საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
131-10 29 ივნისი, 2010 წელი
თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე - დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რეაბილიტირებულ ვ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განაჩენით ვ. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. აღნიშნული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე შეიკრიბა მთლიანად, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ვ. გ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, «ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განაჩენით გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 აპრილის განაჩენი და ვ. გ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდებში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. იმავე განაჩენით ვ. გ-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების უფლება.
აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2009 წლის 10 აგვისტოს ვ. გ-მა შუამდგომლობით მიმართა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა სისხლის სამართლის სამართალწარმოების ორგანოების მიერ უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავებისა და მსჯავრდების შედეგად მისთვის მიყენებული მატერიალური, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება.
2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით ვალერი გურაშვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას უარი ეთქვა სისხლის სამართლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული მატერიალური, მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რეაბილიტირებულ ვ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.