შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 01.02.2011
საქმის ნომერი
2კ-868აპ.-10
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.02.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

868აპ-10 ქ. თბილისი

1 თებერვალი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),იური ტყეშელაშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ვ. ჩ-სა და ვ. ტ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენით ვ. ტ. და ვ. ჩ. _ ცნობილ იქნენ დამნაშავედ და თითოეულ მათგანს მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; იმავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მათ სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა, თითოეულს _ 9 (ცხრა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, აგრეთვე ჯარიმა _ 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. იმავე განაჩენით ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ შ. მ-ს სასარგებლოდ 130 (ას ოცდაათი) ლარის გადახდა.

განაჩენით ვ. ჩ-სა და ვ. ტ-ს ბრალი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ძარცვა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით; ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და ხულიგნობა, ე.ი. საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევა და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი ქმედება ძალადობით, პირთა ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის 14-15 ივნისის ღამეს, დაახლოებით 02.00 საათზე, შ. მ-ი, რომელიც მართავდა ს. უ-ს კუთვნილ ავტომანქანას, გ. კ-სთან, გ. შ-სა და ლ. გ-სთან ერთად, მივიდა ამ უკანასკნელის ბინასთან, მდებარე ქ. ქუთაისში. ლ. გ-ს სადარბაზოსთან დატოვების შემდეგ შ. მ-მა ვერ შეძლო ავტომობილის მობრუნება, რადგან ვ. ტ, ვ. ჩ. და ძიებით დაუდგენელი პირი აღმოჩნდნენ ავტომანქანის მობრუნების არეალში. მან გააჩერა ავტომანქანა, შემდეგ კი ხმოვანი სიგნალითა და შუქ-ფარების ახლო და შორი განათების მონაცვლეობითი ანთებით მოითხოვა გზის განთავისუფლება. ვ. ჩ. და გამოძიებით დაუდგენელი პირი გადავიდნენ გზიდან, ხოლო უმიზეზოდ განაწყენებული ვ. ტ. კი მხოლოდ მას შემდეგ გაერიდა ავტომანქანას, როცა დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. უსაფუძვლოდ შეურაცხყოფილი შ. მ. სიტუაციის გასარკვევად გადმოვიდა ავტომანქანიდან, რა დროსაც მას ჯერ ვ. ტ-მ. გაარტყა სახეში ხელი, ხოლო შემდეგ სცემეს და აგინეს ვ. ჩ-მ და დაუდგენელმა პირმა. აღნიშნულის შედეგად შ. მ-მ სახესა და სხეულზე მიიღო მრავლობითი დაზიანება სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით, ხოლო 130 ლარად ღირებული პერანგი გამოყენებისათვის უვარგისი გახდა. შ. მ-ს ცემისას თავდამსხმელებმა შენიშნეს, რომ მას ეკეთა ოქროს ყელსაბამი და ერთმანეთს მოუწოდეს მისი გატაცება, რის შემდეგ ვ. ტ-მ შ. მ-ს ჩამოწყვიტა 1000 ლარად ღირებული, 15,1 გრამი ოქროს ჯაჭვი. გარდა ამისა, დააზიანეს ს. უ-ს კუთვნილი ავტომანქანა, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 158 (ას ორმოცდათვრამეტი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. ბოროტმოქმედების დანაშაულებრივი ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 15-20 წუთს.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ვ. ტ-მ და ვ. ჩ-მ, აგრეთვე მათმა დამცველმა ადვოკატებმა _ ე. რ-მ და ნ. ქ-მ. აპელანტები თავიანთი საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, როგორც დაუსაბუთებლისა და უკანონოსი. აპელანტთა განმარტებით, განაჩენი ემყარება ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს; არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; სასამართლოში საქმის განხილვისას არ აღმოფხვრილა წინააღმდეგობები მტკიცებულებებს შორის; სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები და გამოიყენა დაუშვებელი მტკიცებულებები, ხოლო ეჭვი არ განმარტა განსასჯელთა სასარგებლოდ.

აპელანტები თავიანთ საჩივარში მიუთითებდნენ, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის მაკვალიფიცირებელი ნიშნის _ „პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმების” არსებობა, რის გამოც მსჯავრდებულების ქმედება შედეგის მიხედვით უნდა დაკვალიფიცირებულიყო და არა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით. გარდა ამისა, როგორც აპელანტები აღნიშნავდნენ, მსჯავრდებულებსა და დაზარალებულ შ. მ-ს შორის კონფლიქტი დაიწყო მთვრალი შ. მ-ის მიზეზით; ოქროს ჯაჭვი კი, რომელიც ჩხუბის დროს დაიკარგა, სეირნობისას იპოვა ვ. ბ-მ და მეორე დღეს ჩააბარა პოლიციას. რაც შეეხება სსკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებას, აპელანტებისათვის გაუგებარია, თუ რას დაეყრდნო სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, რის გამოც ისინი ითხოვდნენ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს საოქმო დადგენილების გაუქმებას.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აპელანტებმა დააზუსტეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტებისა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარდგენილ ბრალდებებში, აგრეთვე მათი ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან იმავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განაჩენი მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა _ ვ. ტ-მ და ვ. ჩ-მ საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორები _ ვ. ტ. და ვ. ჩ. საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო დადგენილებებისა და 2010 წლის 22 ივლისის განაჩენის გაუქმებას, მათ გამართლებას სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე წარდგენილ ბრალდებებში და მათ მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივრებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების _ ვ. ტ-ს, ვ. ჩ-ს მიმართ და შეამოწმა მათი საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს ბრალეულობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე წარდგენილი ბრალდების ნაწილში დადასტურებულია საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია შესაბამისი საპროცესო ნორმებით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამ ნაწილში როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაც სრული მოცულობით ჩაატარა სასამართლო გამოძიება, ასევე სააპელაციო სასამართლოს დასკვნები გამომდინარეობს რეალურად არსებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და მათ მიცემული აქვს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება სწორი კვალიფიკაციის თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული მსჯავრის საფუძველზე ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიმართ სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელები შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მათ პიროვნებას, რის გამოც ისინი ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრ და უსამართლო ზომებად. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დაცვის მხარის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს დაცვის მხარის იმ პოზიციას, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულებს _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს არა აქვთ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული _ ხულიგნობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კონფლიქტი დაზარალებულ შ. მ-სა და მსჯავრდებულ ვ. ტ-ს შორის დაიწყო სპონტანურად, მისი წარმოშობისა და განვითარების წინსწრები სტადიის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაებნენ ვ. ჩ. და კიდევ ერთი პირი დაწყებულ ჩხბუში დაზარალებულის წინააღმდეგ. სხვაგვარად რომ ითქვას, ეს უკანასკნელები ვ. ტ-ს მიერ დაწყებულ დანაშაულს შემდეგ შეუერთდნენ და დაასრულეს მასთან ერთად.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში, იმ მომენტში, როდესაც ვ. ტ., ვ. ჩ. და მათთან ერთად კიდევ ერთი პირი ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნურ ქმედებას, ისინი მოქმედებდნენ ერთმანეთთან შეთანხმებულად, მაგრამ ეს თანხმობა მათ შორის არ არსებობდა მაშინ, როდესაც აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დაიწყო ვ. ტ-მ ინდივიდუალურად, ხოლო დანარჩენები შემდეგ შეუერთდნენ მის მიერ დაწყებულ დანაშაულს. ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე, ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, მხედველობაშია თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მესამე პირთან ერთად ჩადენილი აქვთ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული _ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ვინაიდან სისხლის სამართლის კანონი ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნად არ მიიჩნევს მის ჩადენას ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმების გარეშე.

მაშასადამე, სააპელაციო სასამართლომ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს ბრალდების საქმეზე განაჩენის დადგენისას დაუშვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 562-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტითა და 564-ე მუხლის “ა”, “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევა _ სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს.

ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილებები მსჯავრდებულთა სასიკეთოდ: ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე მუხლის პირველ ნაწილზე, ხოლო ამ დანაშაულისათვის მათ სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 1 (ერთი) წლის ვადით. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მათ მიერ ჩადენილი ხულიგნური ქმედებისათვის დამატებითი სასჯელის სახით თითოეულისათვის _ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის დაკისრების თაობაზე. საბოლოოდ მსჯავრდებულთა მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი _ თითოეულისათვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უნდა შეიკრიბოს მათ მიმართ იმავე განაჩენით დანიშნულ სხვა სასჯელებთან ერთად.

გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო მოსარჩელე _ შ. მ. მოითხოვდა დამნაშავე პირებს აენაზღაურებინათ მისთვის მიყენებული ზიანი (იხ. ტომი I, ს.ფ21). აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ იქნა მხოლოდ ვ. ტ., ფაქტობრივად არ დაწყებულა სრული სამოქალაქო სამართალწარმოება ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიმართ, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხონათა დარღვევით, ორივე მსჯავრდებულს სოლიდარულად დააკისრა დაზარალებულ შ. მ-სათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ხარვეზი არ აღმოფხვრილა არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არ იყო განსაზღვრული თითოეული მსჯავრდებულის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილი იყო მხოლოდ ვ. ტ. და, შესაბამისად, ფაქტობრივად არ დაწყებულა სრული სამოქალაქო სამართალწარმოება ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიმართ, რასაც ითხოვდა სამოქალაქო მოსარჩელე. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაეუქმებინა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რაც არ უკარგავდა უფლებას შ. მ-ს, წარედგინა სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს ვ. ჩ-სა და ვ. ტ-სათვის შ. მ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში, რაც ამ უკანასკნელს საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, არ უკარგავს უფლებას, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამ დანაშაულისათვის მათ სასჯელად განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა _ თითოეულს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლებიც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, შეიკრიბოს იმავე განაჩენით მათ მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელებთან ერთად და მათ საბოლოო სასჯელებად განესაზღვროთ: მსჯავრდებულ ვ. ტ- _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; მსჯავრდებულ ვ. ჩ-ს _ თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ასევე ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-ს მიმართ დამატებითი სასჯელის სახით 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის დაკისრების თაობაზე.

ამასთან, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის განაჩენი გაუქმდეს მსჯავრდებულების _ ვ. ტ-სა და ვ. ჩ-სათვის სამოქალაქო მოსარჩელე შ. მ-ს სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.