დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.09.2010
საქმის ნომერი
11საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.09.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹11 საზ-10 თბილისი

11საზ-10 30 სექტემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. პ-ს დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ნ. პ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე, ნ. პ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

იმავე განაჩენით ზ. ჟ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

იმავე განაჩენით გ. ჭ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლისა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, იმავე კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) თანახმად, ნაწილობრივი შეკრების საფუძველზე, გ. ჭ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილებები:

მსჯავრდებულების _ ნ. პ-ა და ზ. ჟ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ხოლო მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 25-ე მუხლითა და 179-ე მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე ნ. პ-ს, ზ. ჟ-სა და გ. ჭ-ს მიმართ აღნიშნული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელები დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ჭ-ს, მსჯავრდებულ ნ. პ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. დ-სა და მსჯავრდებულ ზ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.

მსჯავრდებულ ნ. პ-ს დამცველი, ადვოკატი ვ. გ-ე საჩივრით ითხოვს, 2007 წლის 4 ივლისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 88-ე მუხლში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ნ. პ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 15 ნოემბრის განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მისთვის განსაზღვრული საბოლოო სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ნ. პ-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი დამცველის საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ცვლის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ შეტანილ საჩივარს განიხილავს მხოლოდ გადასინჯვის საფუძვლიანობის თვალსაზრისით.

საკასაციო პალატას მიაჩნია: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავიანთ განაჩენებში სასჯელის დანიშვნისას უკვე გაითვალისწინეს მსჯავრდებულ ნ. პ-ს არასრულწლოვანება და ამ საფუძვლით მას დაუნიშნეს შემსუბუქებული სასჯელი _ საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლების სანქციებით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელის ზომა. ამასთან, საბოლოოდ მისთვის დანიშნული სასჯელი არ აღემატება საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2007 წლის 4 ივლისის რედაქცია) განსაზღვრულ, თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მსჯავრდებულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დასანიშნი სასჯელის მაქსიმალურ ზღვარს, რის გამოც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმის ახალი რედაქცია ვერ იქნება მიჩნეული ახლად გამოვლენილ გარემოებად გასაჩივრებული განაჩენის მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს ნიკოლოზ პაპოშვილის მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომის გადასინჯვის საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო პალატამ აღნიშნული განაჩენი შეამოწმა სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ ამავე განაჩენით მსჯავრდებულების _ ზ. ჟ-სა და გ. ჭ-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელები, ზემომითითებულ გარემოებათა გამო, აგრეთვე უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ნ. პ-ს დამცველის, ადვოკატ ვ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ ნ. პ-ს, ზ. ჟ-სა და გ. ჭ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.