საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის შესახებ
42აპ-11 24 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ისა და მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 სექტემბრის განაჩენით რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლითა და 6 თვით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 3 500 ლარი. სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 1 500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და რ. ბ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14 წლითა 6 თვით. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 5000 ლარი.
დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი და რ. ბ-ს, ე. ტ-ს, ს. გ-სა და ფ. ღ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 36980 აშშ დოლარის, 8500 ევროს და 5800 ლარის გადახდა დაზარალებულ თ. ბ-ს სასარგებლოდ.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა. კერძოდ, რ. ბ-ი გამართლდა სსკ-ის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. მასვე განაჩენიდან ამოერიცხა მითითება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით მსჯავრდების თაობაზე. გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდა სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
რ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 9 ოქტომბრიდან.
დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზ. მ-ისა და მსჯავრდებულ რ. ბ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.