სისხლის სამართლის 27.03.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

371_08 27 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი მსჯავრდებულ რ. ხ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში შეტანილი საკასაციო საჩივრის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის განაჩენით რ. ხ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, ტექნიკური განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის 30 დეკემბრის რედაქცია შემდგომი ცვლილებებითა და დამატებებით) მე-17 მუხლისა და 105-ე მუხლის საფუძველზე. მას ბრალი დაედო დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 25 მარტის დადგენილებით ზემოაღნიშნულ განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: რ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის (მითითებული რედაქცია) მე-17 და 105-ე მუხლებიდან გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 110-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რის საფუძველზეც რ. ხ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემდეგ რ. ხ-მა არაერთხელ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს მისი ბრალდების საქმეში დაზარალებულ გ. ხ-ის ავადმყოფობის ისტორიისა და სამედიცინო დასკვნის გაყალბების თაობაზე, რაზედაც თბილისის გლდანი_ნაძალადევის რიონული პროკურატურის დადგენილებით შეწყდა წინასწარი გამოძიება. აღნიშნული დადგენილება რ. ხ-მა გაასაჩივრა, რომელიც თბილისის გლდანი_ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 დეკემბრის დადგენილებით დარჩა უცვლელად.

2005 წლის 22 თებერვალს რ. ხ-მა განცხადებით მიმართა თბილისის ისანი_სამგორის რაიონულ პროკურატურას თბილისის ¹-.. კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგის _ კ. გ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, ამ უკანასკნელის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადების გამო. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით 2005 წლის 25 მარტს ი-ის რაიონული პროკურორის თანაშემწემ გამოიტანა დადგენილება საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რაც კვლავ გაასაჩივრა რ. ხ-მა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის დადგენილებით გაუქმდა პროკურორის თანაშემწის ზემოაღნიშნული დადგენილება, ხოლო სისხლის სამართლის საქმე, წინასწარი გამოძიების დაწყების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამის პროკურორს. თბილისის ი-ის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ შ. ყ-ის 2008 წლის 26 მაისის დადგენილებით მოცემულ საქმეზე კვლავ შეწყდა წინასწარი გამოძიება.

2008 წლის 6 აგვისტოს რ. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის ¹.. კლინიკური საავადმყოფოს გულმკერდის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელის, დოცენტ კ. გ-ს მიერ წინასწარი შეცნობით, სამედიცინო დასკვნის გაყალბებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის _ 200 000 ( ორასი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურებასა და სრულ რეაბილიტაციას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 სექტემბრის დადგენილებით რ. ხ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილება რ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აპელანტი _ რ. ხ. თავისი საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAკოლეგიის 2008 წლის 25 სექტემბრის დადგენილების გაუქმებას საქართველოს სსსკ-ის 28-ე, 219-ე მუხლების საფუძველზე, მის რეაბილიტაციასა და კ. გ-ს მიერ მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების ამ უკანასკნელზე დაკისრებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით რ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფლდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე რ. ხ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას; საჩივარში ჩამოყალიბებული დასკვნების სამართლიან და სრული მოცულობით შემოწმებას; საჩივარზე დართული მტკიცებულებებისა და პრეიუდიციების ერთობლიობით ჩამოყალიბებული დასკვნების საფუძველზე მისი უდანაშაულობის დადგენასა და მისი უფლებების აღდგენას სრული რეაბილიტაციით; ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 1 დეკემბრის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებას, იმავე საფუძვლით მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის ან განჩინების გამოტანას; ასევე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა როლანდ ხატიაშვილის საკასაციო საჩივარი და მასთან დაკავშირებით არსებული სასამართლო განხილვის მასალები, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

იმ საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, რომლებიც თავის საჩივარში დააყენა რ. ხ-მა და რომელთა თაობაზეც იგი ითხოვს საკასაციო ინსტანციის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, არ მიეკუთვნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უფლებამოსილებას, რის გამოც აღნიშნულ საჩივარს საკასაციო პალატა ვერ განიხილავს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს იმ საკითხებზე საკასაციო საჩივრის შეტანას, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში მომჩივან რ. ხ-ის ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი საკითხების განხილვისა და მათ თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, საპროცესო კანონის თანახმად, ასევე არ გააჩნიათ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს. მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არსებითად განიხილეს რ. ხ-ის მიერ შეტანილი საჩივრები და მათ თაობაზე გამოიტანეს შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებები (დადგენილება, განჩინება) აღნიშნული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ უსაფუძვლობის მოტივით, მაგრამ, საპროცესო კანონიდან გამომდინარე, ასეთი სასამართლო გადაწყვეტილება საკასაციო წესით ვერ გასაჩივრდება. ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მიერ რ. ხ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში არც ყოფილა მითითებული მისი გასაჩივრების უფლებაზე. იმავე გარემოებათა გამო რ. ხ-ის მიერ შეტანილი საჩივარი ვერ ჩაითვლება საკასაციო საჩივრად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების თაობაზე რ. ხ-ის მიერ შეტანილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების თაობაზე რ. ხ-ის მიერ შეტანილი საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.