში 2015 წლის 01 აგვისტოდან რამდენჯერმე განხორციელდა რეორგანიზაცია. შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა მათი კადრების განკარგულებაში გადაყვანის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 16.09.2015წ. №2047172 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ 31.10.1997წ. კანონის 96.2 მუხლის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. უკეთუ დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლედეს სამსახურიდან ამ კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. 97.1 მუხლის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას. "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ("საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამსახურის გავლის წესის" 29.1 მუხლის "ბ" ქვეპუნქტი) შესაბამისად, მოსამსახურე სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება. კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საკასაციო სასამართლოში მოწოდებული საიდუმლო მასალებით დასტურდება, რომ სამსახურში, 2015 წლის 01 აგვისტოდან რამდენჯერმე განხორციელდა რეორგანიზაცია, გაუქმდა და ახლიდან შეიქმნა უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამდებობები, მათი განსაზღვრული სათანადო წოდებები. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ სამსახურში განხორციელებული ცვლილებები ატარებდა არსებით ხასიათს. ამდენად, არსებობდა კასატორების თანამდებობიდან დათხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ზემოხსენებული კანონის 33.1 მუხლი ითვალისწინებს მოხელის აყვანას კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეები კადრების განკარგულებაში იმყოფებოდნენ 4 თვის განმავლობაში. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში აყვანილი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა განეკუთვნება უსაფრთხოების სამსახურის დისკრეციის სფეროს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 26.03.1987წ. გადაწყვეტილების „ლეანდერი შვედეთის წინააღმდეგ“ (Leander v. Sweden) თანახმად, უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. ზემოაღნიშნულთან ერთად მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 11.2 მუხლის "დ1" ქვეპუნქტი ითვალისწინებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედების გავრცელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუცით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთანავე, კადრების განკარგულებაში აყვანიდან 4 თვის ვადის გასვლა "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონის 32.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტის (წესის 29.2 მუხ. "დ" ქვ.პ.) თანახმად წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის ცალკე საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-ის, თ. გ-ას, კ. ნ-ის, კ. გ-ას, ი. ე-ას, ე. შ-ას, მ. ჩ-ას, გ. ჩ-ას, ი. ლ-ას, ზ. ბ-ას, ა. ჩ-ას, ბ. ე-ას, გ. ქ-ასა და მ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის, თ. გ-ას, კ. ნ-ის, კ. გ-ას, ი. ე-ას, ე. შ-ას, მ. ჩ-ას, გ. ჩ-ას, ი. ლ-ას, ზ. ბ-ას, ა. ჩ-ას, ბ. ე-ას, გ. ქ-ასა და მ. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.05.2017წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი