დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.12.2010
საქმის ნომერი
25საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
24.12.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

25საზ-10 ქ. თბილისი

24 დეკემბერი, 2010 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. თ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 23 მაისის განაჩენით ფ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 26 ოქტომბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ფ. თ-ს დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროსფერი მეტალის ყელსაბამი მედალიონით, ოქროსფერი მეტალის ბეჭედი, ფულადი თანხა _ 74 ლარი და ფ. თ-ის კუთვნილი ავტომანქანა “...”, სახ. ¹, ჩამოერთვა უსასყიდლოდ სახელმწიფოს სასარგებლოდ. გაუქმდა ყადაღის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ავტომანქანა “....”, სახ. ნომრით ¹.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ფ. თ-მა 2006 წლის ოქტომბერში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, შ. ს-გან, შემდგომში გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 1,641 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რასაც იგი უკანონოდ ინახავდა.

2006 წლის 27 ოქტომბერს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქ. თ-ში, ქ-ის ქუჩის ¹-ში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ფ. თ-ი, რომელსაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო, კანონით დადგენილი წესით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის “ადიდასის” ფირმის სპორტული შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა “მალბოროს” ფირმის სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით _ 1,641 გრამი.

ამავე განაჩენით შ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 19 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 28 ოქტომბრიდან.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, შ. ს-ს დამატებით სასჯელად დაეკისრა ქონების ჩამორთმევა და ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა _ 27 ლარი, 400 აშშ დოლარი და შ. ს-ის კუთვნილი ავტომანქანა “...”, სახ. ნომრით ¹, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ. გაუქმდა ყადაღის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ავტომანქანა “...”, სახ. ნომრით ¹.

შირლან სამედოვს, როგორც ნარკომანიით დაავადებულს, დაენიშნა იძულებითი მკურნალობა.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

შ. ს-ა 2006 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, გამოძიებით დაუდგენელი პირისგან, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 65,574 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, საიდანაც 2006 წლის ოქტომბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ფ. თ-ზე უკანონოდ გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 1,641 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელიც 2006 წლის 27 ოქტომბერს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანაშმრომლებმა ამოიღეს ფ. თ-გან პირადი ჩხრეკის დროს.

2006 წლის 28 ოქტომბერს ფ. თ-ის ჩვენების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თ-ბ-ლ-ის 21-ე კილომეტრზე მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შ. ს-ი, რომელსაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გამო, კანონით დადგენილი წესით ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შავი ფერის შარვლის წინა, მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ცისფერ პოლიეთილენში მოთავსებული, თეთრ, გამჭვირვალე პოლიეთილენში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, წონით _ 63,933 გრამი.

შ. ს-სა და ფ. თ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები (“ჰეროინი”) ერთნაირია თავიანთი ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლებით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ფ. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. რ-მა, ო. ს-მა და დ. ლ-მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტები ითხოვდნენ მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქებას და ასევე მისთვის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ჩამორთმეული ნივთების დაბრუნებას.

განაჩენი ასევე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ტ-მა და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა შ. ს-ის მიმართ ახალი გამამართლებული განაჩენის დადგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ფ. თ-ისა და შ. ს-ის მიმართ სასჯელისა და კვალიფიკაციის ნაწილში დარჩა უცვლელად; ცვლილება შევიდა მხოლოდ ფ. თანირგულიევისათვის საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული ნივთების დაბრუნებისა და მსჯავრდებულ შ. ს-ის იძულებითი მკურნალობის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტაში.

კერძოდ: ფ. თ-ს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა _ 74 ლარი და ავტომანქანა “.....”, სახ. ნომრით ¹, ფ. თ-ს უსასყიდლოდ ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ. გაუქმდა ყადაღის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ავტომანქანა “.....”, სახ. ნომრით ¹, ხოლო საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ოქროსფერი მეტალის ყელსაბამი მედალიონით და ოქროსფერი მეტალის ბეჭედი დაუბრუნდა მის მფლობელს _ ფ. თ-ს; შ. ს-ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული იძულებითი მკურნალობა გაუქმდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ფ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-ის, ო. ს-ის და შ. ს-ის ადვოკატ ლ. ტ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2010 წლის 25 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ფ. თ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის “ბ”, “ზ” ქვეპუნქტების შესაბამისად, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ფ. თ-ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 23 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 16 ოქტომბრის განაჩენების გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ფ. თ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ბ” ქვე პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას, ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს, ხოლო ამავე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს.

ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ფ. თ-ის მიერ წარმოდგენილი საჩივრის მოტივაციას მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ პროცესის მწარმოებელმა თანამდებობის პირებმა დაარღვიეს საპროცესო ნორმები და რომ გამომძიებლების მიერ მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკების დროს კანონის დარღვევის ფაქტი წარმოადგენს მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ არის საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ პირადი ჩხრეკის ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი და, შესაბამისად, გადაისინჯოს მსჯავრდებულ ფ. თ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ფ. თ-ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მტკიცებულების სახით წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, ასეთი არც სასამართლოს გამოუყენებია მტკიცებულებად მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.

Aამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ფ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.