დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 16.05.2006
საქმის ნომერი
2კ-524აპ.-05
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.05.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 524-აპ 16 მაისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზ. მეიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ოშხარელი,ლ. მურუსიძე

განიხილა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის დადგენილება ც. ს-ის რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2004 წლის 24 თებერვალს ამბროლაურის საგამოძიებო ჯგუფში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹--, ამბროლაურის რაიონის განათლების განყოფილების გაქურდვის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილით.

2004 წლის 11 მარტს აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ¹--, ამბროლაურის რაიონის განათლების განყოფილების ---, ც. ს-ის მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის II ნაწილით.

2004 წლის 8 ნოემბერს ც. ს-ის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.

ც. ს-მა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში რეაბილიტირებულად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეიტანა განცხადება, რომლითაც ითხოვა: მისი რეაბილიტაციის თაობაზე ცნობის გამოქვეყნება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში; თანამდებობაზე აღდგენა; ამბროლაურის პროკურატურისაგან წერილობითი ბოდიშის მოხდა; საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებით მისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის გამო სახელმწიფოს 100000 ლარის გადახდა.

ამბროლაურის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 9 ივნისის დადგენილებით ც. ს-ის განცხადება ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იგი რეაბილიტირებულ იქნა და იუსტიციის სამინისტროს დაევალა მისი რეაბილიტაციის შესახებ ცნობის გამოქვეყნება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში; ამბროლაურის რაიონულ პროკურატურას დაევალა წერილობითი ბოდიშის მოხდა; აღდგენილ იქნა ამბროლაურის რაიონის განათლების განყოფილებაში მოლარის თანამდებობაზე და ფინანსთა სამინისტროს ც. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით.

აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა მინისტრის --- გ. გ-მა, რომელმაც ითხოვა 2005 წლის 9 ივნისის დადგენილებაში ცვლილების შეტანა ც. ს-სათვის მორალური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ნაწილში იმ მოტივით, რომ საქმეში არ მოიპოვება ქონებრივი ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტები. ასევე აღნიშნა, რომ ზიანის კომპენსაციის განსაზღვრის დროს სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული მოქალაქეებისათვის გათვალისწინებულია მხოლოდ 50000 ლარი, რომელიც უნდა გადანაწილდეს რამდენიმე ათეულ რეაბილიტირებულ პირზე, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ დადგენილების გამოტანისას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 ივნისის დადგენილება ც. ს-ის მიმართ, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა ც. ს-ის სასარგებლოდ მატერიალური და მორალური ზიანის გადახდა 2000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების თაობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმება უსაფუძვლობის გამო.

პალატის სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნ. მ-მა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ბ. ტ-ამ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ნაწილობრივ დაუჭირა მხარი. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოიხოვა ფინანსთა სამინისტროსათვის გონივრულად განსაზღვრული თანხის დაკისრება, სხვა ნაწილში მოთხოვნის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა ც. ს-ის რეაბილიტაციის თაობაზე სასამართლო წარმოების მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ რეაბილიტირებული ც. ს-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა უკანონოდ, რის გამოც მის მიმართ შეწყდა წინასწარი გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რაც, საქართველოს სსსკ-ის 221-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი, ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველია.

პალატა თვლის, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით რეაბილიტირებულ ც. ს-ის სასარგებლოდ ქონებრივი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ფინანსთა სამინისტროსათვის 2000 ლარის გადახდის დაკისრება საფუძვლიანი და დასაბუთებულია.

პალატა არ ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის არ უნდა იქნეს გამოყენებული ფულადი კომპენსაციის ფორმა.

პალატა ასევე არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი პროკურორის _ ბ. ტ-ას მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ განჩინება ფინანსთა სამინისტროსათვის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ვითომდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგან მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული საკომპენსაციო თანხა განსაზღვრულია გონივრულ ფარგლებში და მისი გადახდა არ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლებლობას.

ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რომელიც საფუძვლად დაედება განჩინების გაუქმებას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება რეაბილიტირებულ ც. ს-ის მიმართ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 6 სექტემბრის განჩინება რეაბილიტირებულ ც. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.