საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

455აპ-09 7 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ თ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განაჩენზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის განაჩენით გ. ა-შვილი, დაბადებული 1990 წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით _ 4 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; 2381-ე მუხლის I ნაწილით ჯარიმა _ 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის გამოყენებით, გ. ა-შვილს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 1000 (ათასი) ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გაუქმდა გ. ა-შვილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს თანხა _ 6000 (ექვსი ათასი) ლარი დაუბრუნდა მის შემტან მ. ა-შვილს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში შემდეგი მიმართებით:

გ. ა-შვილს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის სასჯელად განესაზღვრა _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381 მუხლის I ნაწილით ჯარიმა – 1000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შეკრების წესით, გ. ა-შვილს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს უკანასკნელი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის III ნაწილის «დ” ქვეპუნქტითა და 2381-ე მუხლით I ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრის _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის _ თ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.