დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.05.2011
საქმის ნომერი
22აგ.-2011
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

22აგ-11 თბილისი

30 მაისი, 2011 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ლ. შ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 17 მაისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ლ. შ-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი.

2011 წლის 1 მარტს, ლ. შ-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ განაჩენს საფუძვლად დაედო კ. გ-ს ავტომანქანის ტვირთის აწონვის ქვითარი, ექსპერტიზის დასკვნა, კრებსების ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები მაშინ, როცა კ. გ-ს ავტომანქანის ტვირთის აწონვის ქვითრით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „- “ კ. გ-ს ავტომანქანაზე დატვირთეს 27 430 კგ ტვირთი, ხოლო მანქანის დაკავებისას, ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მასში აღმოჩნდა 17 000 კგ ტვირთი, ე.ი. დაშვებულია შეცდომა, რომელსაც წინასწარი გამოძიებისას და სასამართლო განხილვისას არ მიექცა ყურადღება. ტვირთის აწონვის ქვითარში, ავტომატარებლის სრულ წონად მითითებულია 29710 კგ. მანქანის წონა კი დადგენილი არ არის. თუკი ავტომატარებლის სრულ წონას გამოაკლდებოდა ავტომანქანის წონა – 10 000 კგ, შემდეგ კი კონტეინერის წონა – 2280 კგ, შედეგად მივიღებდით 17 000 კგ, რაც ზუსტად ემთხვევა იმ ციფრს, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ტვირთის წონად. აღნიშნულის გათვალისწინებით საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ დანაკლისი რეალურად არ არსებობს და იგი უკანონოდ იქნა მსჯავრდებული.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით ლ. შ-ს შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მსჯავრდებული ლ. შ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა იმავე მოტივებით, რაზეც მას მითითებული ჰქონდა შუამდგომლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის «ზ» ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა რა მოცემული საქმე, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს, ხოლო კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ. შ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ს მიმართ დარჩეს ძალაში.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.