სისხლის სამართლის 07.10.2009
საქმის ნომერი
491აპ-09
თარიღი
07.10.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

491აპ-09 ქ. თბილისი

7 ოქტომბერი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე დავით სულაქველიძე

მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით ა. -ძე, _ დაბადებული ..... წელს, ნასამართლობის მქონე (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტებით) _ ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. აღნიშნულ სასჯელს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 (სამი) წლითა და 22 (ოცდაორი) დღით თავისუფლების აღკვეთა და ა. გ-ძეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 22 (ოცდაორი) დღის ვადით. მსჯავრდებულ ა. გ-ძეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან _ 2008 წლის 13 ნოემბრიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, ა. გ-ძეს მსჯავრდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ აბელ გოგრაჭაძის მიმართ დარჩა უცვლელად.

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.

გარდა ამისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.

მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ნაწილის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. გ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაA პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.