დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 14.01.2011
საქმის ნომერი
27საზ.-2010
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
14.01.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

¹27საზ-10 ქ. თბილისი

14 იანვარი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ.Bბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ.Mმ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ფ.Bბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის განაჩენით ფ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 8 თებერვლიდან.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ფ.Bბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ.Dდ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2010 წლის 10 ნოემბერს მსჯავრდებულმა ფ.Bბ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მოითხოვეს მის მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამავე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება. შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოწმე მ. ს-ას შეუძლია დაადასტუროს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა ფ.Bბ-მა ფულადი თანხა ნაწილ-ნაწილ (300 აშშ დოლარი და 600 აშშ დოლარი, სულ 900 აშშ დოლარი) გადასცა დაზარალებულ თ. ნ-ს. აღნიშნული მოწმე არ დაკითხულა სასამართლოში, ვინაიდან არ გააჩნდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მსჯავრდებულისათვის ახლა გახდა ცნობილი. საქმის სასამართლოში განხილვის დროს ასევე არ იყო ცნობილი ის ფაქტიც, რომ თ. ნ-მა ავტომობილი „“ 1000 აშშ დოლარად მიყიდა ბ.Gგ-ს. ამ ფაქტის დადასტურება შეუძლია როგორც თავად ბ. Gგ-ს, ასევე დ. Kკ-ას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მსჯავრდებულისათვის ცნობილი გახდა 2010 წლის ოქტომბრის თვეში თავისი დის _ ლ.Bბ-სა და ადვოკატისაგან. ამდენად, შუამდგომლობის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით აუცილებელია გადაისინჯოს განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ: ბ.Gგ-ი, მ. ს-ია, დ. კ-ა და ლ.Bბ-ი, რომლებიც დაადასტურებენ, რომ დაზარალებულ ორგანიზაციას, რეგისტრირებულ კოოპერატივ “” მიადგა გაცილებით ნაკლები _ 5400 აშშ დოლარის (8910 ლარის) ზიანი, ვიდრე ეს განაჩენის გამომტანი სასამართლოსათვის იყო ცნობილი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ფ.Bბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

მსჯავრდებული ფ.Bბ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.Mმ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის “ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო”. ზემოხსენებული კი მსჯავრდებულ ფ.Bბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის მიერ სასამართლოში შეტანილ შუამდგომლობაში, ასევე მსჯავრდებულ ფ.Bბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ.Mმ-ის საკასაციო საჩივარში დასაბუთებული არ არის.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობაში აღნიშნული გარემოებები თანხის დამატებითი გადაცემის შესახებ, რის დასადასტურებლადაც მსჯავრდებული ფ.Bბ-ი უთითებს მოწმე, ვინმე მ. ს-ას, მხარეთათვის, კერძოდ კი მსჯავრდებულისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო საქმის განხილვის დროსაც და, შესაბამისად, იგი არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ასეთად მიიჩნევა გარემოება, რაც საქმის განხილვის დროს ცნობილი არ იყო პროცესის მონაწილე მხარეთათვის, მათ შორის დაცვის მხარისათვის.

ამდენად, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე _ კანონიერი და დასაბუთებული და მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ფ.Bბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი ფ.Bბ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.