საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1010აპ-10 30 დეკემბერი, 2010წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - მაია ოშხარელი
მოსამართლეები: დავით სულაქველიძე
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენით:
ხ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და ხ. მ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის ვადის მოხდა დაეწყო 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ი. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ი. ჩ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი _ 0,1240 გრ. „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი და გრანულები, 0,9140 გრ. „ბუპრენორფინის“ შემცველი აბი, აბის ნატეხი და ფხვნილი, 0,224 გრ. კანაფის თესლი, რაც ინახება საქართველოს შს სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს; გასახსნელი დანა შემდგომი რეაგირებისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, „მაგთიკომის“ სიმბარათით უნდა გადაეცეს ხ. მ-ს ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენით:
დამტკიცდა სახელმწიფო ბრალმდებელს, მსჯავრდებულ ი. ჩ-სა და ადვოკატს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენში ი. ჩ-ს მიმართ შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე, 63-64-ე მუხლების გამოყენებით, 3 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 4 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 5 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან.
მასვე “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 16 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ხ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა, სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ხ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს მსჯავრდებულ ხ. მ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იგი ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.