დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 05.04.2018
საქმის ნომერი
ბს-1148-1142(კ-17)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010332115700003200

#ბს-1148-1142(კ-17) 5 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. და ნ. ე-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 7 დეკემბერს ლ. ხ-მა და ჯ. დ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის, ი. და ნ. ე-ების მიმართ.

მოსარჩელეებმა ინდივიდუალური საწარმო „...“ სახელზე განხორციელებული ჩანაწერის #07045 ტექნიკური სააღრიცხვო ბარათის, 2012 წლის 15 მარტს ნ. და ი. ე-ების სახელზე გაცემული #120248813 სამკვიდრო მოწმობის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგარეჯოს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე, 2012 წლის 3 აპრილს ე-ების სახელზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა და სადავო ქონების მესაკუთრეებად აღიარება მოითხოვეს.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სარჩელს გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ნ. და ი. ე-ების სახელზე 2012 წლის 15 მარტს გაცემული #120248813 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებად ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნები; სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შეჩერებულ იქნა სარჩელის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის დასრულებამდე.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის სხდომაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა და ჯ. დ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს ნ. და ი. ე-ების სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება და 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა და ჯ. დ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივლისის განჩინებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება და 2014 წლის 27 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური საწარმო „...“ სახელზე განხორციელებული ტექნიკური სააღრიცხვო ბარათის ჩანაწერი 07045; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო ჩანაწერი საცხოვრებელ ბინასა და მიწის ნაკვეთზე ნ. ე-ისა და ი. ე-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...); საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა ლ. ხ-ის და ჯ. დ-ის სასარგებლოდ 550 ლარის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და ნ. ე-ებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორების მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, თუ როგორ გახდა ინდივიდუალური საწარმო „...“ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა „...“ უფლებამონაცვლე. კასატორთა მოსაზრებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და საკასაციო საჩივრიდან გამომდინარე უდავოდ დასტურდება, რომ არის მხოლოდ ერთი და არა ორი ფირმა.

კასატორთა განმარტებით, საკასაციო სასამართლოში 11.06.2015წ. სხდომაზე საგარეჯოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე და არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა მ-ას საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ რაიმე იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი, ხოლო ე-ების მიერ მოთხოვნილი იყო ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ის გამოსახლება და ფართის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რაც ქმნის მტკიცების საფუძველს, რომ ლ. ხ-ი და ჯ. დ-ი არამართლზომიერად ფლობდნენ ფართს.

ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორებმა აღნიშნეს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ 24.02.1994წ. ხელშეკრულებით ნ. მ-ას საცხოვრებელი სახლი სარგებლობაში გადასცეს ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს, რადგან აღნიშნული დოკუმენტი არც ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში არ არის დაცული. 24.02.1994წ. ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენდა ი/მ „...“ და არც ფირმა „...“, როდესაც 24.02.1994წ. სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ფირმა „...“. ასევე, არასწორია ის გარემოება, რომ 10.05.1994წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად 1964 წლის სსრ სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად წარდგენილია 10.05.1991წ. ნასყიდობის ხელშეკრულება, როდესაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაფორმებული. 10.05.1991წ. ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმებულია იმ დროს არსებული მმართველი ორგანოს მიერ, გატარებულია წიგნში #45808 და მითითებულია გატარების #3496, რომელზედაც ასევე დასტურდება 27 000 მანეთის გადახდა 16.05.1991წ. კასატორთა მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა 12.12.1992წ. ისნის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის #24 წერილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. და ნ. ე-ების საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. და ნ. ე-ების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1991 წლის 10 მაისს, #1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დაიდო საგარეჯოს რაიონის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების, დამზადების, გადამუშავებისა და რეალიზაციის საქველმოქმედო ფირმა „...“ (დირექტორი კ. ე-ი) და მოქალაქე ნ. მ-ას შორის, რითაც საქველმოქმედო ფირმა „...“ გადაეცა ნ. მ-ას კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, ფაქტიური ფართი - 66.2 კვ.მ, მიწის ნაკვეთი - 3814 კვ.მ, დამხმარე ფართი - 99.2 კვ.მ ეკუთვნის ნ. მ-ას. აღნიშნული ბინის ფასი განისაზღვრა 27000 მანეთით, რომელსაც იხდიდა ფირმა „...“. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, გამყიდველის ხელმოწერას ამტკიცებს სოფლის საბჭო ან კოლმეურნეობა. ხელშეკრულება ხელმოწერილია, რომელსაც ადასტურებს ს. ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე - მ. კ-ი. ხელმოწერა არ არის დადასტურებული ბეჭდით.

ასევე დადგენილია, რომ 1994 წლის 24 თებერვალს საგარეჯოს რაიონის, სოფელ ... საკრებულოს ხელმძღვანელსა და ლ. ხ-ს და ჯ. დ-ს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის (ნ. მ-ასაგან შეძენილი) სარგებლობაში გადაცემის (10 წლის შემდგომ საკუთრებაში გადაცემის უფლებით) ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა უძრავი ნივთის მახასიათებლები, კერძოდ, საცხოვრებელ სახლს აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრებოდა ა. დ-ს მეურნეობა, სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან - კოლმეურნეობის მინდვრები, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან - ცენტრალური გზა.

1991 წლის 10 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება ნ. მ-ასთან დაიდო საქველმოქმედო ფონდ „...“ მიერ, რომლის სახელწოდება შეიცვალა 1992 წლის 22 ივლისის დადგენილების საფუძველზე და გახდა აგრარულ-სამრეწველო კომერციული საქველმოქმედო ფირმა „...“. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქველმოქმედო ფირმა „...“ (სახელწოდების ცვლილების შედეგად აგრარულ-სამრეწველო კომერციული საქველმოქმედო ფირმა „...“) სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა შპს „...“, შემდგომ კი მისი უფლებამონაცვლე ინდივიდუალური საწარმო „...“.

ამავდროულად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს სარგებლობაში სწორედ სადავო უძრავი ქონება გადაეცათ, რომელიც დარეგისტრირებულია ი. და ნ. ე-ების სახელზე. კერძოდ, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით ი. და ნ. ე-ების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს.კ #...) ადგილმდებარეობა და მისი მოსაზღვრე მიწის ნაკვეთები ზუსტად ემთხვევა 1994 წლის 24 თებერვალს ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ისათვის გადაცემული უძრავი ქონების მოსაზღვრე მიწის ნაკვეთებს. გარდა ამისა, 2006 წლის 12 ნოემბრის საგარეჯოს რაიონის, სოფ. ... საკრებულოს #1 აქტის (საცხოვრებელი სახლის ლ. ხ-ისა და ჯ. დ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით) თანახმად, ლ. ხ-სა და ჯ. დ-ს 1994 წლის 24 თებერვალს მათთვის სარგებლობაში გადაცემული საცხოვრებელი სახლი არ მიუტოვებიათ, ამასთან, მათ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი 2500 კვ.მ-მდე შეევსოთ (რაც დასტურდება 1999 წლის 31 დეკემბრის მიწის #10861/99 სარეგისტრაციო მოწმობით). ამავე აქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მოსაზღვრეები არიან აღმოსავლეთის მხრიდან - დ. ჯ-ე (შეძენილი აქვს ა. დ-ას საცხოვრებელი სახლი), დასავლეთის მხრიდან - ვ. გ-ის მიწის ფართი, სამხრეთის მხრიდან - ხევი, ჩრდილოეთის მხრიდან - გზა.

1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, ქალაქში ან ქალაქის ტიპის დაბაში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში სამი თვის ვადაში სანოტარო წესით დადასტურების დღიდან; სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებული უნდა იქნეს სახალხო დეპუტატების სასოფლო საბჭოში არა უგვიანეს სამი თვისა ხელშეკრულების დადების დღიდან. საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

აღსანიშნავია, რომ 1991 წლის 10 მაისის #1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება არ შეიცავს კანონით სავალდებულო რეკვიზიტებს. 1991 წლის 10 მაისის #1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ხელმოწერილია სოფ. ... კოლმეურნეობის თავმჯდომარე მ.კ-ის მიერ, თუმცა დადასტურებული არ არის სათანადო ბეჭდით.

საკასაციო სასამართლო 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლზე მითითებით მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეჯოს ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის საცხოვრებელი სახლის #07045 ტექნიკური პასპორტის (1989წ.) ბათილობის საფუძველია 1964 წლის სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად წარდგენილი 1991 წლის 10 მაისის #1 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სადავო ქონება აღირიცხა შპს „...“ სახელზე.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელებისას, საჯარო რეესტრის მიერ არ იქნა გამოკვლეული და შედარებული უკვე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლითაც დასტურდება, რომ სოფელ ..., 8114,09 ჰა მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) დარეგისტრირებული იყო ჯ. დ-ის სახელზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ბათილად ცნობილი ნ. და ი. ე-ების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის 2012 წლის 3 აპრილის სარეგისტრაციო ჩანაწერი (უძრავ ნივთზე ს/კ ...).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. და ნ. ე-ების საკასაციო საჩივარზე ი. ე-ს 11.01.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ე-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. და ნ. ე-ების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;

3. ი. ე-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 11.01.2018წ. საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი