შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 22.06.2006
საქმის ნომერი
2კ-42კოლ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

42-კოლ 22 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

მონაწილეობით განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. გ-სა და მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გასაჩივრებული განაჩენით ზ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; 239-ე მუხლის მესამე ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 109-ე მუხლის «ვ», «თ», «კ» პუნქტებით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

ზ. ბ-მა 2001 წლის ზაფხულში ზ. ს-საგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელის მამიდის ნ. კ-ის ბინის გასაღები ინახებოდა მამამისთან _ გ. ს-თან. მათ გადაწყვიტეს გასაღების მოპარვით ბინაში შეღწევა და სანადირო თოფის ფარულად დაუფლება, რისთვისაც ზ. ს-მა 2001 წლის აგვისტოში მამას გ. ს-ლს მოპარა მამიდის ნ. კ-ის ბინის გასაღები, დაუკავშირდა ზ. ბ-ლს და ორივე მივიდა ქ. თბილისში, --- მდებარე ნ. კ-ის სახლში. გასაღების გამოყენებით უკანონოდ შეაღწიეს ბინაში და მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად დაეუფლნენ 300 ლარად ღირებულ უცხოური წარმოების გლუვლულიან სანადირო თოფს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული თოფი შემდგომში 200 ლარად მიყიდეს ა. თ-ლს, ხოლო თანხა გაინაწილეს.

ზ. ბ-ლი 2001 წლის 1 დეკემბერს დაახლოებით 18 საათზე ძმასთან, დ. ბ-თან ერთად სოფელ ---ში შეხვდა სახლისაკენ მიმავალ თანასოფლელ თ. კ-რს. ეს უკანასკნელი მიესალმა მათ, რა დროსაც მთვრალმა ზ. და დ. ბ-ებმა დაიწყეს მისი ძმის ი. კ-ის უშვერი სიტყვებით მოხსენიება. როდესაც თ. კ-მა იკითხა ამის მიზეზი, მასაც დაუწყეს გინება და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ჩხუბის აღკვეთის მიზნით იქ მისულ გ. ბ-საც მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რითაც გამოხატავდნენ საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობას და უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. ჩხუბის დროს ზ. ბ-მა გ. ბ-ეს და თ. კოლოტაურს თავში ჩაარტყა ქვა. საბოლოოდ ზ. და დ. ბ-ების მართლსაწინააღმდეგო ქმედება აღკვეთილ იქნა შემთხვევის ადგილზე მისული პირების მიერ.

კონფლიქტის დასრულების შემდეგ სახლში მიმავალ თ. კ-რს შეხვდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ძმა ი. კ-რი, რომელიც სახლში წაიყვანა და უამბო მომხდარის შესახებ. ბინაში მისვლიდან რამოდენიმე წუთში კოლოტაურების სახლში შევარდნენ ძმები ბ-ები, რომლებსაც განზრახული ჰქონდათ ხულიგნური ქვენაგრძნობით ი. კ-ის მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დ. ბ-ლი მომარჯვებული დანით გაემართა საწოლზე მჯდომი იაგო კოლოტაურისაკენ. მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებისა და დანის წართმევის მიზნით თ. კ-რი შეეცადა დ. ბ-თან მისვლას, მაგრამ ზ. ბ-მა თ. კ-ის შებოჭვით დაძლია მისი წინააღმდეგობა, რითაც მკვლელობის უშუალო ამსრულებელს დ. ბ-ლს მისცა საშუალება წინასწარ მომარჯვებული დანა განსაკუთრებული სისასტიკით _ ძმის თ. კ-ის თანდასწრებით, ორივესათვის ტანჯვის მისაყენებლად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხულიგნული ქვენაგრძნობით სიცოცხლის მოსპობის მიზნით ჩაერტყა ი. კ-სათვის გულმკერდის მარცხენა მიდამოში. აღნიშნული სიცოცხლისათვის საშიში, მძიმე დაზიანების გამო ი. კ-რი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც ლმობიერის, გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.

მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი თ. გ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ბ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა რ. ჩ-მა დადგენილი განაჩენი მიიჩნია უკანონოდ და იშუამდგომლა პროკურორ შ. გ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოკვლეულ მტკიცებულებებს ძირითადად მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.

პალატა თვლის, რომ სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების _ ნ. კ-ის, თ. კ-ის, გ. ბ-ის ჩვენებებით, მოწმეების _ ა. თ-ის, ლ. კ-ის, უ. ბ-ის, მ. კ-ის, თ. კ-ის, გ. ხ-ის, ე. შ-ის, ე. ბ-ის ჩვენებებით; ამავე საქმეზე ქურდობის ეპიზოდში ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ს-ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით ზ. ბ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.

პალატა თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებებს, რასაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად.

განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ზ. ბ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება, კერძოდ, მისი პიროვნება, ის, რომ იგი პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი მას არ გააჩნია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს განაჩენი ზ. ბ-ის მიმართ არის აშკარად ლმობიერი, სასჯელის ზომა არ შეესაბამება მის პიროვნებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის ბრალდება იმ ნაწილში, რომლის მიხედვითაც მან თითქოს ჩაიდინა განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით, არ არის დადასტურებული და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მკვლელობის აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოება მისი სუბიექტური ნებით იყო გამოხატული. საქმის მასალების მიხედვით ზ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედებიდან არ იკვეთება მისი განზრახვა და სპეციალური მიზანი იმისა, რომ მას სურდა თავისი მოქმედებით განსაკუთრებული ტანჯვა მიეყენებინა დაზარალებულისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ბ-ლს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ» პუნქტით შერაცხული ბრალდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა”, «დ» ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებულ ზ. ბ-ლს მოეხსნას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის «ვ» პუნქტით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.