განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
749-აპ 2 ნოემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მ. ოშხარელი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით მ. ჭ-ეს, ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 ნოემბრის დადგენილებით მ. ჭ-ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდა ბაღდათის რაიონულ პროკურატურას. ამავე დადგენილებით მ. ჭ-ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება შეიცვალა პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემით.
აღნიშნული დადგენილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბაღდათის რაიონულმა პროკურორმა თ. ფ-ემ და მსჯავრდებულ მ. ჭ-ის ადვოკატმა დ. ა-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 10 თებერვლის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პროკურორის საკასაციო საჩივარი. კერძოდ, აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა დარჩა უცვლელად, ხოლო დაუშვებლად მიჩნეული მტკიცებულებებისა და საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების ნაწილში, გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 ნოემბრის დადგენილება და საქმე ხელმეორედ განსახილველად დაუბრუნდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს სხვა მოსამართლეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მოსამართლეს განხილული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი, საქმე აცილდა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს და განსახილველად გადაეცა ვანის რაიონულ სასამართლოს.
ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის განაჩენით მ. ჭ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით მ. ჭ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ იგი გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად 2002 წლის 21 იანვარს, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხა ბაღდათში, --- ქუჩის მესამე შესახვევის ¹3-ში მცხოვრებ ნ. ვ-ლს. დანით შეიარაღებულმა მ. ჭ-მ მოკვლის მუქარით, ქონების დაუფლების მიზნით დაზარალებულს მოსთხოვა ფული, რისი ვერ მიღების შემდეგაც ასევე დანის დემონსტრირებითა და მოკვლის მუქარით თანამზრახველებთან ერთად გაიტაცა დაზარალებულის კუთვნილი 35 დასახელების ნივთი, რითაც მას 1818 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჭ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 თებერვლის განაჩენი მ. ჭ-ის მიმართ და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ»-ის ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული გამოკვლევის თაობაზე საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც საბრალდებო დასკვნა და სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები, ძირითადად, ემყარება ვარაუდებსა და მოსაზრებებს და არა _ ურთიერთშემაჯამებელ უტყუარ მტკიცებულებებს.
საქმეზე წინასწარი გამოძიების არასრულყოფილად ჩატარების დასტურია ის, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ არის დადგენილი და უტყუარად დადასტურებული, თუ რა ვითარებაში და ვისთან ერთად ჩაიდინა მ. ჭ-ემ მასზე შერაცხული დანაშაული. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. დანაშაულის ჩადენის იარაღი _ დანა ამოღებული არ არის. 2003 წლის 27 მაისს სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე გამოძიებით დაუდგენელი სამი ან ოთხი პირის მიმართ. ამ პერიოდის განმავლობაში გამოძიება ისე იძიებდა მ. ჭ-ის ბრალდების საქმეს, რომ ერთხელაც არ დაინტერესებულა, თუ რა ღონისძიებებს ატარებდა პოლიციის ოპერატიული სამსახური ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. საქმეში არ მოიპოვება რაიმე წერილობითი დოკუმენტი პოლიციისათვის ასეთი დავალების მიცემის შესახებ და, ბუნებრივია, არც რაიმე პასუხი არსებობს, თუ რა ღონისძიებებს ატარებდა პოლიცია აღნიშნული დანაშაულის სრულად გახსნისა და დანაშაულში მონაწილე პირების დასადგენად, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის თითების ორი და შვიდი კვალი, (დაქტილოფირებზე არაკვალიფიციურად გადატანილი), ექსპერტიზის დასკვნით, პიროვნების გაიგივებისათვის უვარგისი აღმოჩნდა.
მ. ჭ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ძირითადად, ემყარება დაზარალებულ ნ. ვ-სა და არასრულწლოვანი მოწმის _ კ. ვ-ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებს. მათ შემდგომში, სასამართლოებში დაკითხვის დროს, რადიკალურად შეცვალეს თავიანთი ჩვენებები და განაცხადეს, რომ მათ მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებები არ არის სწორი, არ შეეფერება სინამდვილეს, მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ მ. ჭ-ემ ჩაიდინა თუ არა დანაშაული.
დაზარალებულმა ნ. ვ-მა, რომელიც წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში ყაჩაღურ თავდასხმაში ამხელდა მ. ჭ-ეს, ამოიცნო იგი როგორც ფოტოსურათზე, ასევე ფიზიკურად. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ღამით თავს დაესხა სამი თუ ოთხი უცნობი პირი, ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, მოკვლით ემუქრებოდა და აგინებდა, ორჯერ ჩაარტყა სახეში. ვერც ერთ პიროვნებას ცნობს და დღესაც არ შეუძლია მათი ამოცნობა. პოლიციაში სურათისა და პირის ამოცნობის დროს მიანიშნეს ერთ-ერთ პიროვნებაზე და მანაც ამოცნობის ნიშნად თავი დააქნია. მოხუცებულობის გამო არ ახსოვს, როდის, რა სახის ჩვენება მისცა. «ამოცნობის დროს ერთ პირზე დავაქნიე თავი, ავადმყოფმა სკლეროზიანმა ქალმა, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიახლოებულმა და კინაღამ მოვკვდი იქიდან რომ გამოვედი, ვიდარდე, რატომ დავაქნიე თავი ტყუილზე».
პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულმა ნ. ვ-მა ამოიცნო მესამე ადგილზე მდგომი პირი (მ. ჭ-ძე), რომელიც დანით ხელში თავს დაესხა მას, ემუქრებოდა მოკვლით, აგინებდა, დაამახსოვრდა მისი გარეგნული აღწერილობა.
დაზარალებულის მხრიდან ამოცნობის შემდეგ განაწყენებულმა მ. ჭ-ემ აგინა ნ. ვ-ლს და დაემუქრა მოკვლით, რაზედაც ნ. ვ-მა უპასუხა: «შენ უზრდელი ხარ, მაშინაც ასეთი სიტყვებით მომმართავდი, როცა დამაყაჩაღე და მოკვლას მიპირებდიო».
ამოცნობას ესწრებოდნენ დამსწრეები _ ც. ე-ძე და ნ. გ-ძე, რომლებიც დაიკითხნენ ამოცნობის დამთავრების შემდეგ და დაადასტურეს ოქმის სისწორე. გამოძიებას არ დაუკითხავს ამოსაცნობი პირები: ვ. გ-ძე, ი. ყ-ლი და პ. ჭ-ძე. აღნიშნული პირები არც სასამართლო პროცესზე არ დაკითხულან და არ მომხდარა მათი დაპირისპირება დაზარალებულ ნ. ვ-თან.
მსჯავრდებულ მ. ჭ-ეს წინასწარი გამოძიების პროცესში დანაშაულში ამხელდა აგრეთვე არასრულწლოვანი კ. ვ-ძე: იგი აღნიშნავდა, რომ ღამით თავისი სახლის ფანჯრიდან დაინახა, მეზობელ ნ. ვ-ლს სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში ლამფა ენთო. ამ დროს შენიშნა ფანჯარასთან ვიღაც ბიჭი, რომელმაც გადასწია ფარდა. მან იცნო მ. ჭ-ძე, გაუკვირდა, ღამით მოხუც ქალთან რატომ იყო, ამ დროს მას სტუმრები არ უნდა ჰყოლოდა. გამოვიდა ეზოში და შენიშნა სამი თუ ოთხი პირი, რომლებსაც ხელში ფუთები ეჭირათ, ისინი წავიდნენ სტადიონზე, სპორტსმენთა გასახდელ შენობაში. იქიდან რომ გამოვიდნენ, ფუთები აღარ ეჭირათ. შევიდა სახლში. არც ოჯახის წევრებისათვის და არც მეზობლებისათვის, რომლებიც მამამისთან სტუმრად იყვნენ, არაფერი უთქვამს, დაწვა და დაიძინა მამასთან ერთად.
სასამართლო პროცესზე დაკითხვისას არასრულწლოვანმა კ. ვ-ემ განაცხადა, რომ ის დააკავა პოლიციამ, წარადგინეს პოლიციაში, სადაც სცემეს, არ გამოუშვეს მანამ, სანამ პოლიციის მუშაკების კარნახით არ მისცა მ. ჭ-ის საწინააღმდეგო ჩვენება და მეორე დღეს გამოუშვეს. შემდეგ კიდევ წაიყვანეს და დაკითხეს. სინამდვილეში მას მ. ჭ-ძე არ დაუნახავს ნ. ვ-ის ბინაში, არც ნივთები არ იცოდა სად იყო და აღნიშნული ყაჩაღობის შესახებ გაიგო მხოლოდ მეორე დღეს, დილით, ნ. ვ-საგან, რომელმაც მეზობლებს უთხრა ღამით დამაყაჩაღესო.
კ. ვ-ემ გამოძიების პროცესში უარი განაცხადა მ. ჭ-სთან დაპირისპირებაზე, მასთან ნათესაური კავშირის მოტივით.
შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, ნ. ვ-სა და კ. ვ-ს სახლებს შორის მანძილი შვიდი მეტრია (კ. ვ-ის ჩვენებით _ 15-მეტრი). ეზო გაყოფილია მავთულბადის ღობით. სქემაზე არ ჩანს და არც გამოძიებას არ გაურკვევია მათი სახლების ფანჯრების განლაგება. ასევე არ შეუმოწმებია, ნამდვილად დაინახავდა და ამოიცნობდა თუ არა არასრულწლოვანი კ. ვ-ძე ღამით, ლამფის შუქზე, თავისი სახლის ფანჯრიდან ნ. ვ-ის ბინაში, ფანჯარასთან მყოფ პიროვნებას _ მ. ჭ-ეს.
აღნიშნული სქემის მიხედვით, ნ. ვ-სა და კ. ვ-ის სახლებიდან საკმაოდ დიდი მანძილითაა დაშორებული სტადიონი და იქ არსებული სპორტსმენთა გასახდელი შენობა, მანამდე არის საკონსერვო ქარხნის ტერიტორია თავისი შენობა-ნაგებობებით, ცისტერნებით. სტადიონის ტერიტორიაზე მიმსვლელი პირი რამდენიმე ღობეზე უნდა გადავიდეს, იქ რომ მოხვდეს. გამოძიებას არ შეუმოწმებია ღამით, დაახლოებით 12 საათზე, შეძლებდა თუ არა კ. ვ-ძე საკმაოდ შორი მანძილიდან დაენახა სამი თუ ოთხი პირი ფუთებით ხელში, სტადიონზე, შენობაში შესული, აგრეთვე ის, რომ იქიდან გამოსულებს ფუთები აღარ ეჭირათ.
დაზარალებულ ნ. ვ-ის ჩვენების მიხედვით, უცნობი პირები, რომლებმაც გაიტაცეს ოჯახის კუთვნილი ნივთები, მისი ბინიდან გავიდნენ ღამით, დაახლოებით 12 საათზე. გამოძიებით არ არის დაზუსტებული დრო, რომელ საათზე დაინახა კ. ვ-ემ თავისი სახლის ფანჯრიდან მეზობლის, ნ. ვ-ის საძინებელი ოთახის ფანჯარასთან მდგომი მ. ჭ-ძე. გამოძიება ასევე არ ეკითხება დაზარალებულ ნ. ვ-ლს, დაინახა თუ არა მან ის პირი, რომელიც თავს დაესხა საძინებელ ოთახში, დანას აბჯენდა ყელზე, ემუქრებოდა მოკვლით, სცემდა და აფრთხილებდა, რომ არ ეყვირა, მივიდა თუ არა იგი ფანჯარასთან და გადასწია თუ არა (მ. ჭ-ემ) ფანჯრის ფარდა.
საქმის მასალებიდან არ ჩანს, რატომ იქნა არასრულწლოვანი კ. ვ-ძე წარდგენილი პოლიციაში დასაკითხად, მას განცხადება არ დაუწერია, თავისი ინიციატივით არ მისულა, არც თავისი ოჯახის წევრებისა და მეზობლებისათვის არაფერი უთქვამს მ. ჭ-ის შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ჭ-ის ბრალეულობის დასაბუთებისას სასამართლოს განაჩენი არ ემყარება საკმარის უტყუარ მტკიცებულებებს.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის 132-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ხელახალი სასამართლო განხილვის დროს დეტალურად უნდა დაიკითხონ დაზარალებული ნ. ვ-ლი და მოწმე კ. ვ-ძე, დადგინდეს მათ მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაში მიცემული ჩვენებების სასამართლოში შეცვლის რეალური მიზეზები და მიღებულ შედეგებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, კიდევ ერთხელ გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს წინასწარი გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღმოიფხვრას არსებული წინააღმდეგობები და აღნიშნული გამოკვლევის შემდეგ მოხდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენით გაუქმდა ვანის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენი მ. ჭ-ის მიმართ. იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «გ» ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მესამე ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე გამართლდა და სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა, სისხლის სამართლის კანონოთ გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ. ხ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ახალი სასამართლო განხილვისათვის.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. ქ-მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მ. ჭ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ზ. დ-ამ და მ. გ-მა იშუამდგომლეს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც მხარი დაუჭირა მ. ჭ-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა ეთანხმება საჩივრის ავტორის, პროკურორ გ. ხ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მოთხოვნები მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების თაობაზე. საკასაციო პალატის განჩინებაში მითითებული შენიშვნების შესაბამისად, პალატამ გამოკვლეულ მტკიცებულებებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება თითოეული მტკიცებულების სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილ ყველა მტკიცებულებას მათი ერთობლიობით-დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.
საკასაციო პალატის განჩინების მიხედვით, დაზარალებულმა ნ. ვ-მა, რომელიც წინასწარი გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში ყაჩაღურ თავდასხმაში ამხელდა მ. ჭ-ეს, ამოიცნო იგი როგორც ფოტოსურათზე, ასევე _ ფიზიკურად. სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ღამით თავს დაესხა სამი თუ ოთხი უცნობი პირი, ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ორჯერ ჩაარტყა მას სახეში, ამასთან იგი მოკვლით ემუქრებოდა და აგინებდა. ვერც ერთ პიროვნებას ვერ ცნობს და დღესაც არ შეუძლია მათი ამოცნობა. პოლიციაში სურათისა და პირის ამოცნობის დროს მიანიშნეს ერთ-ერთ პიროვნებაზე და მანაც ამოცნობის ნიშნად თავი დააქნია. მოხუცებულობის გამო არ ახსოვს, როდის რა სახის ჩვენება მისცა. «ამოცნობის დროს ერთ პიროვნებაზე დავაქნიე თავი, ავადმყოფმა სკლეროზიანმა ქალმა, ოთხმოცდაათი წლის ასაკს მიახლოებულმა და კინაღამ მოვკვდი იქიდან რომ გამოვედი, ვიდარდე, რატომ დავაქნიე თავი ტყუილზე».
პირის ამოსაცნობად წარდგენის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულმა ნ. ვ-მა ამოიცნო მესამე ადგილზე მდგომი პირი (მ. ჭ-ძე), რომელიც დანით ხელში თავს დაესხა მას, ემუქრებოდა მოკვლით, აგინებდა, დაამახსოვრდა მისი გარეგნული და ფიზიკური აღწერილობა.
დაზარალებულის მხრიდან ამოცნობის შემდეგ განაწყენებულმა მ. ჭ-ემ აგინა ნ. ვ-ლს და დაემუქრა მოკვლით, რაზედაც ნ. ვ-მა უპასუხა: «შენ უზრდელი ხარ, მაშინაც ასეთი სიტყვებით მომმართავდი, როცა დამაყაჩაღე და მოკვლას მიპირებდიო».
ამოცნობას ესწრებოდნენ დამსწრეები _ ც. ე-ძე და ნ. გ-ძე, რომლებიც დაიკითხნენ ამოცნობის დამთავრების შემდეგ და დაადასტურეს ოქმის სისწორე. გამოძიებას არ დაუკითხავს ამოსაცნობი პირები _ ვ. გ-ძე, ი. ყ-ლი და პ. ჭ-ძე. აღნიშნული პირები არც სასამართლო პროცესზე დაკითხულან და არ მომხდარა მათი დაპირისპირება დაზარალებულ ნ. ვ-თან.
ამავე განჩინებით, მსჯავრდებულ მ. ჭ-ეს წინასწარი გამოძიების პროცესში დანაშაულში ამხელდა აგრეთვე არასრულწლოვანი კ. ვ-ძე: რომ მან ღამით თავისი სახლის ფანჯრიდან დაინახა, მეზობელ ნ. ვ-ლს სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში ლამფა ენთო. ამ დროს შენიშნა ფანჯარასთან ვიღაც ბიჭი, რომელმაც გადასწია ფარდა. მან იცნო მ. ჭ-ძე, გაუკვირდა, ღამით მოხუც ქალთან რატომ იყო, ამ დროს მას სტუმრები არ უნდა ჰყოლოდა. გამოვიდა ეზოში და შენიშნა სამი თუ ოთხი პირი, რომლებსაც ხელში ფუთები ეჭირათ, ისინი წავიდნენ სტადიონზე, სპორტსმენთა გასახდელ შენობაში. იქიდან რომ გამოვიდნენ, ფუთები აღარ ეჭირათ. შევიდა სახლში. არც ოჯახის წევრებისათვის და არც მეზობლებისათვის, რომლებიც მამამისთან სტუმრად იყვნენ, არაფერი უთქვამს. დაწვა და დაიძინა მამასთან ერთად.
შემთხვევის ადგილის სქემის მიხედვით, ნ. ვ-სა და კ. ვ-ის სახლებს შორის მანძილი შვიდი მეტრია (კ. ვ-ის ჩვენებით _ 15-მეტრი). ეზო გაყოფილია მავთულბადის ღობით. სქემაზე არ ჩანს და არც გამოძიებას არ გაურკვევია მათი სახლების ფანჯრების განლაგება. ასევე არ შეუმოწმებია, ნამდვილად დაინახავდა და ამოიცნობდა თუ არა არასრულწლოვანი კ. ვ-ძე ღამით, ლამფის შუქზე, თავისი სახლის ფანჯრიდან ნ. ვ-ის ბინაში ფანჯარასთან მყოფ პიროვნებას _ მ. ჭ-ეს.
აღნიშნული სქემის მიხედვით, ნ. ვ-სა და კ. ვ-ის სახლებიდან საკმაოდ დიდ მანძილზეა დაშორებული სტადიონი და იქ არსებული სპორტსმენთა გასახდელი შენობა, მანამდე არის საკონსერვო ქარხნის ტერიტორია თავისი შენობა-ნაგებობებით, ცისტერნებით. სტადიონის ტერიტორიაზე მიმსვლელი პიროვნება რამდენიმე ღობეზე უნდა გადავიდეს იქ რომ მოხვდეს. გამოძიებას არ შეუმოწმებია ღამით, დაახლოებით 12 საათზე, შეძლებდა თუ არა კ. ვ-ძე საკმაოდ შორ მანძილზე დაენახა სამი თუ ოთხი პირი ფუთებით ხელში, სტადიონზე, შენობაში შესული, აგრეთვე, ის, რომ იქიდან გამოსულებს ფუთები აღარ ეჭირათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მითითებით, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს დეტალურად უნდა დაკითხულიყვნენ დაზარალებული ნ. ვ-ლი და მოწმე კ. ვ-ძე, დადგენილიყო მათ მიერ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებების სასამართლოში შეცვლის რეალური მიზეზები და მიღებულ შედეგებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მისცემოდა სწორი სამართლებრივი შეფასება.
აღნიშნული მითითებების თანახმად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 23 სექტემბრის განჩინების საფუძველზე, 2006 წლის 18 მაისს დაზარალებული ნ. ვ-ლი დამატებით დაკითხა გამომძიებელმა, რადგან იგი არის ღრმა მოხუცი, 86 წლის ქალაბატონი და მისი მიყვანა სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა. დაზარალებულმა ნ. ვ-მა დამატებით დაკითხვისას მთლიანად დაადასტურა მის გამოძიებაში მიცემული თავისი ჩვენებების სისწორე, სადაც მან დეტალურად და თანმიმდევრულად მიუთითა მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის გარემოებებზე და აღნიშნა, რომ 2002 წლის 21 იანვარს, დაახლოებით 21 საათზე, მას თავს დაესხა სამი პირი, რომელთაგან მან დეტალურად აღწერა იმ პირის გარეგნობა, რომელმაც მის მიმართ უშუალოდ განახორციელა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობა და ძალადობის მუქარა დანის გამოყენებით, აღნიშნა, რომ «მისი სახე თვალებიდან არასოდეს ამოუვა». კერძოდ, დაზრალებულმა ნ. ვ-მა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით დაკითხვისთანავე დეტალურად მიუთითა იმ პირის გარეგნულ აღწერილობაზე, ვინც მას თავს დაადგა დანით ხელში ლამპის შუქზე და რომლის ამოცნობაც მას შეეძლო. დაზარალებული თავის ყველა ჩვენებაში თანმიმდევრულად უჩვენებს ამ პირის აღწერილობით ნიშნებს, იმას, რომ მას შეეძლო ეს პირი ამოეცნო _ იგი არის დაახლოებით 170 სმ სიმაღლის, ხორბლისფერი კანით, შავი ფერის თმით, მოგრძო პირისახის, ოდნავ მოგრძო ნიკაპით, მაღალი შუბლით, შეიძლება ოდნავ შემელოტებული იყოს, მოშავო ფერის თვალებით, მას აქვს გამხდარი პირისახე და ტუჩ-ნიკაპი, სწორი ცხვირი, იქნება დაახლოებით 20-22 წლის.
დაზარალებულმა ასევე დაადასტურა ამოცნობის ოქმების სისწორე. აღნიშნული ამოცნობის ოქმების მიხედვით, დაზარალებულმა სწორედ ამ ნიშნებით ამოიცნო ჯერ ფოტოსურათით, შემდეგ კი ამოსაცნობ პირებს შორის მ. ჭ-ძე. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ამოცნობის შემდეგ მ. ჭ-ემ შეაგინა დაზარალებულს და დაემუქრა ანგარიშსწორებით, რაზეც დაზრალებულმა უპასუხა, რომ «შენ უზრდელი ხარ, მაშინაც ასეთი სიტყვებით მომმართავდი, როცა დამაყაჩაღე და მოკვლას მიპირებდიო».
ამასთან, დაზარალებულმა ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული მის მიერ ჩვენების შეცვლა სასამართლო სხდომაზე. მან განმარტა, რომ გამოძიებაში მის მიმართ ხორციელდებოდა მ. ჭ-ის ოჯახის წევრების მხრიდან ზეწოლა, კერძოდ, მ. ჭ-ის ამოცნობის შემდეგ, მას რამდენჯერმე სახლში მიუცვივდნენ და მ. ჭ-ის დედამ კონკრეტულად უთხრა, რომ «დაგწვავო», რის თაობაზეც მან განცხადებით მიმართა დასახმარებლად პოლიციას. იგი მარტო ცხოვრობს, ამიტომ ყოველთვის ეშინოდა მათი. მას ასევე დაემუქრა მისი მეზობლის _ კ. ვ-ის მამა თ. ვ-ძე, რომელმაც უთხრა, რომ «არაფერი თქვა, თუ არა, ხომ იცი, შაიკა მყავს და გაგაქრობენო». ამ ყველაფრის გამო მას ეშინოდა და ახლაც ეშინია. ამდენად, იგი იძულებული გახდა, შეეცვალა წინასწარ გამოძიებაში მიცემული მ. ჭ-ის მამხილებელი ჩვენებები. ამასთან, მან განცხადებით თხოვნით მიმართა სასამართლოს ეხელმძღვანელათ მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2006 წლის 31 მაისს სასამართლო პროცესზე გამოცხადდა დაზარალებული ნ. ვ-ლი და დაკითვისას ისევ შეცვალა ჩვენება, თუმცა მან განმარტა, რომ ჩვენებების მიცემისას არც პოლიციის და არც პროკურატურის მხრიდან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მას ახლაც ეშინია და ხელს ვერავის დაადებს.
ის ფაქტი, რომ დაზარალებულ ნ. ვ-ლს ემუქრებოდნენ, დაადასტურა მ. ჭ-ის დედამ _ ე. გ-ემ, კერძოდ, იგი ეჩხუბა დაზარალებულს, მაგრამ ხელი არ დაურტყამს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ნ. ვ-ის საქმეში წარმოდგენილი განცხადება და განმარტებები იმის შესახებ, რომ მასზე მ. ჭ-ის ახლობლების მხრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა ჩვენების შეცვლის მიზნით.
სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, დაზარალებულ ნ. ვ-ის ჩვენებების სარწმუნოება შეეფასებინა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება არ მისცა ამოცნობის ოქმის შესაბამისად, ამოსაცნობი პირების _ პ. ჭ-სა და ვ. გ-ის სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებებს და არ აღმოფხვრა მათ შორის არსებული წინააღმდეგობები. კერძოდ, მოწმე პ. ჭ-ის განმარტებით, ოთახში შესვლისას მას დახვდა ბევრი ხალხი, ერთ-ერთი ახალგაზრდა იყო თავგადახოტრილი ბიჭი. ამ დროს შემოიყვანეს მოხუცი ქალბატონი და დასვეს სკამზე. პოლიციელი ეუბნებოდა ამ ქალს, რომ თავგადახოტრილ ბიჭს დაადე ხელიო. მოხუცი ჯერ Aშეშინდა და თქვა, არ ვიციო. პოლიციელებმა უთხრეს «შენ არ იცი, ჩვენ ვიცით და დაადე იმას ხელი, თორემ ვინმემ რომ მოგკლას, ჩვენ ხელის გამძრევი არ ვართო». მოწმის განმარტებით, ეს საუბარი ხდებოდა ამოცნობისას. ამ ქალს მასზე უთხრეს, რომ ამ ბიჭს არ დაადო ხელიო. ის ყველაზე მაღალი იყო და, ალბათ, იმიტომ დააყენეს კარებისაკენ. პოლიციელების «ჩიჩინის» შემდეგ იმ ქალმა დაადო ხელი თავგადახოტრილს. ამის შემდეგ ხელი მოაწერინეს ამოცნობის დოკუმენტზე და გაუშვეს.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, ვ. გ-ემ სასამართლოს მისცა მოწმე პ. ჭ-ის ჩვენებისაგან არსებითად განსხვავებული ჩვენება. მისი განმარტებით, პოლიციელების თხოვნით იგი მივიდა პოლიციის განყოფილებაში, რათა დამდგარიყო ამოსაცნობ პირთა შორის. ამოცნობაზე დააყენეს რამდენიმე პირი, დაახლოებით 4-5 კაცი. შემდეგ შევიდა მოხუცი ქალბატონი და ერთ-ერთს დაადო ხელი, ხოლო ის გამოუშვეს. რომელს დაადო ხელი, არ იცის. მოხუც ქალბატონსა და მსჯავრდებულ მ. ჭ-ეს შორის რაღაც კამათი დაიწყო იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა მას დაადო ხელი.
ამდენად, მოწმე ვ. გ-ეს არ უჩვენებია იმის შესახებ, რომ პოლიციელების მითითებით დაზარალებულმა ნ. ვ-მა დაადო ხელი მ. ჭ-ეს, რომელიც იყო თავგადახოტრილი. პალატას ეს გარემოება არ გამოუკვლევია არა მარტო ამ მოწმის, არამედ ასევე ამოსაცნობ პირთა შორის მყოფი, ი. ყ-ის და ამოცნობის დამსწრე პირების _ ც. ე-ის და ნ. გ-ის დაკითხვებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამოცნობის ოქმის მიხედვით, როგორც ამოსაცნობ პირებს _ პ. ჭ-ეს, ვ. გ-ეს, ი. ყ-ლს, ასევე, ამოცნობის დამსწრე პირებს _ ც. ე-ეს და ნ. გ-ეს დადასტურებული აქვთ თავიანთი ხელმოწერებით ამოცნობის ოქმის სისწორე. ოქმის თანახმად კი, დაზარალებულმა ნ. ვ-მა მ. ჭ-ძე სხვა აღწერილობითი ნიშნების გარდა, ამოიცნო ასევე _ თმის ფერითაც, რაზეც ოქმში არავისგან შენიშვნა არ არის მითითებული. ამდენად, სასამართლომ არა მარტო შეფასება არ მისცა აღნიშნულს, შეკითხვაც კი არ დაუსვამთ მოწმე პ. ჭ-სათვის იმის შესახებ, რომ თუ მ. ჭ-ეს თმა არ ჰქონდა და იყო თავგადახოტრილი, მაშინ როგორ ამოიცნო დაზარალებულმა იგი თმის ფერით და თუ აღნიშნული რეალობაა, ხელი რატომ მოაწერა ამოცნობის ოქმს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე სათანადო შეფასება არ მისცა არასრულწლოვანი მოწმის _ კ. ვ-ის მიერ გამოძიების პირველ ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. იგი განმარტავს, რომ ღამით თავისი სახლის ფანჯრიდან დაინახა, რომ მეზობელ ნ. ვ-ლს სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში ლამფა ენთო. ამ დროს შენიშნა ფანჯარასთან ვიღაც ბიჭი, რომელმაც გადასწია ფარდა. მან იცნო მ. ჭ-ძე, გაუკვირდა, ღამით მოხუც ქალთან რატომ იყო, ამ დროს მას სტუმრები არ უნდა ჰყოლოდა. გამოვიდა ეზოში და შენიშნა სამი თუ ოთხი პირი, რომლებსაც ხელში ფუთები ეჭირათ, ისინი წავიდნენ სტადიონზე, სპორტსმენთა გასახდელ შენობაში. იქიდან რომ გამოვიდნენ, ფუთები აღარ ეჭირათ. შევიდა სახლში. არც ოჯახის წევრებისათვის და არც მეზობლებისათვის, რომლებიც მამამისთან სტუმრად იყვნენ, არაფერი უთქვამს, დაწვა და დაიძინა მამასთან ერთად.
ნ. ვ-ის წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებებით დადასტურებულია მოწმე კ. ვ-ის ჩვენების ის ნაწილი, რომ მან ღამით თავისი სახლის ფანჯრიდან დაინახა მეზობელ ნ. ვ-ლს სახლის მეორე სართულზე, საძინებელ ოთახში ლამფა ენთო. ამ დროს შენიშნა ფანჯარასთან ვიღაც ბიჭი, რომელმაც გადასწია ფარდა.
სააპელაციო პალატა გავიდა შემთხვევის ადგილზე იმ გარემოების გადამოწმების მიზნით, არასრულწლოვან კ. ვ-ეს თავისი სახლის ფანჯრიდან შეეძლო თუ არა დაენახა და ასევე ეცნო მეზობელ ნ. ვ-ის სახლის მეორე სართულზე, ლამფის სინათლეზე ფანჯარასთან მდგომი ვიღაც ბიჭი, რომელმაც გადასწია ფარდა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შემდეგ, იმავე ადგილზე და იმავე პირობებში, მხედველობაშია ღამის დრო, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ ვითარებაში შესაძლებელი იყო პიროვნების შეცნობა, მითუმეტეს, რომ სახე ნაცნობი იყო.
მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ სათანადო შეფასების გარეშე დატოვა და არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოწმე კ. ვ-ძე მ. ჭ-ეს იცნობდა, უფრო მეტიც, იგი თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ ისინი სისხლით ნათესავები არიან და მისი ფანჯრიდან დანახვის შემთხვევაში ადვილად ამოიცნობდა.
სააპელაციო პალატამ კ. ვ-ის აღნიშნული ჩვენებების სარწმუნოების თვალსაზრისით, შეფასების გარეშე დატოვა ასევე ის გარემოება, რომ 2002 წლის 24 იანვარს, მომხდარი შემთხვევიდან 2 დღის შემდეგ, სწორედ კ. ვ-ის ჩვენების საფუძველზე იქნა ამოღებული ნ. ვ-ის სახლიდან ყაჩაღური გზით გატაცებული ხელჩანთები სპორტსმენთა გასახდელი შენობიდან.
პალატის მიერ ასევე შეფასების გარეშეა დატოვებული, საკასაციო პალატის მითითების შესაბამისად, კ. ვ-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების სარწმუნოების გადამოწმების მიზნით, კერძოდ, იმის დასადგენად, თუ რა მანძილი იყო კ. ვ-სა და ნ. ვ-ის სახლებს შორის და თვალთახედვას რაიმე ხომ არ უშლიდა ხელს, შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი. ოქმის მიხედვით, თ. ვ-ის საცხოვრებელი სახლის საძინებელი ოთახის ფანჯრიდან შვიდ მეტრში მდებარეობს ნ. ვ-ის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე განთავსებული ფანჯრები. კ. ვ-სა და ნ. ვ-ის სახლებს შორის აღნიშნული ფანჯრიდან მოჩანს მავთულის ღობე, რომელიც ყოფს მათ ეზოებს. ნ. ვ-ის ეზოში სახლებს შორის არის ლითონის მილებისაგან დამზადებული ვაზის ტალავერი, რომელიც თვალთახედვას ხელს არ უშლის.
საკასაციო პალატის მითითების მიუხედავად, პალატამ შეფასების გარეშე დატოვა მოწმე კ. ვ-ის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული განმარტება იმის შესახებ, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. აღნიშნული ზეწოლის ფაქტს არ უარყოფდა თვითონ მ. ჭ-ის დედა, რომელიც ეჩხუბებოდა მოწმეს იმის გამო, რომ მიცემულიHჰქონდა მისი შვილის საწინააღმდეგო ჩვენება. სასამართლომ ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოწმე ორჯერაა წინასწარი გამოძიების დროს დაკითხული და ორივე შემთხვევაში იგი დანაშაულში ამხელს მ. ჭ-ეს. მის დაკითხვებს კი ესწრებიან როგორც მისი ახლობელი, ასევე პროკურორი და პედაგოგი და არსად მასზე ზეწოლის შესახებ არც მას და არც მის ახლობლებს გაცხადებული არა აქვთ. უფრო მეტიც: პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ასევე მოწმის სახით დაკითხული პედაგოგის _ ბ. ი-ის როგორც ვანის რაიონულ სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში მიცემული განმარტება იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი მოწმის _ კ. ვ-ის დაკითხვა დაიწყო და დამთავრდა მისი თანდასწრებით. რაიმე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, პირიქით, გაიცინა კიდეც. ამ უკანასკნელმა ჩვენება ჩამოაყალიბა თავისი ხელით და გამომძიებლის შეკითხვებს პასუხობდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის გამამართლებელი განაჩენი მ. ჭ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს დეტალურად უნდა დაიკითხონ მოწმეები _ ვ. გ-ძე, ი. ყ-ლი და პ. ჭ-ძე, ასევე ამოცნობის დამსწრე პირები ზემოაღნიშნულ გარემოებებთან მიმართებით და მიღებულ შედეგებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელახალი სასამართლო განხილვის დროს, კიდევ ერთხელ გულდასმით უნდა შემოწმდეს და გამოკვლეულ იქნეს წინასწარი გამოძიებისა და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღმოიფხვრას არსებული წინააღმდეგობები და აღნიშნული გამოკვლევის შემდეგ მოხდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ მ. ჭ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.