შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1101აპ_10 6 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 11 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით ზ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 11 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნახევარი – 6 თვე და ზ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 26 დეკემბრიდან.
ზ. ნ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
განაჩენით ზ. ნ-ს მსჯავრი დაედო ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის დეკემბერში (ზუსტი თარიღი დაუდგენელია), ქ. ლ-ში, ... ქუჩის ¹22-ში მცხოვრებმა ზ. ნ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მოიპოვა და პირადად, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), რაც დადასტურებულია ნარკოტიკულ თრობაზე ჩატარებული 2009 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ზ. ნ-მა მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ, მაშინ, როდესაც იგი ანალოგიური ქმედებისათვის ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის დადგენილებით ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენ პირად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით შეეფარდა 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა.
მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და 2009 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ბიძის _ ს. ც-ის საცხოვრებელ სახლში ნათესავ ს. ც-სთან ერთად მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 01 საათსა და 30 წუთზე ზ. ნ-მა, ფეხით ბრუნდებოდა რა თავის საცხოვრებელ სახლში, განიზრახა უკანონოდ შეეღწია თავისი მეზობლის, ქ. ლ-ში, უ-ის ქუჩის ¹52-ში მცხოვრები მ. ნ-ის საცხოვრებელ სახლში და ყაჩაღური თავდასხმის გზით მისგან მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა პირადი ნივთები. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იგი დაახლოებით 02 საათზე მივიდა მ. ნ-ის საცხოვრებელ სახლთან, ნახა, რომ მას საძინებელ ოთახში ენთო შუქი, ავიდა სახლის უკან მდებარე აივანზე, ამოიღო ფანჯრიდან მინა, აიღო იქვე დადებული ხის გადანაჭერი და უკანონოდ შეაღწია ბინაში, რა დროსაც გააღვიძა მ. ნ-ი და გააფრთხილა, რომ არ დაეწყო ყვირილი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამ უკანასკნელმა იმ მიზეზით, რომ ზ. ნ-ი არ დაუფლებოდა მის კუთვნილ „ნოკია N-73“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც თავთან ედო, ხელში დაიჭირა იგი და სთხოვა ზ. ნ-ს, რომ დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი, რაზეც მან სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით თანნაქონი ხის გადანაჭერი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში მ. ნ-ს და ხელიდან გასტაცა მობილური ტელეფონი „ნოკია-N-73“, ღირებული 750 ლარად, თან დაემუქრა, რომ თუ აღნიშნული ფაქტის შესახებ განაცხადებდა პოლიციაში, მოახდენდა მის ფიზიკურ ლიკვიდაციას, რის შემდეგაც დატოვა საცხოვრებელი სახლი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. დაახლოებით 02.30 საათზე ზ. ნ-ი მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც მის მიერ ყაჩაღური გზით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული „ნოკია N-73“-ის მოდელის მობილური ტელეფონი გადამალა საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე ძაღლის სადგომის ქვემოთ, თვითონ კი დაწვა დასაძინებლად.
2009 წლის 26 დეკემბერს, 04.10 საათზე, ზ. ნ-ი მიღებული შეტყობინების საფუძველზე დააკავეს შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს მუშაკებმა და მისი ჩვენების საფუძველზე ზემოაღნიშნული ადგილიდან ამოიღეს მ. ნ-ის კუთვნილი „ნოკია N-73“ მოდელის მობილური ტელეფონი. აღნიშნული ქმედებით ზ. ნ-მა დაზარალებულ მ. ნ-ს მიაყენა 750 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
მსჯავრდებულმა ზ. ნ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში _ მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება ამავე კოდექსის 178-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის შეფარდება.
სახელმწიფო ბრალმდებელმა, ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. ჩ-ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, გასაჩივრებული განაჩენი მიიჩნია კანონიერად, დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ნ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ განაჩენი არის უკანონო როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში და ითხოვეს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირება იმავე კოდექსის 178-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 273-ე მუხლით შერაცხული ბრალდების უცვლელად დატოვება და აღნიშნული მუხლებით სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა იზიარებს მსჯავრდებულ ზ. ნ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე _ იმ ნაწილში, სადაც კასატორები ითხოვენ ქმედების დაკვალიფიცირებას ძარცვით, მაგრამ არ იზიარებს მათ მოთხოვნას იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გადაკვალიფიცირებას იმავე კოდექსის 178-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და იმავე მუხლით მინიმალური სასჯელის შეფარდებას, უსაფუძვლობის გამო.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მსჯავრდებულის ნაწილობრივ აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების _მ. ს-ის, ი. მ-ას, პ. და ვ. ლ-ების, ს. ფ-ისა (შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი) და ბ. ბ-ის (უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი) ჩვენებებით, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ჩვენების ადგილზე შემოწმების, ალკოტესტის ოქმებით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებით, ნარკოლოგიურ თრობაზე ჩატარებული ¹... დასკვნით, რომლითაც მსჯავრდებულს დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მიღების ფაქტი, ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 იანვრის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹..., დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ¹... (რომლითაც დადგენილია, რომ ფანჯრის მინიდან აღებული კვლები დატოვებულია ზ. ნ-ის მარჯვენა და მარცხენა ხელის დიდი თითებით) დასკვნებით, ზ. ნ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია, მაგრამ სწორი სამართლებრივი შეფასება არა აქვს მიცემული.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულ მ. ნ-ის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2009 წლის 25 დეკემბერს სახლში მარტო იყო, ტელევიზორის ყურების დროს ჩაეძინა და შუქი ანთებული დარჩა. ვიღაცამ გააღვიძა და დაინახა მის თავთან მდგომი ზ. ნ-ი, რომელსაც სასმლის სუნი ჰქონდა. მან ზ-ს უთხრა, რომ თუ რაიმე უნდოდა, წაეღო, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა: „შენთან ყოფნა მეკაიფება და იმიტომ ვარ მოსულიო“. დაზარალებულმა ფეხი სამჯერ ჩაარტყა ზ. ნ-ს და შემდეგ ხელი საწოლთან დადებული ტელეფონისკენ წაიღო, მაგრამ ზ. ნ-მა ხელიდან გასტაცა 760 ლარად ღირებული ტელეფონი. მან ზ-ს სთხოვა დაებრუნებინა იგი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა სამჯერ გაარტყა შეშის ნაპობი სახის მარცხენა მხარეს, თან სიკვდილით დაემუქრა, თუ ამას სადმე იტყოდა.
სააპელაციო სასამართლოში დაკითხვის დროს დაზარალებულმა მ. ნ-მა დაამატა, რომ მსჯავრდებული მასთან მივიდა სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად. შეშის ნაპობი ჩაარტყა მხოლოდ მას მერე, რაც დაზარალებულმა ფეხი სამჯერ ჩაარტყა საზარდულში. იგი მას დაემუქრა არა ყელის გამოჭრით, არამედ ცემით, ტელეფონი გასტაცა, ჩაარტყა შეშის ნაპობი და გაიქცა. მსჯავრდებულს დაზარალებულისათვის არც ფული უთხოვია და არც სამკაულები, რომლებიც იქვე „ტუმბოზე“ ეწყო, მაგრამ მას ნივთებისთვის ხელი არ უხლია.
სააპელაციო სასამართლოში დამატებითი დაკითხვის დროს კი დაზარალებულმა შეცვალა ჩვენება და აღნიშნა: ,,მან ხელი დამიჭირა და მარჯვენა ხელით სამჯერ თუ ოთხჯერ ჩამარტყა შეშის ნაჭერი, გამომგლიჯა ტელეფონი და გაიქცა, თან გამაფრთხილა, არავის უთხრა, თორემ მოგკლავო”.
პალატის აზრით, დაზარალებულ მ. ნ-ის მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მიცემული ჩვენებები თანმიმდევრულია, ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ამდენად, მის მიერ სააპელაციო სასამართლოში დამატებით მიცემული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
მოწმე მ. ს-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2009 წლის დეკემბერში, გვიან ღამით, გააღვიძა მ. ნ-ის კივილმა. მასთან მისულს ადგილზე დახვდნენ მეზობელი ლ-ები. მ-ამ უთხრა, რომ ღამით მასთან შევიდა ზ. ნ-ი, რომელმაც ხელიდან გასტაცა ტელეფონი და სცემა. მ-ას მარცხენა თვალის არე დალურჯებული ჰქონდა. მ. ს-ემ იცოდა რა, რომ ზ. ნ-ს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, იფიქრა, მასთან სახლშიც არ შესულიყო და იქიდან ჩქარა წამოვიდა. გზაზე გაიგონა ფეხის ხმა და ტელეფონის მაშუქზე იცნო მეზობელი ზ. ნ-ი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ნ-მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, მხოლოდ _ ნარკოტიკული ნივთიერებების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ნაწილში და აღნიშნა, რომ ნასვამი იყო, მოიხმარა მარიხუანა, მაგრამ ყაჩაღობა არ ჩაუდენია. მ. ნ-ის სახლში ადრეც დადიოდა გასართობად, რადგან ამ უკანასკნელს ხშირად მოჰყავდა სახლში გოგონები. იცოდა, რომ იმ ღამითაც იყვნენ მასთან გოგონები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მ-ას იმ ღამით გოგონები არ მიუყვანია. მ-ას ხმა ვერ გააგონა და ფანჯრიდან იმიტომ შევიდა. ამ უკანასკნელმა კი ყვირილი დაიწყო. მას ნივთების წამოღების და სხეულის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. ტელეფონი იმიტომ წამოიღო, რომ მ-ა პოლიციაში დარეკვას აპირებდა. ზ. ნ-მა განაცხადა: „ნასვამი ვიყავი და არ მახსოვს, მგონი, ტელეფონის დაუფლების შემდეგ ვცემე დაზარალებულს, ისიც იმიტომ, რომ ფეხი ჩამარტყა საზარდულში და გავმწარდი“.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი ყაჩაღობის ნაწილში აგებულია ეჭვებსა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებზე. ზემოაღნიშნული ბრალდების მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები ყაჩაღობის ნაწილში ნაკლებსარწმუნოა, არც სხვა მტკიცებულებითაა გამყარებული და, შესაბამისად, უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
საკასაციო პალატის აზრით, საქმე განხილულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად არ გამოიკვლიეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და, შესაბამისად, არ მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის III ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საქმეში კი არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ზ. ნ-მა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ჩაიდინა თავდასხმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად: „ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო იმავე კოდექსის 496-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განსასჯელის ქმედება არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით, რადგან აღნიშნული მუხლის დისპოზიციით ყაჩაღობა არის თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების თანახმად, განსასჯელს არ მოუხდენია თავდასხმა მობილური ტელეფონის ან სხვა მოძრავი ნივთების გატაცების მიზნით. დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი უკვე მის მფლობელობაში იყო და მის მიერ გამოყენებული ძალადობა განაპირობა შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მიზანმა. დაზარალებული არ შეხებია არც იქვე ,,ტუმბოზე” დაწყობილ მოძრავ ნივთებს (ოქროს ბეჭედი, ფული და მარგალიტის მძივი). შესაბამისად, განსასჯელის მიერ ჩადენილი ქმედება არ გვაძლევს ყაჩაღობის შემადგენლობას და, ამდენად, უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით.
ზემოხსენებული დანაშაულის ჩადენით ასევე საფრთხე შეექმნა ადამიანის სხეულის ხელშეუხებლობას, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატა ცემაში, კერძოდ:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ¹... დასკვნით მ. ნ-ს სხეულზე აღენიშნება დაზიანებანი სისხლნაჟღენთის, სისხლჩაქცევისა და ნაჭდევის სახით, რომლებიც მიყენებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. რადგან ზ. ნ-ის ქმედებას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, ჩადენილი დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 178-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” და იმავე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებსა და 125-ე მუხლის I ნაწილზე. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილი მოიცავს იმავე მუხლის II ნაწილს, მსჯავრდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის გათვალისწინებით.
ზ. ნ-ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 7 წლით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 125-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით ზ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთას _ უნდა დაემატოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნახევარი – 6 თვე და ზ. ნ-ს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 125-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ნ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
ზ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტსა და 125-ე მუხლის I ნაწილზე.
ზ. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით _ 7 წლით, 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 125-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11 ნაწილის გამოყენებით ზ. ნ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის III ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს – 7 წლით თავისუფლების აღკვეთას _ დაემატოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ნახევარი – 6 თვე და ზ. ნ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.