სისხლის სამართლის 08.01.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

4-აპ 19 დეკემბერი, 2006წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),ი. ტყეშელაშვილი,ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. პ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ა. ჯ-ვი დმანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

განაჩენის მიხედვით, ა. ჯ-ვს ბრალი დაედო პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ქურდობის ჩადენაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, და რაც ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2002 წელს ა. ჯ-ვი, ზ. ს-თან ერთად, სტუმრად იმყოფებოდა დმანისის რაიონის სოფ. --- ქ. თბილისში მცხოვრებ ი. ი-თან. ამ უკანასკნელმა სტუმრებს შესთავაზა, მოეპარათ სოფ. --- მცხოვრები კ. ი-ის კუთვნილი ცხენები, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე დღეს, ღამის საათებში, ი. ი-ვი, ა. ჯ-ვი და ზ. ს-ვი თავიანთი კუთვნილი ცხენებით მივიდნენ კ. ს-ის კარავთან, საიდანაც გაიტაცეს ორი ცხენი და ერთი კვიცი, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 750 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ. პ-ამ, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ ა. ჯ-ის მიმართ დანიშნული პირობითი სასჯელის გაუქმება და მისთვის რეალური სასჯელის_ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა პროკურორ ბ. პ-ას სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს განაჩენი.

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ. პ-ამ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი ა. ჯ-ის მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას სასჯელის დამძიმების მიზნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია ობიექტურად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით, შესაბამისი კანონის სანქციით დადგენილ ფარგლებში, რაც ჩაუთვალა პირობით. სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, არის დასაბუთებული და სამართლიანი. რაც შეეხება იმ გარემოებებს, რომლებზეც მითითებულია პროკურორის საკასაციო საჩივარში და რომელთა საფუძველზე იგი ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, ისინი ერთობლიობაში არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის საუარესოდ განაჩენის შეცვლისთვის, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი ამ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ბ. პ-ას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: როგორც რაიონული სასამართლოს, ასევე სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით Mმსჯავრდებულ ა. ჯ-ვს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» და «გ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ქვეპუნქტით ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც ამჟამად აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. ეს გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელი, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს ა. ჯ-ისNმიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტთან.

რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ჯ-ის ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ქურდობისათვის ახალი კანონით სასჯელი გამკაცრდა, აღნიშნულ ნაწილში განაჩენი მსჯავრდებულ ა. ჯ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამკაცრებს, უკუძალა არ გააჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბ. პ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 3 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ა. ჯ-ის მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულ ა. ჯ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.