შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან

სისხლის სამართლის 28.07.2006
საქმის ნომერი
2კ-523აპ.-06
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 523-აპ 28 ივლისი, 2006წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჯ. შავაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ჯ. შ-ძე ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, «გ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რის გამოც სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენის მიხედვით, ჯ. შ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2004წ. 4-5 ივნისს ჯ. შ-ძე და გ. ს-ძე მივიდნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. --- მცხოვრებ ზ. ვ-ის მაღაზიასთან, მაღაზიის კარის გატეხვის შემდეგ ფარულად შეაღწიეს საცავში, საიდანაც გაიტაცეს: სიგნალიზაციის აპარატურა, ღირებული 100 ლარად, ორი ცალი დანა-ჩანგლის ნაკრები, ღირებული 56 ლარად, ფული 102 ლარი, 3 ბლოკი სიგარეტი «---დი”, ღირებული 42 ლარად, 2 ბლოკი სიგარეტი «---ემ”, ღირებული 19 ლარად, პურის საჭრელი დანა, ღირებული 2 ლარად, წალდი, ღირებული 6 ლარად, სულ დაზარალებულ ზ. ვ-ეს მიაყენეს 327 ლარის ზიანი.

აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულ ჯ. შ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და მსჯავრდებულმა გ. ს-ემ გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. მხარეები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. შ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება.

ჯ. შ-ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულ ზ. ვ-ის მიერ როგორც წინასწარი გამოძიებისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული დეტალური და თანმიმდევრული ჩვენებებით, მოწმე ჯ. ა-ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენება კი სრულად აბათილებს მსჯავრდებულ ჯ. შ-ის საჩივარში მითითებულ ვერსიას იმის თაობაზე, რომ თითქოს შემთხვევის დღეს, გ. ს-სთან ერთად იმყოფებოდა ჯ. ა-ის სარგებლობაში არსებულ კაფეში. საკაციო საჩივარში წარმოდგენილი ვერსიები მთლიანად მოკლებულია დამაჯერებლობას. მსჯავრდებულმა ვერ წარმოადგინა რაიმე ისეთი საფუძვლიანი არგუმენტი, რის გამოც სასამართლოს დასკვნები მისი ბრალეულობის თაობაზე შეიძლებოდა ეჭვის ქვეშ დამდგარიყო.

ამდენად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე, სასამართლოს მიერ ამ გარემოებების შეფასების კანონიერება, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ვერ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისი უსაფუძვლობის გამო.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. ს-ეს. საკასაციო პალატაში წარმოდგენილია მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი, რომელზედაც არ არის მსჯავრდებულის თანხმობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არაა უფლებამოსილი, განიხილოს გ. ს-ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, სრული მოცულობით შეამოწმა საქმე მსჯავრდებულ გ. ს-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განაჩენი კანონიერია, რომლის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ისინი მთლიანად გაითვალისწინა განაჩენის გამომტანმა სასამართლომ და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა კანონის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რომლის შეცვლის კანონიერი საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ, გაითვალისწინა რა მსჯავრდებულების პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის ზედმეტად მკაცრი და, ამასთან, სამართლიანიცაა, ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და პიროვნების გათვალისწინებით.

როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულების დანაშაულებრივი ქმედება ქედის რაიონული სასამართლოს 2005წ. 18 აგვისტოს განაჩენით დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, «გ” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების _ ჯ. შ-სა და გ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტს, ასევე, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) კვალიფიკაცია შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ” ქვეპუნქტს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ჯ. შ-სა და გ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, გახდა მძიმე კატეგორიის დანაშაული. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის თანახმად, მძიმე დანაშაულის გამო მსჯავრდების შემთხვევაში სასჯელის მოხდისაგან ვადამდე პირობით გათავისუფლებისათვის მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს დანიშნული სასჯელის არანაკლებ ორი მესამედი ნაწილი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში _ სამი მეოთხედი ნაწილი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულების _ ჯ. შ-სა და გ. ს-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტით (2000წ. 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «ბ” ქვეპუნქტებთან, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი იმ ნაწილში, რომლითაც მსჯავრდებულების ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” ქვეპუნქტით (2000წ. 5 მაისის რედაქცია) უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ჯ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006წ. 11 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ ჯ. შ-სა და გ.ს ს-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ”, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ” ქვეპუნქტებიდან (2000წ. 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «ბ” ქვეპუნქტებზე.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.