შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 255-აპ 8 დეკემბერი, 2006 წ.‚ Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე)‚
ი. ტყეშელაშვილი‚
მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 28 მარტის განაჩენზე ჯ. ბ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ბ-ლი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006წ. 2 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ” ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის (2000წ. 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.
განაჩენით ჯ. ბ-ლს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, სადგომში უკანონო შეღწევით ქურდობის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004წ. 13 ივლისს ჯ. ბ-მა, თავის ძმასთან _ ბ. ბ-თან და ბიძაშვილ _ თ. ა-თან შეთანხმებით, ფარულად შეაღწია მუხიანის სააგარაკე ნაკვეთში მდებარე მ. ი-ის კუთვნილი სახლის ეზოში, სადაც ძალაყინის გამოყენებით მათ გატეხეს სარდაფის კარის ბოქლომი, საიდანაც გამოიტანეს და წასაღებად გაამზადეს ორი ცალი ხის კასრი, მაგრამ ისინი შემთხვევის ადგილზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედებით ჯ. ბ-მა, ბ. ბ-მა და თ. ა-მა დაზარალებულ მ. ი-ლს მიაყენეს 300 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი. პ-ამ და ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006წ. 2 თებერვლის განაჩენის მსჯავრდებულისათვის საუარესოდ შემობრუნება კერძოდ, ჯ. ბ-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «გ” ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 28 მარტის განაჩენით პროკურორ ი. პ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006წ. 2 თებერვლის განაჩენი ჯ. ბ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შ. გ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 28 მარტის განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ-სათვის განაჩენით შეფარდებული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. ამასთან, სასამართლოს მიერ მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, ამ ქმედების ჩადენის დროს მოქმედი კანონის მიხედვით, ვინაიდან საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები აშკარად იმაზე მეტყველებენ, რომ მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჩადენილია ქურდობის მცდელობა და არა დამთავრებული ქურდობა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ მოტივებს იმის თაობაზე, რომ სასჯელი აშკარად ლმობიერია და იგი არ შეესაბამება განსასჯელის ქმედების ხასიათს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სწორად შეაფასა როგორც მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მას განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ისეთი ღონისძიება, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას, ამიტომ ამ ნაწილში განაჩენის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 28 მარტის განაჩენით ჯ. ბ-ლს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლით, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა”, «გ” და მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტებით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტი (2000წ. 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტი (2000წ. 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტს (ქურდობა, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით). მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და «ბ» (ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით) ქვეპუნქტები ხსენებული ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ისინი ამჟამად წარმოადგენენ ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი მიუთითებს იმაზე, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულთა ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი, რაც წარმოადგენს ჯ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტთან, ხოლო მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” ქვეპუნქტთან. რაც შეეხება ჯ. ბ-ის ქმედების კვალიფიკაციას, განსაზღვრულს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით (ქურდობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით), ახალი კანონით (სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა” ქვეპუნქტი) ამ ქმედებისათვის გამკაცრდა სასჯელი, ხოლო ასეთ კანონს ვერ მიეცემა უკუძალა, რის გამოც განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად. გასაჩივრებული განაჩენი ჯ. ბ-ის მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს ასევე სასჯელის ნაწილშიც, ვინაიდან სასამართლოს მიერ ჯ. ბ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის ზომა, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მისი პიროვნების გათვალისწინებით, არის სამართლიანი და დასაბუთებული, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის წინაშე დასახული მიზნების მიღწევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 28 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტზე, ხოლო მისი ქმედება დაკვალიფიცირებული, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე‚ განაჩენით შეფარდებული სასჯელი პირობითი მსჯავრის დანიშვნით მსჯავრდებულ ჯ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.