დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 223-აპ 19 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,ი. ტყეშელაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. შ-ას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ი. გ-ვი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის განაჩენით ი. გ-ვი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ’’, «გ’’, «დ’’ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება ორი წლით; მასვე დაეკისრა ბათუმის მერიის სასარგებლოდ 12412 ლარის გადახდა; სამოქალაქო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით აღსასრულებლად მიექცა ი. გ-ის კუთვნილი, დაყადაღებული ქონება: ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი-600» და მიწის ნაკვეთი ოზურგეთში. ი. გ-ვს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.
ამავე განაჩენით ი. გ-ვს მოეხსნა ბრალდება კვიპროსში მივლინებისათვის ქ. ბათუმის ---დან მიღებული 2500 აშშ დოლარის, ანუ 5422 ლარის მითვისების ნაწილში, ასევე მოეხსნა ბრალდება ქ. მოსკოვში --- საწევროს სახით შეტანილი თანხის 4000 აშშ დოლარის, ანუ 8640 ლარის მითვისების ნაწილში, ასევე, მოეხსნა ბრალდება ორი ა/მანქანა «მერსედეს ბენცის’’, საერთო ღირებულებით _ 26342 ლარის მითვისების ნაწილში და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლებულად იქნა ცნობილი.
განაჩენის მიხედვით, ი. გ-ვს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; მანვე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ, არაერთგზის მიითვისა დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთი, რომელიც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
ი. გ-ვი მუშაობდა ქ. ბათუმის --- და იყო მოხელე. 2004 წლის 1 იანვრიდან 1 მაისამდე გამოიყენა რა სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად, საჯარო სამსახურის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ქ. ბათუმის ---დან მიითვისა 12412 ლარი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. შ-ამ. საჩივრით იგი ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ი. გ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გამოტანილია საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 21 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ი. გ-ვს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ», „დ» ქვეპუნქტებზე მითითება, როგორც ტექნიკური უზუსტობით ზედმეტად შერაცხული; მასვე შეუმცირდა დაზარალებულის, იგივე სამოქალაქო მოსარჩელე ორგანიზაციის, ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხის ოდენობა და განესაზღვრა იგი 11610 ლარით; სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა ი. გ-მა ზემოაღნიშნული თანხა (11610 ლარი) კი არ მიითვისა, არამედ გაფლანგა. დანარჩენ ნაწილში განაჩენი ი. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. შ-ია ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და ი. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა» ქვეპუნქტის მიხედვით; ასევე, ი. გ-ის ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი-600»-ისათვის ყადაღის მოხსნის შესახებ ბრძანების გაუქმებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. შ-ამ აღნიშნა, რომ ი. გ-სა და მისი თარჯიმნის 2004 წლის იანვარ-თებერვალში ბაქოში მივლინება მოხდა კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოსა და ქ. ბათუმის მერიის ხელმძღვანელობას შორის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. მართალია, მერიის ბრძანებაში წერია, რომ ი. გ-ვი მივლინებულია ბაქო-თეირანში, მაგრამ ბათუმის მერისა და მუსლიმანთა სამმართველოს შორის ზეპირი შეთანხმების თანახმად, თანხის _ 4100 აშშ დოლარის შეტანა უნდა მომხდარიყო ქ. ბაქოში, კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს სალაროში, ხოლო ამის შემდეგ მოხდებოდა ბაქოში თავმოყრილ წარმომადგენელთა გაგზავნა ისლამური წმინდა ადგილების _ მექა, მედინას მოსალოცად, რაც ზემოაღნიშნული თანხის შეტანის შემდეგ განხორციელდა კიდეც, ამიტომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ი. გ-ის დამნაშავედ მიჩნევა იმ მიზეზით, რომ ბათუმის მერიამ არ დაადასტურა მისი მივლინებიდან დაბრუნება. აქედან გამომდინარე, თ. შ-ამ ითხოვა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
პროკურორმა რ. ჩ-მა აღნიშნა, რომ დაცვის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ი. გ-ვი ბრძანებით მივლინებული იყო ბაქო-თეირანში, ხოლო მტკიცებულება იმისა, რომ იგი მექასა და მედინაში მივლინებული იყო სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, საქმიდან არ ჩანს, ამიტომ იშუამდგომლა პალატის წინაშე განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულ ი. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ თ. შ-ას მოთხოვნას, უსაფუძვლობის გამო.
პალატაის აზრით, საქმის მასალებით დგინდება, რომ მსჯავრდებული ი. გ-ვი ბრძანებით მივლინებულ იქნა ბაქო-თეირანში და არა მექასა და მედინაში. ამასთან, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული მექასა და მედინაში მოსალოცად მივლინებული იყო სახელმწიფოს ინტერესების გამოსახატავად, რომ მის მიერ სამივლინებოდ მიღებული თანხა გაიხარჯა მიზნობრივად. საქმეში არ მოიპოვება მერიის ხელმძღვანელობის განკარგულება მივლინების მიზნობრიობისა და თანხების ხარჯვის ლიმიტების შესახებ, ასევე არ მოიპოვება სამივლინებო ბარათები მივლინების გეოგრაფიულ პუნქტებში მისი გადაადგილების დადასტურებით. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს ცნობას, უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის მუსლიმანთა სამმართველო არ წარმოადგენს სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას და მათ მიერ გადმოგზავნილი ცნობა, მითუმეტეს, რომ იგი არაა მოპოვებული საპროცესო კანონით დადგენილი წესით, მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა. ამდენად, ი. გ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ი. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის, ასევე საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების კანონიერი საფუძველი არ არსებობს, რადგან სააპელაციო სასამართლომ მას სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ი. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის _ თ. შ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 24 თებერვლის განაჩენი ი. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.