დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
367-აპ 23 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზ. მეიშვილი,მ. ოშხარელი
განიხილა მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ლ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. შ-ის, დაზარალებულების: ლ. შ-სა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განაჩენზე, რომლითაც ცნობილ იქნენ ბრალეულად ლ. ხ-სი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში და დ. თავაძე _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით, ლ. ხ-ს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
დ. თ-ეს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 20 დეკემბერს ქ. სამტრედიაში, --- ქ. ¹18-ში მცხოვრები ლ. ხ-სი დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობს _ ქ. სამტრედიაში, --- ქ. ¹139-ში მცხოვრებ დ. თ-ეს, ასევე გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს, რომლებმაც განიზრახეს სამტრედიის რ-ის სოფ. --- მცხოვრები ლ. შ-ას ოჯახში სტუმრად მყოფ ლ. მ-ზე ყაჩაღური თავდასხმა, მისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იმავე დღეს ლ. ხ-სი დაუკავშირდა ქ. სამტრედიაში, --- ქ. ¹24-ში მცხოვრებ შ. ტ-ეს, რომელიც ამ დანაშაულში მონაწილეობის გამო შემდგომში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (დანაშაულის დაფარვა) და მისი «ვაზ-2107» მარკის, ავტომანქანით მივიდა ქ. სამტრედიაში, --- ქუჩაზე, ჩაისვეს დ. თ-ძე და სამივენი წავიდნენ ---ის ქუჩაზე, სადაც მათ შეუერთდნენ გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირებიც, რომლებმაც ავტომანქანაში ჩადეს ხელჩანთა მასში მოთავსებულ ხუთ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან, სათანადო საბრძოლო მასალასა და ნიღბებთან ერთად. ისინი მივიდნენ დ. კ-ში, ---ის ქუჩაზე მდებარე დანგრეულ შენობებთან, სადაც დ. თ-ძე, ლ. ხ-სი და გამოძიებით დაუდგენელი პირები ხელჩანთით ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან, ხოლო შ. ტ-ძე აღნიშნული ავტომანქანით გაემგზავრა ქ. სამტრედიის ცენტრისაკენ. მივიდა აღნიშნულ ადგილზე, ჩაისვა ავტომანქანაში ზემოთ მითითებული პირები და გაემგზავრნენ სოფ. ---.
დაახლოებით 21 საათზე, სოფელ ---ში მისვლისას, ლ. ხ-სი, დ. თ-ძე და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირები, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღებითა და სახეზე ნიღაბაფარებულები, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ლ. შ-ას მეზობლად მცხოვრებ ნ. ა-ის ოჯახს, ხოლო, როგორც სასამართლო განაჩენით იქნა მიჩნეული, ერთ-ერთი ბოროტმოქმედი დარჩა შ. ტ-სთან ავტომანქანაში. აღნიშნულ დროს საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა ნ. ა-ლი სამ მცირეწლოვან შვილთან და დედამთილ ნ. ბ-სთან ერთად. მათ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ფულისა და ოქროს გადაცემა. ნ. ა-მა განუცხადა, რომ მათ არაფერი ჰქონდათ, რის შემდეგ ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა უთხრა, რომ მასთან არ იყვნენ მისულები და უნდოდათ გაეგოთ, ვინ ცხოვრობდა მათ მეზობლად. პასუხის მიღების შემდეგ ერთ-ერთი ბოროტმოქმედი დარჩა მათთან, ხოლო დანარჩენები გადავიდნენ ლ. შ-ას საცხოვრებელ ბინაში, სადაც იმყოფებოდა ამ უკანასკნელთან სტუმრად მყოფი ნათესავი ლ. მ-ძე, რომელსაც ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს «სიმენსის» ფირმის მობილური ტელეფონი, ჩართული ---ის ქსელში, სულ ღირებული 635 ლარად, 4 ცალი რგოლის ბეჭედი (ბიჟუტერია), სულ ღირებული 8 ლარად, 800 აშშ დოლარი და 600 ლარი, ჯამში _ 800 აშშ დოლარი და 1243 ლარად ღირებული ქონება, ასევე დაეუფლნენ ლ. შ-ას 100 ლარს.
ყაჩაღობის დროს ლ. შ-ია გადმოვიდა მეზობლად მცხოვრები დ. ჩ-ის ეზოდან, სადაც იმყოფებოდა დაბადების დღეზე და ხელის ფანრის შუქზე შენიშნა იქვე, ჩიხში გაჩერებული «ვაზ-2107» მარკის ავტომანქანა. აღნიშნულზე ლ. შ-ია მიხვდა, რომ მის ოჯახში ყაჩაღები იყვნენ და დაიწყო კივილი. ხმაურზე ოჯახში მყოფმა ბოროტმოქმედებმა რამდენჯერმე გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღებიდან და გაიქცნენ ბინის უკან არსებული საყანე ფართობისაკენ. შ. ტ-სთან ავტომანქანაში მყოფმა დაუდგენელმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა პისტოლეტიდან და აიძულა შ. ტ-ძე, დაეძრა ავტომანქანა ქუჩის ბოლოსაკენ, სადაც იქ მდებარე სოფლის ჯიხურთან გააჩერებინა ავტომანქანა, გააღო კარი და წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაელოდა თანამზრახველებს. რამდენიმე წუთში დ. თ-ძე, ლ. ხ-სი და გამოძიებით დაუდგენელი ბოროტმოქმედები ჩასხდნენ აღნიშნულ ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ლ. ხ-სი და დ. თ-ძე, იმყოფებოდნენ რა ყაჩაღობის ჩადენისათვის მიმალვაში, განიზრახეს, დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად 2004 წლის თებერვალში ლ. ხ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ქ. თერჯოლაში, --- ქ. ¹12-ში მცხოვრები ნათესავის, გ. ბ-ის პასპორტი, რომელიც მას დატოვებული ჰქონდა ქ. ზესტაფონში მცხოვრებ დეიდასთან _ მ. ხ-სთან. ლ. ხ-მა გ. ბ-ის პასპორტში შეცვალა მისი ფოტოსურათი თავისი ფოტოსურათით, რითაც დაამზადა რა ყალბი დოკუმენტი _ პასპორტი, 2004 წლის 11 აპრილს ქ. ბათუმიდან ყალბი დოკუმენტის გამოყენებით თვითმფრინავით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმავე დღეს წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შეხვდა თავის თანამზრახველს, ყაჩაღობის ჩადენისათვის მიმალვაში მყოფ დ. თ-ეს. ამ უკანასკნელმა გამოძიებით დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ქ. სამტრედიაში, --- ქ. ¹--\--ში მცხოვრები გ. ლ-ის პასპორტი, რომელიც მას დატოვებული ჰქონდა თავისი მეგობრის _ დ. თ-ის ცოლისძმის, ი. რ-ის საცხოვრებელ ბინაში (ქ. სამტრედია, --- ქ. ¹135). მან შეცვალა პასპორტში არსებული ფოტოსურათი თავისი ფოტოსურათით, რითაც დაამზადა რა ყალბი დოკუმენტი _ პასპორტი, 2004 წლის 7 აპრილს ქ. ბათუმიდან ყალბი დოკუმენტის გამოყენებით თვითმფრინავით უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ჩაფრინდა უკრაინის რესპუბლიკის ქ. ხარკოვში. 2004 წლის 26 აპრილს ქ. დნეპროპეტროვსკიდან ისინი გადაფრინდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. 2004 წლის 22 მაისს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას სასაზღვრო-საკონტროლო გამშვებ პუნქტ «---ში» ისინი დააკავეს აჭარის რეგიონალური სამმართველოს განყოფილების თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტებით და ამხილეს ჩადენილ დანაშაულში.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 15 მარტის განაჩენით:
ლ. ხ-სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 344-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა, ხოლო იმავე განაჩენით დ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით, 344-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 4 წლითა თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაბესებულებაში მოხდით. იგი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
სამტრედიის რაიონული პროკურორის მოადგილის _ ა. კ-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება მსჯავრდებულთა საუარესოდ, კერძოდ:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება ლ. ხ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «დ» ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ. მასვე მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, და ამ ბრალდებაში იგი გამართლდა. ლ. ხ-სი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შთანთქმის შედეგად მას საბოლოოდ დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
იმავე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა მითითება დ. თ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ», «დ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ. მას მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი, და ამ ბრალდებაში იგი გამართლდა. დ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შთანთქმის შედეგად მას დაენიშნა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულების _ დ. თა-სა და ლ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. შ-ემ საკასაციო საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრებით იგი ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მათი მსჯავრდების ნაწილში, იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. იგივე მოთხოვნით შეიტანეს საკასაციო საჩივრები დაზარალებულებმა _ ლ. შ-ამ და ნ. ა-მა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მსჯავრდებულებს მონაწილეობა არ მიუღიათ მათ მიმართ ჩადენილ ყაჩაღობაში.
საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულების _ ლ. ხ-სა და დ. თ-ის დამცველმა, ადვოკატმა ჯ. შ-ამ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრებს. მან მიუთითა, რომ საქმეში არ მოიპოვება კანონიერი და უტყუარი მტკიცებულებები ლ. ხ-სა და დ. თ-ის ყაჩაღობის ჩადენაში მსჯავრდებისათვის. მისი განმარტებით, დარღვეული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, გამოძიებისა და სასამართლოს მიერ არ ყოფილა უარყოფილი განსასჯელთა მიერ წარმოდგენილი ალიბი, ამასთან, ბრალდების მთავარმა მოწმემ _ შ. ტ-ემ სასამართლოში არსებითად შეცვალა ჩვენება და უარყო ლ. ხ-სა და დ. თ-ის მონაწილეობა ყაჩაღობის ჩადენაში. საბოლოოდ ადვოკატმა ჯ. შ-ამ ითხოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა: მსჯავრდებულ ლ. ხ-ის მიმართ _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებისა და 236-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების საფუძველზე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ხოლო მსჯავრდებულ დ. თ-ის მიმართ _ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტების საფუძველზე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად ამისა, ადვოკატ ჯ. შ-ას დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი აღნიშნულ ნაწილში უნდა გაუქმდეს.
პროცესში მონაწილე პროკურორმა რ. ჩ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრებს, ვინაიდან ისინი მიაჩნია უსაფუძვლოდ. მან აღნიშნა, რომ დამცველის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ ასახავენ რეალურ სინამდვილეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს საპროცესო დარღვევებ ი არ მომხდარა, ხოლო დათვალიერებაში მონაწილე დამსწრეებს არც წინასწარი გამოძიების დროს, არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც სააპელაციო სასამართლოში არ განუცხადებიათ რაიმე დარღვევების თაობაზე. მოწმე შ. ტ-ის მიერ როგორც წინასწარი გამოძიების ეტაპზე, ისე უშუალოდ მის მიმართ საქმის განხილვისას სასამართლოში მიცემული ჩვენებები იყო დეტალური და თანმიმდევრული, რომლებშიც ამხილა ლ. ხ-სი და დ. თ-ძე ყაჩაღობის ჩადენაში. გარდა ამისა, მათ ბრალეულობას ადასტურებს მათ მიერ ყაჩაღობის ჩადენის წინ და მას შემდეგ მათ შორის განხორციელებული სატელეფონო ზარები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა რ. ჩ-მა ითხოვა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ლ. ხ-სა და დ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი არის კანონიერი და საფუძვლიანად დასაბუთებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები ლ. ხ-სა და დ. თ-ის ბრალდების თაობაზე, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ლ. ხ-სა და დ. თ-ეს ნამდვილად აქვთ ჩადენილი ის ქმედება, რაც მათ ბრალად ჰქონდათ შერაცხული საბრალდებო დასკვნით, კერძოდ, ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო დ. თ-ეს, ასევე, ყაჩაღობა არაერთგზის, რომელთა მიმართებითაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ისინი უსაფუძვლოდ გაამართლა. საქმის მასალებში მოიპოვება საკმარისი და სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობა, რითაც დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციას, რომლის მიხედვით, ლ. ხ-სა და დ. თ-ეს მონაწილეობა არ მიუღიათ დაზარალებულებზე _ ნ. ა-ზე, ლ. შ-სა და ლ. მ-ზე ყაჩაღურ თავდასხმაში. ასეთ ვერსიას მთლიანად აბათილებს არა მხოლოდ თვით დაზარალებულების ჩვენებები, არამედ ამასთან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოპოვებული თითების ანაბეჭდები, რომლებიც მსჯავრდებულებს ეკუთვნის, სხვა ნივთიერი მტკიცებულებები, მსჯავრდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის წინ და ყაჩაღობის ჩადენის შემდეგ მობილური ტელეფონებით მათ შორის განხორციელებული ზარები, რომლებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ, ზემოხსენებულ თითების ანაბეჭდებზე დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა და მათი ინდივიდუალური ნიშნები დადგენილ იქნა მომხდარი შემთხვევიდან პირველი კვირების მანძილზე, როდესაც საგამოძიებო ორგანოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი იყო დამნაშავეთა ვინაობა. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საქმეზე სამართალწარმოებისას დაშვებული საპროცესო დარღვევების შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალებით ისეთი არსებითი დარღვევების არსებობა, რომელთაც შეეძლოთ საქმის საბოლოო შედეგებზე გავლენა მოეხდინათ მსჯავრდებულთა კანონიერი ინტერესების საზიანოდ, არ დასტურდება. მართალია, დაზარალებულები _ ნ. ა-ლი და ლ. შ-ია თავიანთ საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ ის პირები, რომლებიც მათ ყაჩაღურად დაესხნენ თავს, თავიანთი გარეგნული, ფიზიკური მონაცემებით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ლ. ხ-სა და დ. თ-საგან, მაგრამ მათ ასეთი რამ არ განუცხადებიათ პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც მხოლოდ ის თქვეს, რომ არ შეუძლიათ დამნაშავეთა ამოცნობა. საყურადღებოა შემდეგი გარემოებაც: არც დაზარალებულ ლ. მ-ეს განუცხადებია სასამართლოში, რომ მსჯავრდებულები ფიზიკური მონაცემებით განსხვავებულნი იყვნენ იმ პირებისაგან, რომლებიც მას თავს დაესხნენ, ხოლო მასზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სწორედ ისინი დაინახა დაზარალებულმა ლ. შ-ამ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005 წლის 8 ივლისს მსჯავრდებულების _ ლ. ხ-სა და დ. თ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორებს უარი ეთქვას მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების _ დ. თ-სა და ლ. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. შ-ის, დაზარალებულების _ ლ. შ-სა და ნ. ა-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების _ ლ. ხ-სა და დ. თ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.