შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
363-აპ 12 იანვარი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ი. ტყეშელაშვილი,ნ. კვანტალიანი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის განაჩენზე, რომლითაც მსჯავრდებული კ. ც-ლი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
კ. ც-ლი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში მყოფი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005წ. 31 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ქურდობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რის გამოც მას სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენის მიხედვით, კ. ც-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 15 დეკემბერს კ. ც-ლი მივიდა თავის ნაცნობ ლ. ლ-სთან სახლში, რომელსაც დანაშაულის განსახორციელებლად და გაადვილების მიზნით უთხრა, რომ მას ქუთაისში, --- ქუჩაზე მდებარე --- ქარხნის ტერიტორიიდან, სადაც იგი მუშაობდა, წამოსაღები ჰქონდა მისი კუთვნილი წყლის ტუმბო, ე.წ. «ნასოსი», და სთხოვა მას დახმარებოდა აღნიშნული ნივთის წამოღებაში. როდესაც ლ. ლ-ძე დაეთანხმა, ისინი მივიდნენ ქ. ქუთაისში, --- გამზირზე მდებარე --- პარკის წინ არსებულ ტაქსების გაჩერებაზე, ჩასხდნენ იქვე მდგომ «ვაზ-2106» მარკის, ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა მძღოლი ბ. ა-ია. მას კ. ც-მა ასევე უთხრა, რომ სამსახურიდან წამოსაღები ჰქონდა თავისი კუთვნილი ნივთი. ისინი მივიდნენ ქ. ქუთაისში, --- ქუჩაზე ¹20-ში მდებარე --- ქარხანასთან, სადაც კ. ც-მა საკეტის დაზიანებით გააღო ქარხნის შესასვლელი ჭიშკარი და ლ. ა-ას ავტომანქანა ქარხნის ეზოში შეაყვანინა. იგი ქარხნის ტერიტორიაზე დაგდებული ძალაყინის მეშვეობით ლ. ა-სა და ლ. ლ-ის დახმარებით უკანონოდ დაეუფლა ქუთაისის --- ქარხნის კუთვნილ, 500 ლარად ღირებულ წყლის ტუმბოს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა შპს --- ქარხნის მფლობელს კ. მ-ლს. იგი აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას შემთხვევის ადგილზე მხილებულ იქნა ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს პოლიციის --- განყოფილების მუშაკების მიერ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ. კ-ემ, რომლითაც მიიჩნევს, რომ კ. ც-ის მიმართ გამოტანილი განაჩენით დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით არის ლმობიერი, ვინაიდან, ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო სასჯელის სახით კანონით დადგენილია სამიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, აღნიშნულ დანაშაულს მიღებული აქვს გავრცობითი ხასიათი, რის გამოც იგი იძენს მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ხოლო სასამართლოს მხრიდან ლმობიერი სასჯელის გამოყენება იწვევს დაუსჯელობის სინდრომს დამნაშავეთა შორის და კარგავს სასჯელის გამოყენების უმნიშვნელოვანეს პრინციპს პრევენციულობის სახით.
საჩივარი განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ და, არ დააკმაყოფილა რა იგი, 2005წ. 14 ივლისის განაჩენით უცვლელად დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ. ც-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე პროკურორმა ხ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს ამ განაჩენის გაუქმებასა და კ. ც-ის ბრალდების საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში, ამასთან, ამ მოთხოვნას კასატორი აყენებს იმავე მოტივების საფუძველზე, რაც მას წინათ აღნიშნული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები კ. ც-ის ბრალდების თაობაზე და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მიერ საჩივარში წარმოდგენილ მოტივებს, რომლებითაც ცდილობს დაასაბუთოს, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ. ც-ის მიმართ 55-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით _ არის აშკარად ლმობიერი. პროკურორი მიუთითებს, რომ კ. ც-ის მიერ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, მაგრამ სინამდვილეში, საქმის მასალებიდან და საქმეზე მოპოვებული სარწმუნო მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რეალურად ასეთი ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს. ხსენებული მტკიცებულებების მიხედვით, კ. ც-ლი ცდილობდა წყლის ტუმბოს მოპარვას დაზარალებულ კ. მ-ის კუთვნილი პურის ქარხნის ეზოდან, სადაც შეაღწია ეზოს ჭიშკრის საკეტის გახსნით. ასეთი ტიპის ეზო საცავად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მას არ გააჩნია საცავის დანიშნულება და ფუნქცია.
ამასთან, მართალია, წყლის ტუმბოც დაზარალებულ კ. მ-ლს ეკუთვნოდა, მაგრამ რეალურად მას ზიანი არ მისდგომია, რადგან კ. ც-ლი პოლიციის მუშაკებმა იმ მომენტში დააკავეს, როდესაც იგი ცდილობდა წყლის ტუმბოს ქარხნის ეზოდან გატანას. ასეთია მოცემულ საქმეზე წინასწარი და სასამართლო გამოძიებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორად შეაფასეს როგორც წინასწარი გამოძიების ორგანოებმა, ასევე სასამართლოებმა, დაუშვეს რა საქართველოს სსსკ-ის 564-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, კერძოდ, არასწორად გამოიყენეს სისხლის სამართლის კანონი.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით კი მსჯავრდებულ კ. ც-ლს ქურდობა არ ჩაუდენია საცავში უკანონო შეღწევით, ამასთან, არ ჩაუდენია დამთავრებული დანაშაული, მას ჩადენილი აქვს ქურდობის მცდელობა, რომელიც მიმართული იყო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსაწვევად.
ამრიგად, მსჯავრდებულ კ. ც-ლს უნდა მოეხნას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა შეიცვალოს და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ როგორც ქურდობის მცდელობა, მიმართული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსაწვევად.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ. ც-ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, უნდა აღინიშნოს შემდეგი: ისეთ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია მხოლოდ ქურდობის მცდელობა, რასაც ფაქტობრივად ზიანი არ მოჰყოლია, მსჯავრდებული პირველად არის სამართალში და მისი პიროვნება ხასიათდება დადებითად, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც იმყოფებიან მის კმაყოფაზე, ამასთან, არ არსებობს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სავსებით დასაბუთებულია მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა 1 (ერთი) წლისა და 6 თვის ვადით, რაც მოცემულ შემთხვევაში სრულიად საკმარისი იქნება როგორც სასჯელის მიზნის მისაღწევად მსჯავრდებულის გამოსწორების თვალსაზრისით, ასევე მისი რესოციალიზაციისათვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 14 ივლისს მსჯავრდებულ კ. ც-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მის სასიკეთოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
მსჯავრდებულ კ. ც-ლს მოეხსნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ» ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი ბრალდება და ამ ბრალდების ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, შეიცვალოს და აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.